ნუკრი ქანთარია: „ვაშაძე სააკაშვილის ყურმოჭრილი მონების რიგშია“

ნუკრი ქანთარია: „ვაშაძე სააკაშვილის ყურმოჭრილი მონების რიგშია“

 

„ყველა ოჯახში ვაპირებთ შესვლას და მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, რაც მთელ საქართველოშია, ისანშიც ის პრობლემებია და განსხვავებული ვერ იქნება“, ამბობს რეჟისორი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდება. ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება და რა აძლევს ამის რწმენასა და იმედს ამაზე თავად გვესაუბრება:

- ყველგან საერთო გასაჭირია, ეს არის უმუშევრობა, ჯანდაცვის პრობლემები, შრომის უფლება, და ა.შ. მაგრამ არის კიდევ კონკრეტული პრობლემები უბნების მიხედვით რომელიც არსებობს და რომელიც ალბათ საერთო სამოქმედო გეგმაში უნდა შევიდეს. ზოგი საკითხი მალე შეიძლება მოგვარდეს, ზოგიერთი საკითხს კი ერთიან გეგმაში მოქცევა სჭირდება.

აქ არიან მიწისძვრით დაზარალებულები, არის ასევე ავარიული კორპუსები, ძალიან ბევრია სახლები, სადაც წყალია უკვე შესული. ესენი რომ დარბიან და ქალაქებს, ხიდებს და შადრევნებს აშენებენ, ამისთვის, მიეხედათ, უკეთესი იქნებოდა.

თვითონ პრეზიდენტის სასახლის გვერდით არის წითელ ზოლში მოქცეული ხალხი, რომელიც სულს ღაფავს და ცოტა გვერდზეც რომ გამოეხედა სააკაშვილს, უკეთესი იქნებოდა, ვიდრე არარსებულ ქალაქში სახლების მშენებლობა.

რამდენადაც ცნობილია, თქვენი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძე ინვესტორების მიყვანასა და ამ ძველი უბნების განახლებას პირდება ხალხს...

- ინვესტორები რომ შემოვიდნენ, ჯერ გარემო უნდა შეიცვალოს. ახლა არჩევნებია და დაპირებები იქნება ბევრი, ყველა ერთსა და იმავეს გაიმეორებს. ყველამ კარგად იცის, წლების მანძილზე რა პრობლემები აქვს მოსასხლეობას, დაიზეპირებენ და ერთი ერთზე გაიმეორებენ.

ყველამ კარგად იცის, ვის რა გაუკეთებია, როდის და ვის რა დროს ახსენდება ადამიანები და ოჯახები, არჩევნების დროს თუ – მანამდე. ამათ ჰქონდათ შანსი, რაღაც გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან სხვა საქმეებით დაკავდნენ, რეკეტიორობით და ხალხისგან ფულის ამოღებით და ახლა, როცა უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე, შეუდგნენ დაპირებების ჩამორიგებას. შეიძლება, ინვესტორებად ვიღაცეებიც მიიყვანონ, მაგრამ ახლა ესენი აღარაფრის გამკეთებლები აღარ არიან, ვეღარ მოასწრებენ და არც აქვთ ამის რეალური სურვილი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, უნარიც არ გააჩნიათ, რადგან მათ საკმარისი დრო ჰქონდათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ვაშაძე იქნება ეს თუ კვაჭაძე, პიროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ პიარი და ტყუილი დაპირებები, გარანტიების მიცემა მათ არ შეუძლიათ, რადგან მათი წარსული არ იძლევა გარანტიას.

თუმცა მათ ხელში აქვთ ადმინისტრაციული რესურსები...

- შეეცდებიან, რომ ამ ორ თვეში რაღაც მოჩვენებითი გააკეთონ, ვიღაცას კომუნალურ გადასახადს გადაუხდიან, ვიღაცას ბინებს დაუკანონებენ, შეიძლება ვიღაცას თუ სოციალური დახმარება მოხსნილი აქვს, ისევ დაუნიშნონ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ერთჯერადი და ხალხი ამას არ დაიჯერებს, რადგან მერე ერთიათად მოხდება უკან ამოღება და რაც არაერთხელ მომხდარა.

ახლა გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ყურმოჭრილი მონების რიგშია და მას დავალებული აქვს დეპუტატობა, არ მგონია მას ხალხის პრობლემები აღელვებდეს. ის არ არის იმ წონის ფიგურა, რომ რაიმე რეალური გააკეთოს. ამ ადმინისტრაციული ბერკეტებით რაღაცას მოახერხებს, ათასი ზღაპრები იქნება.

ადრეც დაპირებიან, მაგრამ ადამიანებმა ხომ იციან, რა შესრულდა და რა – არა! ამიტომ, საკუთარ თვალებსა და ყურებს უნდა დაუჯერონ და არა სააკაშვილის ზღაპრებს. ამათ პასუხისმგებლობა რომ ჰქონოდათ, აქამდე რაღაცაზე იზრუნებდნენ, მაგრამ ახლა წავა, დაპირებების კორიანტელი და არ მინდა ამაში მეც მივიღო მონაწილეობა.

ჩვენ რასაც ვიტყვით, იმას გავაკეთებთ და აქ ჩემი გამარჯვება კი არ არის მთავარი, ყველამ უნდა გავიმარჯვოთ, რომ რაღაც შევცვალოთ. გარანტია არის ის ადამიანი, ვისი წარმომადგენლებიც ჩვენ ვართ - ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ზედმეტს არაფერს არ დავპირდებით, მაგრამ რასაც ვიტყვით, იმას აუცილებლად შევასრულებთ.

ის განწყობა თუ დაინახეთ, რომ ხალხს მობეზრდა ის, რაც არის?

- ისე, როგორც მთელ საქართველოში, აქაც შეცვლილია განწყობა. არის შიშისა თუ თავშეკავების მომენტები. იშვიათად – არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფანატიკოსებც, რომლებიც იყვნენ და რაღაც დროის განმავლობაში ჯერ კიდევ იქნებიან. არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე თავი შეიკავოს და შემდეგ საარჩევნო ურნასთან გადაწყვიტოს. მაგრამ შტაბში უკვე დაიწყო იმ ხალხის მოძრაობა, რომლებიც საკუთარი ენთუზიაზმით მოდიან და გვთავაზობს, რაში დაგეხმაროთო. ეს არ იყო წინა არჩევნებზე. ამაშია ძალიან დიდი განსხვავება, რომ გამოვიდა ხალხის უკვე დიდი ნაწილი და დანარჩენსაც გამოვიყვანთ და თან ყოველ შემთხვევაში, გავუქრობთ იმ შიშს, რომ საარჩევნო ყუთებთან მათ არავინ არ უთვალთვალებს და კაბინაში მათ არავინ არ უყურებს.

გრძნობენ, რომ ეს ამათი ბოლო გაფართხალებაა, ახლა ისევ დაიწყეს ძველი მეთოდების ამოქმედება, ციხეებიდან ხალხის გამოშვება... ეს ყველა რაიონში ხდება, ამ ადამიანებს დავალებული აქვთ, რომ დაშინებითა და კრიმინალური მეთოდებით ზეწოლა მოახდინონ ხალხზე.

ახლა იწყება ეს პროცესი და ამის პრევენცია აუცილებლად მოხდება, მე მათაც მინდა მოვუწოდო, რომ ნუ გაიუბედურებენ მომავალს, რადგან მერე ისევ შეაბრუნებენ ციხეებში და ჯობს დროზე შეჩერდნენ, ვიდრე ჩვენ შევაჩერებთ, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა.

ბოლო დროს ხალხთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისას გახშირდა პროვოკაციები, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხალხია ეს თუ – „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურიანები, ცდილობენ ჩაშალონეს შეხვედრები. როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა სურს ამით ხელისუფლებას?

- ამათ ახლა სიტუაციის უკან შემოტრიალება სურთ მაგრამ ვეღარ შემოატრიალებენ. ასევე სურთ, აჩვენონ დამკვირვებლებსაც, ელჩებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომ არ არიან ესენი სრულ უპირატესობაში და არის ხალხი, რომელიც ღიზიანდება ამათი გამოჩენით, მაგრამ ეს ისეთი თეთრი ძაფით არის ნაკერი... თუნდაც, კარალეთში რაც მოხდა, ისე დადგმული სპექტაკლებია, ძალით გაღიზიანებულ ხალხს მაშინვე შენიშნავ, აშკარად ჩანს, მათი ვალდებულებაა, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ.

ეს ერთი და იგივე ხალხი გადაყავთ და გადმოყავთ. შეიძლება ყველგან მოძებნონ ვინმე ისეთი, ვინც დაიწყევლება და ა.შ. მაგრამ ეს ამათ ვეღარ უშველის, ეს ყველაფერი ხელოვნურია და როდესაც ადამიანი ამ მეთოდებს მიმართავს, ე.ი. ძალიან ცუდად აქვს საქმე. ხომ უნდა გავაკეთოთ აქედან დასკვნები.

როდესაც ადამიანს ძალიან უჭირს, ასეთ სპექტაკლებს მაშინ დგამს. ის ამბავიც დადგმული მგონია, ვითომ მიშასთან შეხვედრის დროს ის ქალი რომ გაიყვანეს და მერე მივიდა და ჩაეხუტა. ახლა ესენი რაღაც სცენარების მოფიქრებას იწყებენ, მაგრამ ამას იმდენად უნიჭოდ აკეთებენ, რომ პირიქით – აღიზიანებენ ხალხს. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ასეთი ვალდებულებით ჰყავთ დაჭერილი, სამარადისოდ სინანულში აგდებენ, რადგან ორ-სამ თვეში უკვე ძალიან გაუჭირდებათ გამართლება იმისა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე და ესეც უკვე გავლილი გვაქვს ჩვენ და ვიცით.

ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის, რომ შესაძლოა საზოგადოების გახლეჩვა მოხდეს და საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს. თქვენც თუ ხედავთ მსგავს ნიშნებს?

- სწორედ ამას ცდილობენ და ამისკენ მიჰყავთ თითქოს ყველაფერი, მაგრამ ისეთ უმრავლესობაში მოვდივართ ჩვენ და ამას ზაფხულშივე ნახავთ, რომ ეს გეგმა განუხორციელებელია და კინკლაობის დონეზე დარჩება.

ხალხი რომ მასიურად გაიყოს და დაპირისპირება მოხდეს, ასე არ იქნება, ეს ხომ არ არის იდეური ბრძოლა, მეორე მხარეს იდეა ხომ არ არის, არის ვალდებულება და დაშინებული, დაჭერილი ხალხი - მათთან მომუშავე ადმინისტრაციული რესურსი. მეეჭვება ეს მოხდეს, თუმცა ესენი მააქსიმალურად ცდილობენ, მსგავსი ფონი შექმნან, რომ თითქოს ეს დასპირისპირებაში გადაიზრდება.

არანაირ დაპირისპირებაში ეს არ გადავა და ყველაფერი ძალიან ნორმალურად წავა. ჩვენ რომ ასეთ დიდ უმრავლესობაში არ ვიყოთ, მაშინ კიდევ ვიფიქრებდით, რომ რაღაც მოხდება. იქნება ლოკალური გამწვავებები, მაგრამ უმრავლესობას ვერ დაუდგებიან წინ ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

დროდადრო წამოტივტივდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების თემა, ახლაც ხიზრი ალდამოვმა გააკეთა განცხადება სადაც ის ხელისუფლებას სდებს ბრალს ჟვანიას, პატარკაციშვილისა და დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაში და აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია ბიძინა ივანიშვილისთვისაც. რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ ეს ყველაფერი?

- საფრთხე იმ დღიდან არსებობს, რა დღიდანაც ბატონი ბიძინა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მაგრამ მგონია, რომ ამას ვერ გაბედავენ.

რაც შეეხება ხიზრი ალდამოვს, ამაზე ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა. ვიცით, რომ ჯერ კადიროვთან მივიდა, რაზე მოუხადა ბოდიში, რაზე შეთანხმდნენ რისთვის იყენებენ მას, ეს კიდევ ცალკე თემაა და ძნელია მის ერთ განცხადებაში ჭეშმარიტებები ვეძებოთ, მითუმეტეს ასეთი თავგადასავლის მქონე ადამიანზეა ლაპარაკი. ეს რომ იყოს თავისუფალი პიროვნება, სხვა დატვირთვა ექნებოდა, თუმცა ახლა ალბათ ბევრი ვალდებულებები აქვს აღებული.

რაც შეეხება საფრთხეს, ასეთი საფრთხე არსებობს. გახსოვთ, ალბათ, ვახტანგ კომახიძემაც გააკეთა განცხადება ამის შესახებ და რად გვინდა ხიზრი ალდამოვის თქმა, ისედაც ვიცით რომ ეს ასეა, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ მეეჭვება ახლა ეს გაბედონ იმიტომ, რომ ეს მათი დამთავრება იქნება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ბატონი ბიძინას დაცვა ამისათვის მობილიზებულია.

ხელისუფლება მაინც ცდილობს, ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი არ დაირღვეს, თეფშების დაყადაღება არა და არ მთავრდება და ქართველი ემიგრანტების საჩუქარზეც უარი განაცხადეს, თითქოს პოლიტიკური მოსაზრების გამო, და ემიგრანტების მიერ შეგროვილი სატელიტური თეფშებიც არ მიიღეს. როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, საკმარისი აღმოჩნდება იმისათვის, ხალხმა რომ გაიგოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში?

- რა სოფლებიც მოვიარე, განსაკუთრებით გურიაში, ხალხი მეტ-ნაკლებად ინფორმირებული იყო. ინფორმაცია ვერ ჩერდება და ჟონავს. რომ ვთქვათ, სრული სიბნელეა და არაფერი არ იციან, ასე არ არის. მაგრამ ის, რომ ზედმიწევნით იცოდნენ ყველაფერი, მაინც პრობლემაა.

სწორედ ამ მიზნით ხდება თეფშების დაყადარება და ეს ფაქტობრივად, დანაშაულია. დღეს ადამიანს ინფორმაციის მიღებას უკრძალავ, 21-ე საუკუნეში ადამიანს მიუთითებ, რა ინფორმაცია უნდა მიიღოს და რა არა. -ეს დასჯადია, თანაც მხოლოდ ერთზე მიუთითებს, იმდენად არის მათი მდგომარეობა შერყეული, რომ ასეთ აბსურდულ რაღაცეებს იგონებენ.

დააყადაღეს „გლობალის“, „მაესტროს“ თეფშები და ემიგრანტების თეფშებსაც რაღაც მიზეზი მოუძებნეს - სულ უფრო მეტად იჭრიან თავს.უნდათ, რომ როგოერმე შეაჩერონ ეს მოძრაობა, შეაჩერონ ინფორმაციის ნაკადი, მაგრამ ეს ვერ გაჩერდება.

თუმცა ინფორმირებულობა ხალხის არჩევანსაც განსაზღვრავს...

- ინფორმაცია მაინც მიდის, ხალხს მიაქვს ინფორმაცია. როგორც წყალს ვერ გააჩერებ და წყალი მონახავს თავის გზას, ისე ინფორმაცია მოძებნის გზას. თითო სოფელში თითო კაცს მაინც ექნება ინტერნეტი და სხვებსაც ეტყვის, რა ხდება. ინფორმაცია მაინც გავრცელდება, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ, აქედან მოსახლეობამ თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნები – რა მდგომარეობაში არიან, „კავკასიის“, „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ ყურებას რომ უკრძალავენ.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მას არ აქვს ბერკეტები, რომ ხელისუფლება მსგავსი ქმედებებისას შეაჩეროს...

- ოპოზიციას პირველ რიგში, საკუთარი თავისა და ხალხის სიმრავლის იმედი უნდა ჰქონდეს, ვითარების რადიკალურად შეცვლის და იმისი, რა პოლიტიკური ამინდიც ახლა დგას. ის ტრიუმფალური სვლა, რომელიც არსებობს, რომელიც დაიწყო თბილისიდან და უკვე ოლიმპიური ჩირაღდანივით მოედო მთელ საქართველოს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და არჩევანი თავისუფლად გააკეთონ, და ვგრძნობთ, რომ ასეც იქნება.

პროცესი დაწეყებულია და თუ ჩვენ არ მოვდუნდებით, ამას უკვე ვერაფერი შეაჩერებს ჩვენ კი მოდუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. რაც არ უნდა დააყადაღონ თეფშები იქნება ეს თუ კალაძის ქონება, რაც არ უნდა მოიფიქრონ, ამ უპირატესობას ვეღარ შეაჩერებენ .