"გურია ნიუსი" ოპოზიციური გაზეთების სიაში მოხვდა _ ამ კატეგორიაში დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ მიგვიჩინა ადგილი.
იგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ოზურგეთში შეხვდა. შეხვედრა ისე დაიწყო, რომ მას ტელეკომპანია "მეცხრე არხის" და რადიო "იმედის" რეგიონული კორესპონდენტები არ დაასწრეს.
მინისტრმა, რომელიც წარმოშობით ჩოხატაურიდან, სოფელ შუა სურებიდანაა, ბრძანა, რომ "ყველა ჟურნალისტის მეგობარია, მიუხედავად განსხვავებული ეროვნებისა და პოზიციისა. მთავარია, საქმე გაკეთდეს!"
"ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანია, გავიცნო გურიის მტკივნეული საკითხები. არც გუბერნატორს და გამგებელს შევატყობინე, ისე ჩამოვედით, უბრალოდ, მარტივად. სურებიდან რამდენიმემ შემომითვალა, არ დაგინახოთ ჩამოსული, იმიტომ, რომ არ გაგიკეთებია ჩვენთვის არაფერიო (ხუმრობს, ავტ.), თუმცა, არ მინდოდა გამოსულიყო ისე, რომ ჯერ სურებში გამეკეთებინა რაღაცა და შემდეგ სხვაგან; ახლა იმედია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, გურიაში ყველაფერი კარგად იყოს. ვთვლი, რომ გურიაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა; გაუმჯობესება ნამდვილად არის, მაგრამ, მგონია, რომ, ალბათ, გურიას ცალკე მიდგომა სჭირდება; თითოეულ რეგიონს სჭირდება ცალკეული მიდგომა. თუ გურიაში გამომივიდა რამე... რადგან ყველაზე რთული რეგიონია, ყველა გურული პოტენციალი პრეზიდენტია, ყველას თავისი ხედვა აქვს. თუ გურიაში გამოგივიდა რამე და უნდა გამოგივიდეს "თუ"-ს გარეშე, მაშინ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც საკმაოდ მძიმეა უმუშევრობის პრობლემა, გამოგვივა," _ თქვა მინისტრმა.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ არ ეძლევათ თქვენს შეხვედრაზე დასწრების საშუალება სხვა ჟურნალისტებს, დასაქმების მინისტრმა უპასუხა, რომ "შეხვედრა ადგილობრივ მედიასთანაა, როდესაც ვაპირებ და ვაკეთებთ შეხვედრას, შემდეგ ეჭვიანობს სხვა, რომ"...
_ აგერ თქვენთან ერთად გავალ, არ ინერვიულოთ, ბოდიშს მოვუხდი, რომ ალოდინებენ. ალბათ უნდა შეიყვანონ ცალკე ოთახში, მაგრამ რადგან არიან, გავცემ კითხვებზე პასუხს.... მინდოდა გამეკეთებინა ისე, რომ "ცოცხალი" პრობლემები გამეგო. გურიაში თუ მთავარი ეს არის, დავუძახებთ და შემოვიყვანთ. კეთილი, შემოვიყვანოთ, არ არის პრობლემა...
მინისტრმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ გურიაში სრულიად მოულოდნელად ჩამოვიდა, ბრძანა: _ დღეს შევხვდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს; მათ მოვუყევით, თუ რას ვაპირებდით. ბევრი დრო არ მაქვს ყველა სოფელში ჩავიდე, ამიტომ ვცდილობ კარდაკარ ვიარო(?!1). დღეს ვთხოვე ყველა სოფლის რწმუნებულს, ოზურგეთში ჩამოსულიყო და ველაპარაკე. საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა, ძალიან გულახდილი საუბარი იყო. შემიძლია მოგიყვეთ ამის შესახებ, თუ რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ პრესასთან ადამიანებს ერიდებათ; გულახდილად გეტყვით, ზოგი შებოჭილია, ზოგი ისე ფიქრობს, ზოგი ასე ფიქრობს... მე მგონია, რომ პრესის გარეშე უფრო იოლად ხდება ამ საკითხების წამოწევა, დანარჩენი მე... "კავკასიაზეც" ვიყავი მისული, "მაესტრო" ჩემთან იყო მოსული, ოპოზიციურ "მეცხრე არხს" ორჯერ მივეცი ინტერვიუ... როდესაც დრო მაქვს, არ არის პრობლემა... ჰოლივუდის ვარსკვლავად ხომ არ გადავიქცევი?! მეგობრები დამცინიან _ უთო რომ შევაერთოთ, იქაც შენ ლაპარაკობო!!!
ამ საუბრის შემდეგ, მინისტრმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" და რადიო "იმედის" ჟურნალისტები თავად შემოიყვანა დარბაზში: _ არ ინერვიულოთ, რაც გნებავთ, ის კითხვა დამისვით. მზად ვარ გიპასუხოთ. მე, ვარ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოქალაქე. მე, საჯარო მოხელე ვარ და მაქვს საშუალება, დავგეგმო, შევხვდე რეგიონულ პრესას, მათ შორის, მე როგორც ვიცი, "გურია ნიუსი" ოპოზიციური პრესა არის.
როგორც ჩანს, მინისტრი დამოუკიდებელ და პარტიულ მედიას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, მაგრამ ისიც ხეირია, რომ "გურია ნიუსის" ოპოზიციონერობასთან დაკავშირებით ჩვენს საპროტესტო რეპლიკას დაეთანხმა და... უთო არ ვეგონეთ!