ახალ პრემიერს, ძველისგან განსხვავებით, დამატებითი უფლებები ენიჭება, რაც სხვადასხვა დადგენილებით ვლინდება. კერძოდ, თუ აქამდე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების საკითხში ნიკა გილაურს არავინ არაფერს ეკითხებოდა, ამიერიდან ეს საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ ჯერ პრემიერ-მინისტრს უნდა შეუთანხმოს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინოს პრეზიდენტს. ამ ცვლილების გარდა, ვანო მერაბიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა წახალისებისა და პრემიების გაცემის უფლება მიენიჭა, ნიკა გილაურს კი ამგვარი უფლება მხოლოდ მთავრობის წევრებსა და გუბერნატორებთან მიმართებით ჰქონდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გილაურისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ფიგურაა, გამორიცხული არაა, მას დამატებითი ფუნქციები მომავალში კიდევ უფრო გაეზარდოს.
საინტერესოა, რისთვის დასჭირდათ პრემიერის უფლებამოსილების გაზრდა?! აქვს კი არსებობის უფლება იმ არგუმენტს, რომ ხელისუფლებას ეშინია, ცალკეული მნიშვნელოვანი ობიექტის ახალი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდეს, ამიტომ გასასხვისებელი ობიექტების მომავალ მეპატრონეთა შესწავლა ამიერიდან სკრუპულოზულად მოხდება და სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება სპონტანურად აღარ დაიშვება? მით უფრო, რომ ამ საკითხში გამოცდილება ვანო მერაბიშვილს უკვე უნდა ჰქონდეს, რადგან ამბობენ, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების საკითხში გადაწყვეტილებას აქამდეც მერაბიშვილი იღებდა, ოღონდ, შს მინისტრის რანგში. ამიერიდან კი მერაბიშვილს ამ მხრივაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემატება.
პრემიერის ფუნქციების გაზრდის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილს პრემიერისთვის ძალაუფლების გაზრდა გადამეტებულად მიაჩნია და თვლის, რომ რეალურად, ვანო მერაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა აშკარად შეუმცირდა.
„თუ ვინმე თვლის, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების საკითხის ვანო მერაბიშვილისთვის შეთანხმება პრემიერ-მინისრტრის ფუნქციების რეალური ზრდა არის, ვფიქრობ, რომ ის ცდება. ეს უფრო ფოჩიანი კანფეტის ფუნქციის მატარებელია იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მერაბიშვილს აშკარად შეუმცირდა. კი ბატონო, გზად პრეზიდენტისკენ მას შეუძლია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქონების გასხვისების თაობაზე, ალბათ, ეს ადრეც ასე უნდა ყოფილიყო“, - მიიჩნევს ექსპერტი.
რაც შეხება ვანო მერაბიშვილის დამატებით ფუნქციას, პრემიების დარიგების კუთხით, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ინდივიდებამდე გასვლა ზედმეტი დროის კარგვაა, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე – პრემიერ-მინისტრისთვის. აქ უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელიც მიღებულ იქნება უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე. პრემიერ-მინისტრმა კი, შეიძლება, იმსჯელოს მხოლოდ მინისტრების პრემიებზე, რომლებიც დღემდე პრემიებს საკუთარ თავს უწესებდნენ.
ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილს ფუნქციები გაუზარდეს. თუ ადრე სახელმწიფო ქონება პირდაპირ იყიდებოდა, ამჟამად პრემიერ-მინისტრს უნდა დაეკითხონ.
„დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილმა მოითხოვა, და ეს არის მერაბიშვილის პოზიციების განმტკიცება. სწორედ იგი არის ქვეყნის რეალური მმართველი. ეს ამ მიმართულებითაც მტკიცდება. იგი იმყარებს საკუთარ პოზიციებს და უნდა, რომ თავად მართავდეს პროცესებს, ყოველგვარი დამატებითი ინსტიტუტების გარეშე. პრაქტიკულად, სააკაშვილი მას მეტ უფლებებს აძლევს, ვიდრე ჰქონდა ნებისმიერ პრემიერს საქართველოში ამდენ ხანს. ამით, რა თქმა უნდა, მტკიცდება, რომ მერაბიშვილი საქართველოს უზენაესი მმართველია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, რომ, თუ აქამდე ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას პირდაპირ განკარგავდა და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ასხვისებდა, ამჯერად ამაზე შეზღუდვა დაწესდა, რაც შესაძლოა, ივანიშვილის ფაქტორით აიხსნას.
„ალბათ, ახლა ეშინიათ, რომ შემთხვევით, ეს ქონება ივანიშვილის მიერ არ აღმოჩნდეს ნაყიდი. არ გამოვრიცხავ, ამიტომაც სჭირდებოდეთ, რომ იცოდნენ, თუ საბოლოო ჯამში, ვინ იქნება მყიდველი“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს ძალაუფლება ეზრდება, რადგან ჩვენს სახელმწიფოში ძალაუფლება თოფსა და ფულს უკავშირდება. მართალია, მერაბიშვილს ადრე თოფი ჰქონდა, ახლა კი გაეზრდება ძალაუფლება იქ, სადაც ფული ტრიალებს.
„სალაპარაკო და საფიქრალი ისაა, ამ ძალაუფლების გაზრდას რა ფუნქცია, რა მიზანი აქვს. თუ ეს ძალაუფლება იმისთვის იზრდება, რომ მოწესრიგდეს ამ სფეროში ურთიერთობები, მაშინ მისასალმებელია. ხოლო, თუ იმისთვის იზრდება, რომ მერაბიშვილის ფიგურა გაძლიერდეს და ეს მოწესრიგება სათავისოდ გამოიყენოს, მაშინ ახალი არაფერია. ვანოს უნდა, რომ გაიუმჯობესოს მართვის ბერკეტები. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მერაბიშვილი დეკორატიული პრემიერი არ აღმოჩნდეს“.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვას, საყვარელიძის აზრით, გამონაკლისი სახით, ეს კანონში იყო ჩადებული, მაგრამ მოგვიანებით ისე ბოროტად გამოიყენეს ეს გამონაკლისი და იმდენ ადამიანზე გაიცა ქონება პირადი წესით, რომ, ფაქტობრივად, გამონაკლისი უკვე კანონად გადაიქცა და კონკურსის წესით შერჩევა გამოირიცხა.
„სახელმწიფოს დაუდევრობის შედეგი იყო პირდაპირი მიყიდვის წესის ბოროტად გამოყენება. მერაბიშვილი თუ ამას შეაჩერებს ან თავის თავზე აიღებს ამის პასუხისმგებლობას, ალბათ, ცოტა უკეთესი მდგომარეობა შეიქმნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.