ოფიციალური ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოსკოვზე გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიები დატოვონ. ამერიკელი ექსპერტებს განცხადებით, საქართველოს მხრიდან ტერიტორულ კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია. სოხუმში და ცხინვალში მოკალათებული მარიონეტები ამ გაცხადებული პოზიციით აღშფოთებულნი არიან.
ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებენ. აფრიკული ქვეყნებიც მტკიცედ იცავენ არაღიარების პოლიტიკას, რადგან 1963 წელს აფრიკულმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი საზღვრის გადასინჯვის მცდელობა კონფლიქტის მიზეზი გახდებოდა. სეპარატისტები მათთვის არასასურველ რეალობას თეთრი სახლის ცნობილი მოწოდებით ხსნიან.
აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი რუსულ-ქართული ურთიერთობების მოსაგვარებლად საერთაშორისო ზეწოლის არსებობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში რუსეთის შელახულ რეპუტაციას.
„ვფიქრობ, რუსულ-ქართული კონფლიქტის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზეწოლა არსებობს. რუსეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან, ასევე მისი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში, ვერ იქნება ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ ჰქონდეს. სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია მას არ მისცემს საშუალებას, ჰქონდეს ის ავტორიტეტი, რაც მას სურს. როცა რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ეგონა, სხვა ქვეყნებიც მიბაძავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა“, - განუცხადა გორდონმა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს.
გორდონი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის, თუ აშშ იტყვის, რომ არ ეძებს რუსეთთან საერთო ენას და შეხების წერტილებს. მისი თქმით, აშშ სულ ცდილობს, რომ საქართველოს საკითხი გადაწყდეს და ამიტომაც ეხმარება საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებებში.
„ჟენევა ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია. ვეცდებით, ეუთო ისევ დავაბრუნოთ საქართველოში, ასევე – სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მოუწოდებთ სხვა ქვეყნებს, არ ცნონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
გორდონის თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიები დატოვონ“.
„საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორის, დევიდ სმიტის განცხადებით, „საქართველოს მხრიდან ტერიტორულ კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია“.
„საქართველომ გონივრულად უნდა იმოქმედოს და საკუთარ ეკონომიკას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მიხედოს. არავითარ ტერიტორიულ კომპრომისზე წასვლა უკვე აღარ შეიძლება. ამ წლების განმავლობაში, ნათელი გახდა, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო, რადგან ის გეოპოლიტიკური განზომილების მიმართ აგრესიულია. თუმცა, გარკვეული შეცდომები საქართველომაც დაუშვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარი შეცდომა არა საქართველოს, არამედ რუსეთის მიერ იქნა დაშვებული. რეალობა კი ისაა, რომ არც დასავლეთს და არც ევროპას, მხატვრულად რომ ვთქვათ, „იმხელა მუცელი არ აღმოაჩნდათ“, რომ ეს ყველაფერი მოენელებინათ და რუსეთის მიმართ მხოლოდ ტონის ამაღლებით შემოიფარგლნენ“, - განაცხადა სმიტმა.
ამასთან, მან აშშ-ში უკანასკნელ ხანს ჩატარებული კონგრესისა და სენატის არჩევნების საქართველოსთვის შესაძლო შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში დიდ ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
„ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას აგრძელებენ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაერო-ში ლათინური ამერიკის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ასევე აფრიკულ ქვეყნებთან დაკავშირებით: „როდესაც 60-იანი წლების დასაწყისში აფრიკული ქვეყნები თავისუფლდებოდნენ კოლონიალური ბატონობისაგან, ახლადშექმნილმა აფრიკულმა ქვეყნებმა, 1963 წელს ხელი მოაწერეს ე.წ. „სასაზღვრო ქარტიას“ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი მცდელობა საზღვრის გადასინჯვის, იქნებოდა ომის და გამუდმებული კონფლიქტის მიზეზი და მათ ერთხელ და სამუდამოდ ამაზე უარი თქვეს“.
გაერო-ში ლათინური ამერიკის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობების დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კოსტა-რიკის, პარაგვაის, სურინამისა და ჰონდურასის წარმომადგენლები.
„მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მიიღო მოწოდება, არავითარ შემთხვევაში არ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ აშშ ყველგან ცდილობს დანერგოს თავისი პოლიტიკა“, – ეს განცხადება რუსულ მედიასთან საუბარში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის განცხადებების კომენტირებისას ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
„ფილიპ გორდონის პოზიცია ჩვენთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია და გასაგები, იმიტომ, რომ აშშ აიარაღებდა და ასწავლიდა ქართულ არმიას. აშშ-მ დაამტკიცა გეგმა „სუფთა ველი“. აშშ არის ქვეყანა, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის გამო ფიასკო განიცადა ამ გეგმის რეალიზაციაში. რუსეთმა არ მისცა მათ ამის გაკეთების საშუალება და ახლა მათ არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მსგავსი განცხადებები აკეთონ“, – თქვა ჩოჩიევმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სხვა ქვეყნები არ გაითვალისწინებენ აშშ-ის მოწოდებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
„დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში წავა. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამდე ჩვენი პოზიცია მივიტანოთ, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზედაც“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
ჩოჩიევი ეხმაურება გორდონის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ აქტიურად ცდილობს საქართველოში ეუთო და სხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები დააბრუნოს.
„რაც შეეხება ეუთოს საქართველოში მუშაობას მათი საქმეა, ვინ იმუშავებს მათთან, ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმ პირობით, თუ იგი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს“, – აცხადებს ჩოჩიევი.