სააკაშვილი „ქართუ ბანკს“ „დექსუსის“ და „აქსისის“ ხელით ახრჩობს

სააკაშვილი „ქართუ ბანკს“ „დექსუსის“ და „აქსისის“ ხელით ახრჩობს

 

„ქართუ ბანკში“ შესაძლოა, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინსიტრაცია შევიდეს. ბანკის 13-დღიანი იძულებითი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველობამ ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან 50 მილიონი დოლარის ღირებულების საკრედიტო ხელშეკრულებები გააფრომა. თუ ბანკი საკრედიტო სესხების ურზუნველყოფას 31 ივლისამდე ვერ მოახერხებს, „ქართუ ბანკში“ სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა. სავარაუდოდ კრედიტორების სიაში „დექსუსი“( ყოფილი „ცენტრპოინტი“) და „აქსისიც“ ფიგურირებენ, თუმცა რაკი კომერციული საიდუმლოებაა, მათი დასახელებისგან ბანკი თავს იკავებს, თუმცა სქემაზე, როგორ ცდილობენ „ქართუ ბანკი“ გაკოტრებამდე მიიყვანონ, ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაწვრილებით გვესაუბრება.

- ეს არ არის ერთადერთი ზიანი, რომელიც ამ შვიდ სამუშაო დღეში ე წ. დროებითმა მმართველობამ ჩაიდინა. ზოგადად რომ შევაფასოთ სიტუაცია, დროებითი მმართველი და მის მიერ დანიშნული პირები ეწეოდნენ რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობას, ვიდრე მათ ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილებით დავალებული.

იმის ნაცვლად, რომ გაეზარდათ ეფექტურობა მართვისა და მომგებიანობა ამ სტრუქტურებისა, საიდანაც უნდა გადაეხადათ ეს დაკისრებული ჯარიმა (სამართლიანი იყო ის თუ უსამათლო ეს მათ არ ეხებოდათ), მათ სრულიად საწინააღმდეგო, ბანკის ჩასაძირად მიმართული ნაბიჯები გადადგეს.

მოვიდნენ თუ არა, იმ დღიდან დაიწყეს მოლაპარაკება ევრობანკთან იმისათვის, რომ ვადაზე ადრე დაეფარათ ევრობანკიდან მიღებული სესხები, რომლის ვალდებულებაც არ ჰქონდათ. ეს არანაირად არ შედიოდა მათ ინტერესში, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.

საერთოდ, ბანკის ინტერესში არასოდეს არ შედის, რომ ევრობანკიდან მიღებული იაფი რესურსი სასწრაფოდ დააბრუნო. საინტერესოა, რატომ უნდა მოინდომო, რომ პირველ რიგში ეს დაფარო. გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, ევრობანკმა ამაზე უარი უთხრა.

მერე დაიწყეს თელავის ფილიალის რეკონსტრუქცია - გაუფორმებიათ გაუგებარი ხელშეკრულება ისე, რომ არ არის წარმოდგენილი არც დეფექტური აქტი არც რაიმე სხვა დოკუმენტი და ეჭვი მაქვს, რომ ეს ფულის გათეთრების და მოხსნის ინტერესი იყო.

თავის დროზე თელავის ბანკი 500 000 ლარი დაგვიჯდა ჩვენ და 800 000 ლარის რეკონსტრუქცია გაუკეთო ამ შენობას – უცნაურია. 300 000 გადარიცხულია ბოლო წუთებში. მეტიც, გადარიცხვა გაკეთებულია 18:25 სთ-ზე მაშინ, როცა 17 სთ-ის შემდეგ გადარიცხვები საერთოდ არ ხორციელდება.

როდესაც ჩემს თანამშრომელს აღუნიშნავს, ეროვნული ბანკი ვერ გაატარებს ამ თანხასო, უთქვამთ – არა, ეროვნული ბანკი გველოდებაო. ე.ი. პირდაპირ არის ჩართული და ეროვნული ბანკი უცდიდა ამ 300 000-ის გადარიცხვას. როგორც ჩანს, რაღაც ინტერესია, რომელიც ჯერ ვერ დავადგინეთ, რადგან უამრავი სხვა პრობლემაა.

ოცდახუთში, საღამოს, წასვლის წინ ბანკის ყველა თანამშრომელს გამოუწერეს პრემია, მაშინ, როდესაც ბანკი ნულზე ზის. ეს სულაც არ გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლები შეუყვარდათ ამ ორი კვირის განმავლობაში, ესეც იმიტომ გააკეთეს, რომ ეს თანხა ნახევარ მილიონს შეადგენს და ამით კიდევ დამატებითი ქვა მიებათ კისერზე ისედაც დახრჩობისთვის განწირული ადამიანისთვის.

ყველაზე მნიშვნლოვანი თავისი მოცულობით და ყველაზე დამღუპველი ბანკისთვის იყო ეს 50 მილიონი დოლარის მოცულობის ოთხი საკრედიტო ხელშეკრულება.

რამდენადაც ცნობილია, ეს საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკში განხილული არც ყოფილა და არც საკრედიტო განყოფილებას დაუმტკიცებია...

- ყველა არსებული და წარმოსადგენი, თუ გნებავთ, წარმოსახვითი საბანკო წესის დარღვევითაა გაკეთებული და ვერც ერთ წინადადებას ვერ წაიკითხავთ, ამ საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომელსაც არ მიყავხართ დარღვევამდე.

მოგეხსენებათ, სესხი ეკონომიკური კატეგორიაა და მას აქვს შესაბამისი არსის გამომხატველი ნიშნები. სესხი, როგორც წესი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შესაძლებელია არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემაც, მაგრამ ამისი ნორმატივებიც დადგენილია, რომ რა თანხას არ უნდა აჭარბებდეს და ბანკებისთვის ძალზე იშვიათი შემთხვევაა ასეთი სესხის გაცემა.

ამ ხელშეკრულებაში კი არის ჩადებული, მაგრამ ნახეთ რა საინტერესოდ არის ეს გაკეთებული - ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან თხუთმეტ დღეში უნდა წარმოადგინონ ეს უზრუნვეყოფა. ანუ, ჯერ უნდა გასცე სესხი და მერე უზრუნველყოფა წარმოადგინონ და თან ხელშეკრულებაში არ არის მითითებული რაიმე სანქცია, რა მოხდება, თუ უზრუნველყოფას არ წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ტყუილად არის ჩაწერილი და მისი შესრულება არ არის სავალდებულო.

ეს ნიშნავს, რომ ბანკი ვერ მოედავება?

- რასაკვირველია, ვერც ერთ შემთხვევაში. მეორე ძირითადი პრინციპი არის მიზნობრიობა. ეს საკანონმდებლო ნორმაა, აქედან გადახვევა არ შეიძლება, არამიზნობრივი სესხის გაცემა არ შეიძლება და როცა კონტრაქტში წერ, რომ კომპანიის წესდებით გათვალისწინებული ძირითადი მიზნების შესაბამისად გაიცემა სესხი, ეს ნიშნავს, რომ მას მიზნობრიობა არ აქვს, რადგან კომპანიის წესდებაში ყველაფერია ჩაწერილი. თუ მშენებლობაზე აძლევ სესხს, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მიზნობრივია.

ბანკში წარმოდგენილი არ არის არც განაცხადი, არც ბიზნესგეგმა, არც ხარჯთაღრიცხვა, არც მშენებლობის ნებართვა. ეს ყველაფერი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ დეველოპერმა სესხი მიიღოს.

სესხი გაიცემა წლიური 13%-ით და ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა გადაიხადონ 12%, მაშინ როდესაც ვადაგადაცილების შემთხვევაში ყველა ბანკში, მინიმუმ 24%-ია - არ უნდა იყოს კლიენტი დაინტერესებული ვადაგადაცილებით.

თუმცა, არც ეს არის პრობლემა. ნახეთ რა მიდგომაა – დროებითი მმართველი ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომ გასცეს სესხი და პირველი ერთი წელი კლიენტი გათავისუფლებულია, როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდისგანაც. ეს რას ნიშნავს? შენ ბანკის დასაქცევად ხარ მოსული თუ მოგების გასაზრდელად?

50–მილიონიანი სესხი გასცეს ნებისმიერმა ქართულმა ბანკმა და იქიდან შემოსავალი ვერ მიიღოს, ეს ნიშნავს, რომ ხელფასიც კი ვერ უნდა გასცეს თანამშრომლებზე, იმდენად წამგებიანია.

იდეა გამაგებინეთ, დროებითი მმართველი იმიტომ მოვიდა, რომ ამ ოთხ კომპანიას შეუქმნას სამოთხის პირობები?

რა გამოიწვია ამ სესხის გაცემამ, ბანკს რა პრობლემები შეექმნა?

- რადგან არსებობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, ბანკის გენერალური დირექტორი ხელს აწერს გენერალურ ხელშეკრულებასაც და უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებასაც, ეს უკვე ბანკის ვალდებულებაა.

გავცემ ამ სესხს თუ არა, ეს არის ბანკის ვალდებულება და ამცირებს ბანკის ლიკვიდობას. ანუ ეროვნულ ბანკს ხვალვე შეუძლია მითხრას, ჩასვი ეს შენს ვალდებულებაშიო და ბანკი გამოდის კატასტროფულად არალიკვიდური. ეს კი ერთმნიშვნელოვნად აძლევს საშუალებას ეროვნულ ბანკს, რომ შემოიყვანოს დროებითი ადმინისტრაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის დაპატრონება ხელისუფლების გეგმაში იყო, ხმებიც გამოვიდა, თითქოს ბანკიდან წასვლისას დროებით მმართველს დაუქადნებია, დამაცადეთ, ისევ დავბრუნდებიო...

- რასაკვირველია, ბანკის დაძირვა ჰქონდათ გამიზნული. ირაკლი ზარქუას განუცხადებია ჩემი დღევანდელი თანამშრომლებისთვის (ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ხვალ ისინი შესაძლოა აღარ იყვნენ ჩემი თანამშრომლები), ორ კვირაში დავბრუნდებიო.

დაახლოებით ორკვირიანი პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ თვის ბალანსი მიიღოს, დაადგინოს არალიკვიდობა და შემოიყვანოს დროებიოთი ადმინისტრაცია.

ირაკლი ზარქუა რას წარმოადგენს? რა სტატუსით უნდა დაბრუნდეს?

- ზარქუა გახლავთ პიროვნება, რომელიც ორი სახით უკვე წარმოგვიდგა ამ ბანკში და ეჭვი მაქვს, რომ მესამე სახითაც მოვა. ზარქუა ხელმძღვანელობდა იმ ცხრათვიან ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც ვითომ ეროვნული ბანკიდან შესამოწმებლად გვეჯდა. მერე სასწრაფოდ გაითხოვეს აქედან, გაათავისუფლეს ეროვნული ბანკიდან და ბატონმა უგულავამ, ანუ დროებითმა მმართველმა, დანიშნა „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად. დიდი ეჭვი მაქვს, რომ თუ ეროვნული ბანკი დროებით ადმინისტრაციას შემოიყვანს, ისევ ზარქუას სახით განხორციელდება ეს.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომელიც დეველოპერული კომპანიების დაფინანსებაში სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. ვთქვათ, ერთ-ერთ კომპანიაზე ბანკმა 15-მილიონიანი კრედიტი უნდა გასცეს. საკრედიტო ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს 15 მილიონი ერთ დღეში უნდა გადავურიცხოთ, ხელშეკრულების დადებიდან მეხუთე დღეს.

არც ერთი კრედიტი არ გაიცემა ასე - არ შეიძლება, რომ გენერალური ხელშეკრულება და უშუალო საკრედიტო ხელშეკრულება ერთი და იგივე თანხა იყოს, რადგან გენერალური ხელშეკრულება ზოგადია, საკრედიტო კი – კონკრეტული, და ხელშეკრულებები ეტაპობრივად დგება.

დეველოპერებში ეს სულ სხვა სპეციფიკითაა. შეიძლება საწარმოს 15 მილიონი მისცე, თუ 15 მილიონის პროდუქცია შემოაქვს უცხოეთიდან, მაგრამ შენ ეს თანხა თუ მშენებლობაში უნდა დახარჯო, 15 მილიონიანი ობიექტის აშენებას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება და წინასწარ რატომ იღებ ვალს? იქ ეტაპებია განსაზღვრული და პირველი ეტაპის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვაძლევთ თანხას. 15–მილიონიან კრედიტზე ერთ გაცემაზე მაქსიმუმ 500 000 გაიცეს, მოიტანს მისი შესრულების დოკუმენტაციას და შემდეგი ნაწილი გაიცემა.

მიზნობრიობას თუ ვაკონტროლებ, ფული რატომ უნდა გავცე ტყუილად, ან იმას რაში აწყობს ეს ფული მთლიანად წაიღოს, ეს კლიენტს არ უნდა აწყობდეს, მთლიანი თანხის პროცენტი რატომ უნდა იხადოს? ახლა კი, უფალმა იცის ამ 15 მილიონს, სად წაიღებს.

შესაძლოა, ეს თანხა ამ დეველოპერებს არც მიაქვთ, და ვიღაც სხვა იღებს ამას გამორიცხავთ?

- რა ვიცი, ვის მიაქვს... მაგრამ რაც ჩვენს წინააღმდეგ კეთდება, ყველაფერში, უმაღლესი ხელისუფლებიდან დაწყებული, ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა რომ არის ჩართული – ცხადია. რა ვიცი, ამ ფულს ვინ წაიღებს, ან რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის...

კანონითა და პროცედურის დაცვით ახლა რა ღონისძიება შეიძლება დაიწყოს ბანკში?

- პროცედურა და კანონი რაში აინტერესებს მკითხველს, როცა ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს? არც ერთი კანონით დაცული მუხლი არ განხორციელებულა რა ღონისძიებაც კი „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ განხორციელდა.

კანონსა და პროცედურებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ხელშეკრულება დანაშაულებრივია, ყველა მონაწილემ უნდა აგოს პასუხი სისხლის სამართლის წესით. უნდა გაუქმდეს ეს დადგენილება და ციხეში წავიდეს ის, ვინც ამას ხელი მოაწერა, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც.

თუ ეს გაინტერესებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენს ბანკს არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ეს გაუქმდება და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს როგორმე. არც ნორმატივს დავარღვევთ, არც ლიკვიდობას. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ, რა შეიძლება გააკეთოს ამ ბანდიტმა ხელისუფლებამ.

და რა შეიძლება გააკეთოს?

- მე კი გეტყვით, რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები მათ კითხავთ, რას აპირებენ და რას აკეთებენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უნდა გაუჭირდეს ამ მარტივ კითხვაზე პასუხი...

 აუცილებლად ვკითხავთ, და პასუხიც სავარაუდოდ ცნობილია, რომ ის არაფერ შუაშია, მაგრამ თქვენი ვერსიაც მაინტერესებს...

- რამდენიც გინდა იძახოს, რომ მე არ გამიკეთებიაო, ის კაცი, რომელიც ცხრა თვე იჯდა და ატერორებდა ბანკს, გაათავისუფლე, და უგულავას გადაწყვეტილება იყო თუ ვისი, რა მნიშვნელობა აქვს, შეუშვი ისევ ამ ბანკში დასაქცევად. ამ შენმა წარმომადგენელმა, ეროვნული ბანკისა, რომელიც ბანკების სისტემაში მამად ხარ აღიარებული და ვალდებული ხარ იბრძოლო ბანკის გადასარჩენად, დააძირინე ბანკი ბოლომდე.

მერე გაუთვალისწინებელად შეიცვალა სიტუაცია, წაიყვანე შენს მრჩევლად და ახლა ელოდები, როგორ გააგზავნო სხვა ამპლუაში იგივე მიზნით ოღონდ – სხვა სტატუსით. შეიძლება ნორმალურ ადამიანს ამაზე პასუხი ჰქონდეს?

არის მინიმუმ ორი მიმართულება. ერთი, რომ 5 დღეში ჩვენ ამ სესხს არ გავცემთ და ვერ გავცემთ იმიტომ, რომ ბანკში ფული არ არის. საიდან უნდა გავცე 40 მილიონი, როცა ერთი მილიონი არ მაქვს, მაგრამ ვალდებულება აღებულია?

ისინი წავლენ ნოტარიალური ან სასამართლოს წესით და აღსრულებას მოგვთხოვენ. იგივე პროცედურა შეიძლება განვითარდეს, რაც მოხდა მანამდე, ბიძინა ივანიშვილს რომ ჯარიმა დააკისრეს.

მეორე ვარიანტია, გვაიძულონ ავსახოთ ეს ვალდებულება გარე ბალანსში ვალდებულებად და იმავე დღეს ხდება ბანკი მნიშვნელოვნად, სერიოზულად არაკლიკვიდური. არალიკვიდური რატომ გახდა, ამას თუ იგნორირებას გავუკეთებთ, ეროვნული ბანკი უკვე ვალდებულიც არის შემოიყვანოს დროებითი ადმინისტრაცია. დროებითმა ადმინისტრაციამ, წესით, გაჯანსაღებაზე უნდა იმუშავოს, მაგრამ ამათი გაჯანსაღება ვნახეთ - ერთ თვეში ამ ბანკიდან ბუნდღა არ დარჩება.

რა უნდა ქნათ, გაქვთ რაიმე გეგმა?

- 13 წელი უმუშევარი ვიყავი და ვიქნები ისევ უმუშევარი, ჩემთან ერთად კიდევ 300 თუ 320 ადამიანი.

ანუ, გამოსავალს ვერ ხედავთ?

- არანაირი გამოსავალი არ არის, თუ სასამართლო ჩვენს კანონიერ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, რომ ბათილად ცნოს, ეს ხელშეკრულება. მაგრამ გარწმუნებთ, რომ სასამართლო ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება როგორია?

- მათ შევატყობინე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მაქვს და ვგრძნობ, რომ ამ ბანკისთვის თავის გაწირვას არავინ არ აპირებს.

ანუ, შესაძლოა „ქართუ ბანკი“ გაკოტრდეს?

-რასაკვირველია! იაპონიის ხელისუფლებამ რომ მოინდომოს, ერთ თვეში გააკოტრებს მსოფლიოს უდიდეს ბანკს „ტოკიო მიცუბიშის“, ჩვენ ცხრა თვეა ვიბრძვით და ჯერ კიდევ ვარსებობთ.