მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუსლიმ სასულიერო პირებს „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ჩემი სამშობლოა“-ს თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა. მისი თქმით, დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში მცხოვრებ მუსლიმანებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას ყურანზე დაფიცებით აიძულებდნენ. ანალოგიური შემთხვევა რუსთავშიც ყოფილა. კერძოდ, მოლებზე განხორციელდა ზეწოლა, რათა მათ მმართველი გუნდის მხარე დაეჭირათ.
ალი ბაბაევი: - ხალხს ყურანზე დააფიცეს. ეს რომ გავიგე, დავრეკე იმ სოფელში, ველაპარაკე იქაურებს, დამიდასტურეს, ასეთი რამ მართლაც ხდებაო. მოგვიანებით კიდევ რუსთავში, სამმართველოში ყოფილა შეკრება. გუბენატორის მოადგილემ და სხვა პირებმა მოლებს დაავალეს, ხალხის მობილიზება აუცილებლად მოახდინეთ, რომ მუსლიმმა მორწმუნეებმა ხმა მმართველ პარტიას მისცენო.
ზოგადად, მუსლიმანებში ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი განწყობაა?
- სიმართლე გითხრათ, სხვადასხვანაირი განწყობაა. მუსლიმანთა თემები დაშლილია რამდენიმე დაჯგუფებად. ადრე თუ ისინი ეკუთვნოდნენ კავკასიის შეიხს, ახლა გაყოფილია. შეიხმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში და სუნიტები ცალკე არიან, შიიტებიც, კიდევ სხვა განშტოებებია, მათ შორის, ვაჰაბიტების. ასე რომ, ხალხში განწყობა სხვადასხვანაირია. მუსლიმანი მეც ვარ, მაგრამ მე რაც მწამს, შეიძლება, ეს სხვას არ აინტერესებდეს. ინფორმაცია ვრცელდება, რომ გუბერნატორის მოადგილე, დღევანდელი პარლამენტარი ჰუსეინ უსუპოვი, რომელმაც 2005 წლის 5 დეკემბერს შექმნა მუსლიმანთა საზოგადოება და, რომელიც სათავეში უდგას ამ ორგანიზაციას, თავისთან იბარებს მუსულმან სასულიერო პირებს. ზოგიერთ მათგანს მიმართავენ, ამას თუ არ გააკეთებ, მერე გაგიჭირდება მოლობა. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენთან მოლას ფუნქცია ის არის, რომ რელიგიური დღესასწაულის დროს წირვა ჩაატაროს და მიცვალებული დაასაფლავოს. მკვდარს რომ დაასაფლავებენ, მერე რიტუალების შესრულება სამი დღე ვიცით, შვიდ დღესაც ვიცავთ, მეორმოცე და ორმოცდამეთორმეტე დღეებიც ვიცით. მოლა, რომელიც მიცვალებულს მარხავს, ეს რიტუალები უნდა შეასრულოს. ამიტომაც ამით აშინებენ, თუ მხარს არ დაუჭერ მმართველ გუნდს და ამას არ გააკეთებ, ამას გიზამ, იმას გიზამო. ისინიც იძულებულნი არიან, ამ მეთოდებს მიმართონ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. მე მგონი, არ ღირს ყურანის ასე დამცირება და ყურანით ასე მანიპულირება, ეს შეურაცხყოფას გვაყენებს საქართველოს მუსულმანებს. ჩვენ გვინდა, რეალური, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს; რომელ მუსულმანსაც რომელი პარტიის მიმართ აქვს პატივისცემა და რომელი ადამიანიც მოსწონს, ხმა მას მისცეს. მაგრამ ასეთ ფონზე ეს შეურაცხმყოფელად მიმაჩნია, როგორც ადამიანს.
დაშინების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რომელი რაიონის გამგეობა აქტიურობს და რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება?
- ზუსტად აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე მართავს მოლების თავშეყრას, რუსთავში, მარნეულში თავის კაბინეტებში იბარებს მოლებს. ეს კაცი არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ უსუპოვი.
მაინცდამაინც მოლებზე ზეწოლა რატომ გადაწყვიტეს?
- იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებს არავითარი ავტორიტეტი არ აქვთ თავის მოსახლეობაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ნახეს, რომ მორწმუნე მუსლიმანები ჩართონ ამ საქმეში. ეს არ შეიძლება, ჩვენთვის ეს მიუღებელია. მოლამ უნდა მიხედოს თავის საქმეს, მასწავლებელმა ბავშვებს უნდა ასწავლოს, ექიმმა ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამათ ბინძურ პოლიტიკაში მოლების ჩარევა მიუღებელია.
ყველაზე დიდი პრობლემა ივანიშვილის მომხრეებს მუსლიმანებით დასახლებულ რომელ რეგიონში აქვთ?
- ივანიშვილს არსად არ აქვს პრობლემა. ერთადერი, ოფისის პრობლემა იყო გარდაბანში, თუმცა ეს საკითხიც მოგვარდა. ოფისი ფუნქციონირებს, ჰყავს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. მარნეულში ოფისი გახსნილია, მაგრამ მაჟორიტარის შერჩევა მიმდინარეობს. დანარჩენ რეგიონებშიც მუშაობა გრძელდება და ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. თუმცა, არის პატარ-პატარა შეფერხებები ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან, მოსახლეობის დაშინება. ასეთ ინფორმაციებს ჩვენ ვაგროვებთ და დადგება დრო, როცა ქვემო ქართლთან დაკავშირებით ინფორმაციას ქართულ საზოგადოებას მივაწვდით.
აქამდე მუსლიმანები ნაცმოძრაობის ერთგულ ამომრჩევლებად ითვლებოდნენ. ამჯერად რა შეიცვალა? რატომ სურთ მუსლიმანებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა? რას აცხადებენ პირად საუბარში, რატომ აღარ მოსწონთ ნაციონალები?
- გენაცვალე, ქართველებს რატომ არ მოსწონთ ნაციონალები? მუსლიმანებიც საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ და ისეთივე უფლებები გვაქვს, როგორც ქართველებს. თუ მართლმადიდებელ ამდენ მრევლს ეს არჩევანი აქვს გაკეთებული, ჩვენც ასე ვფიქრობთ. თბილისში ამდენი მრევლი გამოვიდა, ქუთაისში ამდენი გამოვიდა, გორში, მცხეთაში... უკვე ოცი წელი გავიდა, რაც ჩვენ გამსახურდიას მივეცით ხმა, შემდეგ შევარდნაძეს მივეცით ხმა, სააკაშვილს რვა წელია, ვაძლევთ ხმას. გაიარეთ ქვემო ქართლის სოფლებში, რეგიონებში, მე-17 საუკუნეში უფრო კარგი გზები იყო, ვიდრე ახლა. ჩვენ გვინდა მთავრობა, რომელიც ხალხის გვერდზე დადგება. ძალიან გთხოვთ, ერთი ჰკითხეთ, მაჟორიტარი დეპუტატი მახნიაშვილი გარდაბნელებს უნახავთ? ბოლნისის დეპუტატი უნახავთ? ანდა, მარნეულის დეპუტატს რამე გაუკეთებია, გამოსულა პარლამენტში, რომ თავისი რეგიონის, თავისი ამომრჩევლის უფლება დაეცვა? თუ გინდ, ნაციონალი იყოს, მაგრამ ჩვენ გვინდა, ადამიანი იყოს, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს, როგორც პარლამენტარი და, როგორც ხალხის რჩეული, და არა - დანიშნული დეპუტატი.
თუ მუსლიმანებში ასეთი განწყობაა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი როცა ჩადის მარნეულსა და მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში, რატომ ხვდებიან ზარ-ზეიმით და ცხვარსაც უკლავენ? რით ახსნით ამას, ესეც მოსახლეობის დაშინებაა?
- საერთოდ, აზერბაიჯანლებს მასპინძლობა გვიყვარს. რაც შეეხება სააკაშვილის ვიზიტს, ერთი შეხედეთ, გარდაბანში რამდენ ადამიანს უნდოდა ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა, ან მარნეულში. იქ მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლები და ბავშვები ან ხელისუფლებისთვის სანდო ადამიანები გამოჰყავთ. დღეს ბატონ პრეზიდენტს ქვემო ქართლში ატყუებენ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში, არაფერი კარგად არ არის.
ანუ „ქართული ოცნების“ აქცია რომ მოეწყოს, მუსლიმანებით დასახლებული რეგიონებიდან მაჰმადიანები მივლენ აქციაზე?
- აუცილებლად. კიდევ გეუბნებით, ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემაა. ხალხს მიწები წაართვეს, უმუშევრობაა, სოფლებში ყველაფერი განადგურებულია, არაფერი არ არის, ყოველდღიურად ხალხი ცუდ მდგომარეობაშია. აზერბაიჯანლები როგორც ქართულ ენას ვერ სწავლობენ, ისე, თავის ენას კარგავენ. ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკები წლების განმავლობაში ატყუებენ ზემდგომ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს აინტერესებთ. კერძოდ, რომ ამდენი და ამდენი აზერბაიჯანელი ამომრჩეველია, რომელიც თურმე მზად არის, ხმა სამთავრობო კანდიდატურას მისცეს, მაგრამ ერთი შეეკითხეთ იმ დეპუტატებს, რა გააკეთეს თავიანთი რეგიონებისთვის? ერთი შეხვედრა სადმე ყოფილა? სტიქიური უბედურება იყო ნაზარლოში. ერთხელ ყოფილა ეს ხალხი? რად გვინდა ასეთი ხალხი? არ სჯობს, იყოს ადამიანი, რომელიც გულამდე მიიტანს ამომრჩევლის პრობლემა?! ეს მარტო ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანლების პრობლემა არ არის, არამედ იქ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც არიან- ქურთები, აისორები, ქართველები, სომხები, ბერძნები.
ღიად გეუბნებით, ხელისუფლების მაღალ ეშელონს ატყუებენ ადგილობრივი ჩინოსნები, სუყველა მოსახსნელი და დასაჭერია. რვა წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ და ახლა რომ შეინარჩუნონ თავიანთი სკამები, მაქინაციებზე, დაშინებებზე მიდიან. არ გვეყოფა დაშინება? ჩვენც გვინდა დემოკრატიულად ვიცხოვროთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც გვინდა, ქართული საზოგადოების აქტიური წევრები ვიყოთ სახელმწიფოს მშენებლობაში. რატომ გვიშლიან ხელს ეს ჩინოვნიკები, რომლებიც სოფლებში დადიან და ხალხს აშინებენ?!
არჩევნების დროს მუსლიმანები ხუთიანს ხაზავდნენ. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს გაუთვითცნობიერებლობით და შიშით იყო გამოწვეული.
- მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მისი მომხრე ვიყავი მე, ალი ბაბაევი. მეგონა, ბევრი რამ შეიცვლებოდა, ის დაპირებები, რომლებსაც ბატონი პრეზიდენტი აზერბაიჯანლებთან შეხვედრისას იძლეოდა, არცერთი პუნქტი არ შესრულებულა. დღეს აზერბაიჯანული მოსახლეობის 30% გარეთ არის გასული, სამუშაოს ეძებს თურქეთში, რუსეთში, ბელორუსიაში.
ჯანდარა, ასეთი სოფელია გარდაბნის რაიონში, აქაურებს ლუკაშენკომ ბელორუსიაში მიწები მისცა და სოფელი აშენდა. ასე რომ, ჯანდარელების მეორე ნაწილი ბელორუსიაში ცხოვრობს. ხელისუფლებას არ აინტერესებს, რატომ მიდიან ისინი უცხოეთში. აზერბაიჯანლები მუშა ხალხია, პატიოსანი ხალხია, ყოველთვის თავისი ოფლით მუშაობდნენ. რატომ მიდიან და, მიწას ართმევენ. იორმუღანლო, სართიჭალა, ბოლნისი - მიწები წაართვეს ხალხს. არადა, ეს ადამიანები ამით იკვებებოდნენ. ხალხი მიტოვებულია. დღეს ქალბატონები მიდიან თურქეთში, მონად მუშაობენ, ბავშვებსა და მოხუცებს უვლიან. ადამიანი ოჯახიდან განდევნილია, წასულია ფულის საშოვრად. რატომ მიდიან, არ ეკითხებიან.
მუსლიმანებთანაც ზნეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბათუმსა და გონიოში თურქული ბორდელების გახსნას როგორ შეაფასებთ?
- ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ქართული მენტალიტეტის შელახვაა. ჩვენ ვართ ტრადიციული კავკასიური ერის ხალხი, რაც ჩვენი ქალების პატიოსნებასა და მენტალიტეტზე აისახებოდა კიდეც. დღეს განა მარტო ქართველი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თურქეთში, დუბაისა და ინდოეთში დადის, რათა სხეული გაყიდოს და ოჯახი შეინახოს. ეს უბედურება, მარაზმია. აუცილებლად უნდა დაიკეტოს ეს დაწესებულებები. თანაც იძახიან, რომ შუა აზიიდან ჩამოჰყავთ ქალები. თურქეთი კი არა, ვინც გინდა იყოს, თუ გინდა, ჩემი ახლობელი იყოს, ასეთი დაწესებულებების მიმართ ყოველთვის უარყოფითად ვიყავი განწყობილი. რა უნდა საქართველოში ბორდელებს?!