„კულტურული მოვლენების უკან პოლიტიკური ინტერესები იმალება“

„კულტურული მოვლენების უკან პოლიტიკური ინტერესები იმალება“

თბილისში რუსული კინოს ფესტივალის ჩატარებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი შეხედვით ამ „კულტურულ მოვლენას“ ქვეყანაში განსხვავებულად აფასებენ.   

 

„საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია,  რუსეთის მთავარ მიზანს არ წარმოადგენენ. მას მთელი საქართველო სჭირდება და სხვადასხვა ხერხებით ისინი საკუთარი პოლიტიკის გატარებას შეეცდებიან. ამ თვალსაზრისით რუსეთი ხშირად საკუთარ კულტურას იყენებს – ერთის მხრივ საინტერესოა, რომ რიაზანოვი და სოლოვიოვი აქ არიან და ისინი წარმოადგენენ რუსულ კინოს, მაგრამ მეორე მხრივ საინტერესოა ამას ვის ანაზღაურებს? რადგან ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

 

საქართველოში რუსული კინოს ჩვენებას მედია ეხმაურება. „ბი–ბი–სის“ რუსული სამსახურის შეფასებით, „რუსული კინოს გამოფენა თბილისში ყველას არ მოსწონს“.

 

„2008 წლის რუსეთ–საქართელოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ თბილისში პირველად რუსული კინოს ფესტივალი ტარდება. რუსულ–ქართული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ასეთი ღონისძიების ჩატარებამ საქართველოში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.

 

ფესტივალი თბილისის ერთ–ერთ მთავარ კინოთეატრში ტარდება. საკუთარი კინოსურათები ქართველ მაყურებელს ჩამოუტანეს როგორც ცნობილმა და კარგად ნაცნობმა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორებმა, რომლებიც საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ.

 

მთლიანად ფესტივალის პროგრამა დაახლოებით 30 ნამუშევარს მოიცავს. მათ შორისაა როგორც გასართობი, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები“, – იუწყება ბრიტანული გამოცემის რუსული სამსახური.

 

პროგრამის დირექტორის, კინომცოდნე ვიაჩესლავ შმიროვის თქმით, ფესტივალის ორგანიზება რთული არ ყოფილა – საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლაზე უარი პრაქტიკულად არ ყოფილა.

 

„უფრო მეტიც – უარს ამბობდნენ პარიზში, ან ნიუ–იორკში წასვლაზე და ადამიანებს თბილისში ჩამოსვლა სურდათ, რადგან დღესდღეობით ჩვენთვის თბილისი გაცილებით უფრო შორს არის, ვიდრე პარიზი და ნიუ–იორკი“, – ამბობს რუსი კინომცოდნე.

 

ფესტივალზე სხვა დანარჩენებთან ერთდ წარმოდგენილი იყო ახალი თაობის რეჟისორების ნამუშევრები, ისეთები, როგორიცაა პაველ ბოროდინის „როსია 88“, ალექსეი ფედორჩენკოს „ოვსიანკი“, ეკეტერინა შგალოვას „ოდნაჟდი ვ პროვინციი“.  

 

„ბავშვობის კუმირები“

 

„ჩემთვის ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო დღე იყო; როდესაც სურათი დამთავრდა, საერთოდ არ მოველოდი, აღფრთოვანებულმა ჯგუფმა ალყაში მომაქცია. ვთვლი, რომ ამ აქციის საპასუხოდ საჭიროა მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალის ორგანიზება“, – საკუთარ შთაბეჭდილებებს ჟურნალისტებს უზიარებს ფესტივალის ორგანიზატორი ელდარ რიაზანოვი, ფილმ „სტარიე კლიაჩის“ ჩვენების შემდეგ.

 

„ბი–ბი–სის“ რუსული სამსახური წერს, რომ სერგეი სოლოვიოვის „ნეჟნი ვოზრასტის“ ჩვენების შემდეგ რეჟისორთან მიახლოება საერთოდ შეუძლებელი იყო – ჩანდა, რომ პრაქტიკულად თითოეულს რეჟისორისადმი მადლიერების გამოხატვა პირადად სურდა.

 

„იცით, როდესაც სოლოვიოვი დავინახე, პირდაპირ თავს დავესხი. ისინი ხომ ჩემი ბავშვობის კუმირები არიან – რიაზანოვი და სოლოვიოვი!“, – ამბობს ფესტივალის 36 წლის მონაწილე თამარი.

 

ფესტივალის მაყურებელი ზურაბი ამბობს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მისთვის ეს ღონისძიება ჟანგბადივითაა.

 

„მაპატიეთ, მე თითქმის დავივიწყე რუსული ენა, ამ ენაზე დიდხანს არ ვსაუბრობდი, – ბოდიშს იხდის. – იცით, ჩვენ ამ ფილმებზე გავიზარდეთ. პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმეები აკეთონ, ხოლო ჩვენ უბრალო ადამიანებს ხელს ნუ გვიშლიან“.  

 

ქართული კინოს კვირეული მოსკოვში?

 

თავად კინემატოგრაფების თქმით, უფროსი თაობის ქართველ და რუს რეჟისორებს შორის კავშირები სსრკ–ს დანგრევამდე დამყარდა. ხოლო საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა ერთმანეთის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იციან.

 

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ამბობს, რომ სწორედ ხელოვნება დაგვეხმარება რუსულ–ქართული ურთიერთობების სირთულეების გადალახვაში.

 

„ხელოვნება ყველანაირ პოლიტიკურ ურთიერთობებზე მაღლა დგას, ხელოვნება აახლოვებს ხალხებს და ყოველთვის მეტყველებს სილამაზეზე და სიყვარულზე. მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი ტარდება, რადგან რაც უფრო ახლოს და კარგად გვეცოდინება ერთმანეთი, მით უფრო სწრაფად გავუგებთ ერთურთს, – ამბობს მერაბ კოკოჩაშვილი.

 

ელდარ რიაზანოვი თვლის, რომ ფესტივალი თბილისში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, შემდეგი ნაბიჯი კი მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალი უნდა გახდეს.

 

„ჩვენ თანამედროვე ქართულ კინოზე პრაქტიკულად არაფერი ვიცით. ვიცით და გვიყვარს ძველი ქართული კინო. ეს იყო ჩვენი თაობის საყვარელი ფილმები, ისინი ჩვენს სისხლსა და ხორცში აღწევდნენ, ეს სიმართლეა და არა ლამაზი სიტყვები. ახლა კი ვთვლი, რომ ამ აქციაზე საპასუხოდ საჭიროა მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალის ორგანიზება და მაშინ დიალოგი მართლაც დაიწყება“ – ამბობს რიაზანოვი.   

 

„აღფრთოვანების გარეშე“

 

თუმცა ქართული საზოგადოების ნაწილმა ფესტივალი აღფრთოვანების გარეშე მიიღო, არა იმდენად მხატვრული, რამდენადაც პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამონდინარე.

 

„ეს ფესტივალი არაფერს მოიტანს არც პოლიტიკური და არც კულტურული თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ წრეზე დავდივართ – კვლავ საბჭოთა დიდი და პატარა ძმის ურთიერთობაა. თუკი ამ ფესტივალში რაიმე გაღიზიანებას იწვევს, სწორედ ესაა“, – ამბობს „ბი–ბი–სის“ რუსულ სამსახურთან საუბრისას კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი.

 

ღონისძიების კრიტიკოსები თვლიან, რომ ღვინის ჭიქასთან კინემატოგრაფისადმი მეგობრობასა და სიყვარულზე საუბრები მხოლოდ რიტორიკაა, რომელიც რეალური პრობლემების გადაწყვეტას არანაირად ხელს არ უწყობს.

 

„არ ვთვლი მისაღებად ისე ვიქცეოდეთ, რომ თითქოს ქართულ–რუსულ ურთიერთობებში არაფერი მომხდარა და ჩვენ ისევე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც საბჭოთა დროებისას. არსებობს სერიოზული პრობლემები და ამ პრობლემებზე საჭიროა მუშაობა. აი ეს ნოსტალგიურ–პოსტსაბჭოურობა კი მაინცდამაინც არ მომწონს“, – აცხადებს „ბი–ბი–სისთან“ საუბრისას ლიტერატორი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.   

 

ელდარ რიაზანოვის განცხადებით კი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა და დიალოგი დასაწყებია. მისი თქმით, რუსული კინოს პირველი ფესტივალის ჩატარება საქართველოში სწორედ იმის ნიშანია, რომ პოლიტიკისგან განსხვავებით, ორი ხალხის კულტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ და შეეცადონ ძველი ურთიერთობები აღადგინონ.

 

„ყველა საუბრობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები უნდა აღდგეს და დიალოგი დაიწყოს. სწორედ ეს ფესტივალიც იმის დასტურია, რომ ჩვენ გვინდა ქართველ კინოხელოვანებს დავუკავშირდეთ და საქართველოზე ბევრი რამ გავიგოთ. გვინდა, რომ საპასუხო ნაბიჯად მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართოს. არაფერი ვიცით თანამედროვე ქართულ კინოზე და კარგი იქნება ის ახლოდან გავიცნოთ. ეს იქნება დიალოგის დაწყება, თორემ ჩვენი ჩამოსვლა და წასვლა ისევე მორიგ ვიზიტად დარჩება, როგორიც ამ დრომდე იყო“, - განაცხადა ელდარ რიაზანოვმა პრესკონფერენციაზე.

 

კითხვაზე, რა აზრის არიან რუსი კინოხელოვანები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში არაერთმა ქართველმა გამოთქვა პროტესტი რუსული კინოს ფესტივალის თბილისში გამართვის გამო, ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეჟისორმა პაველ ბატინმა განაცხადა, რომ ვიღაცა ომზე ფიქრობს, ხოლო ვიღაცამ უნდა მშვიდობაზე იფიქროს.

 

„ზოგადად ასე ხდება, რომ ვიღაცა ფიქრობს ომზე. ვიღაცამ კი აუცილებლად მშვიდობაზე უნდა იფიქროს. ჩვენ ჩამოვიტანეთ საუკეთესო ფილმები და გვინდა, რომ რუსული კინოს საუკეთესო სახე წარმოვაჩინოთ, ხოლო საპასუხოდ ველით იმას, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალი ჩატარდება“, - განაცხადა ბატინმა.

 

„ვინ იხდის ფულს?“

 

ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს ვინ აფინანსებს ფესტივალს, რადგან ასეთი კულტურული მოვლენების უკან პოლიტიკური ინტერესები დგას.

 

„საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულია,  რუსეთის მთავარ მიზანს არ წარმოადგენენ. მას მთელი საქართველო სჭირდება და სხვადასხვა ხერხებით ისინი საკუთარი პოლიტიკის გატარებას შეეცდებიან. ამ თვალსაზრისით რუსეთი ხშირად საკუთარ კულტურას იყენებს – ერთის მხრივ საინტერესოა, რომ რიაზანოვი და სოლოვიოვი აქ არიან და ისინი წარმოადგენენ რუსულ კინოს, მაგრამ მეორე მხრივ საინტერესოა ვის ანაზღაურებს ამას? რადგან ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე

 

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ჩატარების იდეა მთლიანობაში ქართული ხელისუფლების მიერ მხარდაჭრილი იყო,  თუმცა ფესტივალის ერთ–ერთი ინიციატორის და დამფუძნებლის, კონსტანტინ ლუზინიან–რიჟინაშვილის თქმით, არც რუსეთის და არც საქართველოს ხელისუფალნი არ მონაწილეობენ ფესტივალის არც ორგანიზაციაში და არც დაფინანსებაში.

 

„ამ ყველაფერს დიდწილად ჩვენი ფონდი აფინანსებს, რადგან სამწუხაროდ ძალიან ცოტა კორპორატიული სპონსორები გვყავს, რომლებიც გამოგვეხმაურნენ“, – ამბობს „ბი–ბი–სის“ რუსულ სამსახურთან საუბრისას ლუზინიან–რიჟინაშვილი.