„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს ოპონენტების ფული. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს დაიბრუნა ბანკი „ქართუ“, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაიმე მიზეზს კვლავ მოძებნიან და ისევ დააჯარიმებენ ბანკს. ეცდებიან ყველანაირად დაბლოკონ, როგორც ივანიშვილის, ისე კალაძის ფული, რადგან ხელს არ აძლევთ ვინმემ ისეთი ოპონირება გაუწიოს, რაც შემდგომში საარჩევნო შედეგებზე იმოქმედებს“, - გვითხრა საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა:
- როდესაც პოლიტიკურ ძალებს შეეძლოთ გაეპროტესტებინათ ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში“, თქვეს, - ხელისუფლება ამ კანონით ვერ შეგვაჩერებსო და უკვე ვხედავთ, რამხელა პრობლემები შეუქმნეს ოპოზიციას ბანკების, ფირმების, ფულის დაყადაღებით და ანგარიშების მონიტორინგზე დასმით. ბევრი ჩვენი მოქალაქის ანგარიში მონიტორინგზეა იმის გამო, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურის თანხმობის გარეშე ბანკი ვერანაირ საბანკო ოპერაციას ვერ განახორციელებს ამ ანგარიშებზე.
მაშინ როდესაც ოპონენტებს ზღუდავს, თავად ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს. ხელშეკრულებებს დებს ახალ-ახალ ლობისტურ კომპანიებთან, რათა მისი სახე უფრო დემოკრატიული გამოჩნდეს აშშ-სა და ევროპაში. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციის მოქმედების არეალი შეზღუდოს და სწორედ ეს არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ხელის ერთი მოსმით აყადაღებენ ანგარიშებს. ადამიანების დაყადაღება არ შეუძლიათ, თორემ სიამოვნებით დააყადაღებდნენ ივანიშვილს, კალაძეს, მთელ „ქართულ ოცნებას“ და კიდევ სხვა პოლიტიკურ ძალებს.
ასეთი პრობლემები არ იქნებოდა სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი რომ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისეთია, რომ ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ სურვილის საფუძველზე შეუძლიათ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მანქანა აამოქმედონ ორგანიზაციისა თუ პიროვნების წინააღმდეგ.
კახი კალაძის საქმეში სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. „ქართული ოცნების“ ლიდერს და მის თანაგუნდელებს ეს წინასწარ გათვლილი უნდა ჰქონოდათ, როდესაც გადაწყვიტეს ოპონირება გაეწიათ ისეთი მონსტრისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 80 მლნ ლარიანი ჯარიმა გადაიხადა კახეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ხელისუფლებამ განაცხადა, - ეს ხალხის დასახმარებლად კი არა, ბანკის დასაბუნებლად გააკეთაო.
- ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს სამი ვარიანტი ჰქონდა: პირველი - გადაეხადა ჯარიმა, მეორე - არ გადაეხადა ჯარიმა და ხელისუფლება პირისპირ დაეტოვებინა დაზარალებულ მოსახლეობასთან. ბუნებრივია, ხელისუფლება ისე ვერ დაეხმარებოდა ხალხს, როგორც მათ სჭირდებათ და შედეგად მოსახლეობა დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, რაც ივანიშვილს პოლიტიკური დივიდენდების მიღების საშუალებას მისცემდა.
ივანიშვილმა აირჩია მესამე ვარიანტი - დაელოდა ხელისუფლების მიერ კომპენსაციის თანხის გამოცხადებას და მერე გადაიხადა 80 მლნ. მოსახლეობის დასახმარებლად. ერთი შეხედვით, ივანიშვილმა ამ სვლით ორი კურღელი მოკლა: პირველი - დაიბრუნა ბერკეტები ბანკ „ქართუში“ და მეორე - კახელების გული მოიგო. რადგან მოსახლეობას ხელისუფლება უკვე დაპირდა 300-1500 ლარამდე დახმარებას, ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში 80 მლნ ლარის შეტანის მერე დაზარალებულებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ დაპირებულზე მეტი უნდა მისცეთ. ხელისუფლება სავარაუდოდ არ გაზრდის კომპენსაციის თანხას, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა, მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას უფრო არჩევნების მერე ველოდები, რადგან არჩევნებამდე ხელისუფლება ეცდება პიარმანქანა ამუშავოს იმის საჩვენებლად, თუ როგორ უდგას მოსახლეობას გვერდში.
ივანიშვილის ადგილზე ბოლომდე არ ვაღიარებდი ჯარიმას და არც გადავიხდიდი. ივანიშვილს შეეძლო ვა-ბანკზე წასვლა - დაეტვირთა მანქანები სამშენებლო მასალით და ჩაეტანა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში. აბა, მაშინ ეთქვა ხელისუფლებას - მოსახლეობის მოსყიდვა ხდებაო, მაშინვე დაიმსახურებდა დაზარალებული მოსახლეობის რისხვას.
გარდა ოპონენტებისა, ხელისუფლება მოქალაქეების საარჩევნო უფლებებსაც ზღუდავს. ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ბრძანების საფუძველზე შესაძლოა უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.
- სასაცილო ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი მხრივ, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეებს მისცა როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება და მეორე მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ბევრ ჩვენს მოქალაქეს წაართვა კონსტიტუციით გარანტირებული ხმის მიცემის უფლება.
როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, რომელთაც დაიწყეს საქართველოდან არალეგალურად წასული ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია. საქართველოს ხელისუფლებამ გათვალა, რომ არალეგალი მოქალაქეების ხმები მასზე არ იქნებოდა ორიენტირებული და... ჯერ პრობლემა შეექმნა სერვერს, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა (ინტერნეტით) საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, მაგრამ რადგან ემიგრანტები არ შეეპუენ ამ პრობლემას, ხელისუფლებაში დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეექმნათ მათთვის პრობლემა ხმის მიცემისას და უცებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც, შესაძლოა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს არალეგალ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდოთ. უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა რომ მისცენ, საკონსულოში აღრიცხვაზე უნდა დადგნენ, აღრიცხვაზე დადგომისთვის კი აუცილებელია ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რომელსაც ადგილობრივი პრეფექტურები გასცემენ. ამ ცნობის აღება ჩვენი არალეგალი მოქალაქეებისთვის პრობლემაა, რადგან ამ ცნობას ადგილობრივი პოლიციის მიერაც სჭირდება დადასტურება. არალეგალი მოქალაქე როგორც კი მივა ადგილობრივ პრეფექტურაში, დეპორტაცია ემუქრება.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ადვილია საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი ადამიანებისთვის. ლეგალურად უცხოეთში კი ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და დიპლომატების ოჯახები არიან. ისინი ვისაც მისცემენ ხმას, ცხადია.
საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება არის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ამას უთუოდ უნდა მოჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების და ასევე უცხოური ორგანიზაცების რეაგირება. გრიგოლ ვაშაძემ ხელის ერთი მოწერით ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა ხმის მიცემის უფლება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და ამ ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ სახელმწიფოს ატრიბუტიკად მიაჩნია.
NDI-ის, გრინბერგისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის შემდგომ საზოგადოებამ IRI-ს კვლევაც იხილა. რით ახსნით იმას, რომ ყველა კვლევამ განსხვავებული პოლიტიკური რეიტინგი აჩვენა?
- ამ ოთხივე ორგანიზაციას პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია და ოთხივე იტყვის, რომ მაღალ დონეზე აქვთ დამუშავებული კითხვები. თუმცა, კვლევების განსხვავებული შედეგები ადასტურებს, რომ ამ გარემოში ჩატარებული კვლევა ვერ ასახავს ამომრჩევლის რეალურ განწყობას. ამიტომაც ვერცერთს ვერ დავუჯერებ. IRI-ის კვლევით, რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა, მოხდა ირიბი დადასტურება იმისა, რომ კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“ ლიდერი. რამდენადაც ვიცი, „ქართულ ოცნებაში“ ბევრს გაუხარდა, რომ IRI-ის კვლევაში „ქართულ ოცნებას“ 24% ჰქონდა ( NDI-ს კვლევით - 18%), მაგრამ IRI-ის კვლევის მთავარი მესიჯი ის არის, რომ მმართველი პარტია, თითქმის, 100 %-ით უსწრებს მასთან რეიტინგით ყველაზე ახლოს მყოფ ოპონენტს. ასეთი ტიპის კვლევები განკუთვნილია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის აზრის შესაქმენელად. თუკი არჩევნების დროს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ასეთივე შედეგი ექნებათ და ეს ოპოზიციამ გააპროტესტა, უცხოელებს გაუკვირდებათ ოპოზიციის უკმაყოფილება. მათ ძალიან გაუჭირდებათ იმის დაჯერება, რომ არჩევნების შედეგი რეალობას არ შეესაბამებოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლახან გამოქვეყნებული დეკლარაციით პოლიტიკურ ძალებს თამაშის წესების დადგენა და ე.წ. „პატიოსანი ბრძოლა“ შესთავაზა. რეალურად რას ემსახურება ეს შეთავაზება?
- ასეთი დოკუმენტის შედგენის იდეა არასამთავრობოებს გვქონდა, მაგრამ უცებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა ეს დეკლარაცია. ბევრი პოლიტიკური სუბიექტი არ მოინდომებს იმ დოკუმენტზე ხელის მოწერას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ კარნახობს. დავით ბაქრაძემ გამოაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ შეთავაზებულ 17 პუნქტს ერთ-ერთ პუქტად დაამატებენ თავიანთ დეკლარაციას. აქ ჩანს მცდელობა, რომ ამ დოკუმენტის ავტორი იყოს ნაცმოძრობა, რაც მგონია, ემსახურება უცხოელებისთვის იმ სურათის შექმნას, რომ ხელისუფლება ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ამავდროულად ქმნიან ფონს, რომ ასეთ პუნქტებზე ხელმოწერისაგან თავს იკავებენ ოპოზიციური პარტიები. ეს პოლიტიკური თამაშია. ხელისუფლება კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილება და დეკლარაციის მოთხოვნას დაემორჩილება? ეს დოკუმენტიც უცხოელებისთვის საჩვენებლად უნდათ. აქაოდა, სამართლიან გარემოს ვქმნით 2012 წლის არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლადო. ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე როგორ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ეს დოკუმენტი იმუშავებს?
ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობს მედიის თავისუფლებაზე, მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „კავკასიას“ 2,5 ლარის გამო ანგარშებს უყადაღებენ და 5-6 მილიონს პატიობენ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს. ამით ხომ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი კონკურენტული გარემო ირღვევა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ გჯერათ იმ ხელშეკრულებისაც („ხელშეკრულება საქართველოს“), რომელიც სრულიად საქართველოს შესთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
- მიშა სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია. კვლევებში ნახა, რომ ხალხი მისი მმართველობით უკმაყოფილოა. ამიტომაც ცდილობს, საკუთარი თავი და მერაბიშვილი გამიჯნოს მმართველი გუნდისაგან და ხელშეკრულებაც კი შესთავაზა საქართველოს მოსახლეობას (ამ ხელშეკრულებაზე სააკაშვილის და მერაბიშვილის ხელმოწერებია). ასეთივე ხელშეკრულება სააკაშვილს 2002 წელსაც ჰქონდა თბილისელებთან, რომელთაც სხვა სიკეთეებთან ერთად ანაბრების დაბრუნებასაც ჰპირდებოდა, მაგრამ მერე ითქვა - ეს ხელშეკრულება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აგიტაციის ერთ-ერთი მასალა იყო. „ხელშეკრულება საქართველოსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზე გამოჩნდა და ბეჭედიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულებაც პარტიული წინასარჩევნო კამპანიის ნაწილია.
მიხეილ სააკაშვილმა კახეთში თავის წარმომადგენლად დანიშნა ლევან ბეჟაშვილი, მაშინ როდესაც კახეთს ჰყავს გუბერნატორი (პრეზიდენტის რწმუნებული) ღვინიაშვილი. რეალურად რა მისიით მიავლინეს ბეჟაშვილს კახეთში?
- კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას ლევან ბეჟაშვილმა აჩვენა, რომ არაპრინციპული ადამიანია. მას არ აინტერესებდა რატომ იღებდენენ მინისტრები თვეში, ლამის, ორჯერ პრემიას, მაგრამ ძალიან პრინციპული აღმოჩნდა პოლიტიკური სუბიექტების მონიტორინგის დროს. სინამდვილეში ბეჟაშვილი კახეთში იმ თანხების მაკონტროლებლად მიავლინეს, რაც ამ რეგიონისთვის გამოიყო. ბეჟაშვილი იზრუნებს, რომ ეს თანხები ეფექტურად მოხმარდეს ხელისუფლების პიარს და პროპაგანდას. რეალურად, ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსად კახეთის რეგიონში. მას დაავალებენ ყველა იმ ღონისძიების კოორდინაციას, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო ხმების მობილიზაციას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ყულაბაში.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაც კი დაუწუნა და თქვა, - რაც ივანიშვილმა გააკეთა, ისევ თავიდან გასაკეთებელიაო.
- ეს ძალიან დაუფიქრებელი განცხადებაა და იმას ნიშნავს, რომ ფული, რაც ივანიშვილმა ხელისუფლებას საქმის გასაკეთებლად მისცა, საქმეს არ მოახმარეს, ყველა ცდილობდა ეს ფული სახლში წაეღო და შედეგად სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. ივანიშვილს რაც მოსთხოვეს, იმდენი მისცა და თუ რემონტი ხარისხიანად ვერ გაკეთდა ნიშნავს, რომ ნახევარი სახლებში აქვთ წაღებული იმ სამშენებლო ფირმების მეშვეობით, რომელიც ოჯახის წევრებზე აქვთ დარეგისტრირებული.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. რას იტყოდით მთავარ პოლიტიკური ოპონენტებზე?
- ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ვფიქრობ, ამიტომაც ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ხელისუფლების ეტაპობრივ ცვლაზე. ივანიშვილმა აჩვენა, რომ ძალიან კარგი ორგანიზატორია. ხალხის ასე ორგანიზებულად გაყვანა ქუჩაში და ორგანიზებულად დაშლა მეტყველებს, რომ ივანიშვილმა იცის ორგანიზებულად მართვა. როდესაც პოლიტიკოსს ხალხის ქუჩაში ორგანიზებულად გაყვანის უნარი აქვს, ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემაა. ივანიშვილს თუ დასჭირდა, შეძლებს ხალხის თბილისში მობილიზებას და ხალხის განწყობის აბუჩად აგდება ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას.
დარწმუნებული ვარ ხელისუფლება არჩევნების მერე წავა დათმობაზე, შეიქმნება კოალიციური მთავრობა და მოხდება სააკაშვილის ხელისუფების დროში გაწელილი, ეტაპობრივი ჩანაცვლება. ვფიქრობ, აშშ-ის ინტერესიც უნდა იყოს, რომ ყველაფერი კოალიციური მთავრობის შექმნით დამთავრდეს. ივანიშვილი ძალიან კარგი მენეჯერია და მისნაირი ადამიანი მხოლოდ ემოციის გამო არ გადაწყვეტდა პოლიტიკაში მოსვლას. ვფიქრობ არიან სახელმწიფოები (შესაძლოა ეს აშშ-სა და რუსეთის შეთანხმების საგანიცაა), რომლებიც ფიქრობენ, რომ საჭიროა ქართული სახელმწიფოს ახალ ეტაპზე გადაყვანა. პირველი რვაწლიანი ეტაპის განმავლობაში საქართველოში მოხდა ადმინისტრაციული ინსტიტუტების გაძლიერება, გაჩნდა კანონის შიში, მეორე ეტაპი იქნება დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანოსა და მთვარობის შექმნა, მესამე ეტაპი კი იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. რადგან ოპოზიციის კოორდინაცია ვერა და ვერ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ გარკვეულმა წრეებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს სტაბილური განვითარებით, ივანიშვილს სთხოვეს ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. აშშ-ის ინტერესშია საქართველოს ეტაპობრივი განვითარება დემოკრატიული კუთხით. თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ჩვენს მეზობლებს უთხრან, - თუ თქვენ ნათესავებს ნიშნავთ თანამდებობებზე, საქართველოში, რომელიც ჩვენ დემოკრატიის შუქურად გამოვაცხადეთ, პროცესები დემოკრატიულად განვითარდა და კოალიციური მთავრობა ჰყავთო. აქ რომ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდეს და ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია ცუდად წავიდეს, აღარავის გაუჩნდება სურვილი ჩაებას ისეთ პროქტში, როგორიც იყო ვარდების რევოლუცია. იფიქრებენ, - აშშ ჩვენც გადაგვაგდებსო.
ამიტომაც ვვარაუდობ, რომ არჩევნებამდე იქნება ძალის დემონსტრირება და ნერვების ომი, რაც კოალიციური მთავრობის იდეის გამარჯვებით დასრულდება.
არჩევნების რთულ პერიოდს მეტად ამძიმებს ჩვენს საზღვართან დაგეგმილი სამხედრო წვრთნები “კავკასია 2012”. ეს ფაქტი არ გეჩვენებათ საფრთხის შემცველად?
- არ ვფიქრობ, რომ ასეთი წვრთნები რაიმე საფრთხეს უქმნის საქართველოს. ბოლო პერიოდში საქართველოში არ მახსოვს არჩევნები, რომელის პარალელურად ასეთი წვრთნები არ მიმდინარეობდა, მაგრამ არაფერი მომხდარა.