27 ივლისს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა დასკვნითი გამოკვლევა საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის შესახებ. ეს არის რიგით მესამე გამოკვლევა, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის შემოდგომის შემდეგ, ფარმაცევტული ბაზრის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე მოამზადა და საქართველოს მთავრობას სადაზღვევო სისტემის კორექტირებისაკენ მოუწოდა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთათვის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, რომ სექტემბრიდან ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სტუდენტებს, ასაკით პენსიონერებსა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავს. თუმცა რეკომენდაციებისა და შენიშვნების ჩამონათვალი გამოკვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ სწორედ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემას მიუძღვნა, საკმაოდ გრძელია. პროექტის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები სათანადოდ არ არის გაწერილი, ხოლო რაც არის, ამ უფლებების შესახებ გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს სმენია.
“სახელმწიფო დაზღვევით, მოქალაქეებს უფლება აქვთ 50 ლარის მედიკამენტი მიიღონ უფასოდ, თუმცა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია - მაგალითად, ”ავერსის” შვილობილი ”ალფა” - მათ ამ არჩევანს უზღუდავს და ეუბნება, რომ მხოლოდ ”ავერსის” ქსელში შეუძლიათ მათ მედიკამენტების შეძენა, რაც პირდაპირ არღვევს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებას. მედიკამენტების სია მხოლოდ 5 კატეგორიის მედიკამენტებს მოიცავს, მაშინ როდესაც გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ის მედიკამენტები, რაც მათ სჭირდებათ, ამ სიაში არ შედის. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაც ესაა, რომ მთავრობამ თავად შეისწავლოს ვითარება და ეს სია გააფართოოს.”
გამოკვლევის მიხედვით, სადაზღვევო სისტემაში არსებული მთელი რიგი პრობლემების გამომწვევი მიზეზი ახლად აშენებული საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანების მფლობელობაში ყოფნაა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საავადმყოფოების მართვის სადავეები ნელ-ნელა დამოუკიდებელი სამენეჯმენტო კომპანიების ხელში გადავიდეს, რათა აღარ არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
”ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საავადმყოფო და სადაზღვევო კომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. საავადმყოფო სთავაზობს საუკეთესო მომსახურებას და შესაძლოა ეს მომსახურება იყოს ძვირი, სადაზღვევო კომპანია კი დაინტერესებულია, რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს და მათ ჭიდილში რაღაც ბალანსი მყარდება. საქართველოში ეს ბალანსი დარღვეულია, რადგან ორივე მხარეს ერთი სუბიექტი წარმოადგენს და ეს მხარე კი ცდილობს დაზოგოს ფული მკურნალობაზე და ამ შემთხვევაში არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ პაციენტი მიიღებს მისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მკურნალობას.”
სადაზღვევო სისტემის ნაკლად კვლევის ავტორები მიიჩნევენ იმასაც, რომ გარკვეულწილად შეიზღუდა კონკურენციაც - თუ ადრე სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ადამიანებს თავიანთი კუთვნილი ვაუჩერებით შეეძლოთ ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიისათვის მიემართათ, დღე ს მათ ეს არჩევანი შეზღუდული აქვთ. კონკრეტულ რაიონში სახელმწიფო დაზღვევის მიმწოდებელი კონკრეტული კომპანიაა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ მთავრობამ კვლავაც უნდა იფიქროს ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამის აღდგენაზე. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, მიხეილ კუკავა, შენიშნავს, რომ გამოკითხული 252 რესპონდენტიდან დაახლოებით 74 მზადაა თავად გადაიხადოს 5 ლარი, იმ დამატებითი მომსახურებისთვის, რასაც სახელმწიფო დაზღვევის პაკეტი არ ითვალისწინებს.
გამოკითხული 252 ბენეფიციარიდან 40-მა განაცხადა, რომ მათი თვიური შემოსავალი 400 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობდა, ხოლო 20 ადამიანის თქმით, მთი შემოსავალი 300-400 ლარია. მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ ამ მთავრობამ უნდა გამოიკვლიოს როგორ მოხვდნენ ასეთი ადამიანები სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა სიაში და დააზღვიოს ისინი, ვისაც ეს მართლაც სჭირდება.
საავადმყოფოებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი:
”თუ შენ ხარ სადაზღვევო კომპანია და შეგიძლია იაფად და ნორმალურად მოემსახურო, ბარაქალა შენ! რატომ უნდა მოემსახურო ძვირად, არ ვიცი. მაგრამ ნამდვილად არ იქნები დაინტერესებული, რომ მოემსახურო იაფად და ცუდად, იმიტომ რომ ეს აუცილებლად შემოგიბრუნდება რეჰოსპიტალიზაციით და დამატებითი ხარჯებით. ასე რომ, მე აქ ინტერესთა კონფლიქტის პრობლემას ვერ ვხედავ.”
დევი ხეჩინაშვილისათვის ამ გამოკვლევიდან ახალი და საინტერესო იყო დაკვირვება უმწეოთა შორის ნებაყოფლობით დაზღვევაზე:
”ახალი იყო იმიტომ, რომ ჩვენ აქამდე არასოდეს დაგვიფიქსირებია უმწეოთა შორის, რომ მათ აქვთ სურვილი თავად გადაიხადონ ხუთი ლარი. ჩემი აზრით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ნებაყოფლობითი დაზღვევის პოტენციალზე ყურადღება იმიტომ გაამახვილა, რომ ასე მთავრობას მიმართა, უთხრა, რომ მას არ უნდა შეეწყვიტა იაფი დაზღვევის პროგრამა, რომ მან კვლავაც უნდა გააგრძელოს ნებაყოფლობითი დაზღვევის სუბსიდირება, რადგან ხალხს ეს სურს და კეთილი ინებე და წაჰკარი ხელი.”
ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის უფროსი სოფიო ლებანიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის სადაზღვევო პოლიტიკაზე ნათლად მეტყველებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გაფართოების ფაქტიც:
”დღეს უკვე მილიონი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით და სექტემბრიდან უკვე ეს რიცხვი გაიზრდება, როცა სტუდენტები, ბავშვები და ასაკით პენსიონერებიც დაეზღვევიან. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს ჩვენი პოლიტიკის მიმართულება და მიზანი, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები ფართოვდება და მოქალაქეებს ექნებათ ბევრად გაუმჯობესებული მისაწვდომობა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაზე, ვიდრე ეს იყო აქამდე.”