კონტროლის პალატაში არც მოგელაძე შეიცვლება და არც არაფერი

კონტროლის პალატაში არც მოგელაძე შეიცვლება და არც არაფერი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი თავმჯდომარე ლაშა თორდია, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა ოთხშაბათს, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა, პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს. თუმცა, “ფორ.გე”-თან საუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ ის მოგელაძის შეცვლას არ აპირებს.

გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა იმ მოტივით დატოვა, რომ მას სურს, კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. არაოფიციალური ინფორმაცით კი, მას ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელებს კახეთის ერთ–ერთ საარჩევნო ოლქში.

საქართველოს კანონმდებლობით გენერალურ აუდიტორს ამტკიცებს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. დავით ბაქრაძემ არჩევანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, ლაშა თორდიაზე გააკეთა და, როგორც ითქვა, წარდგენამდე პრეზიდენტთან შეთანხმდა.

ოთხშაბათს კი, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა 83 ხმით, 2–ის წინააღმდეგ გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდიას დანიშვნის და მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.

„ჩემთვის ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა დიდი პატივი იყო. მრავალი გამოწვევა ერთად გადავიტანეთ და ჩვენს გუნდში ბზარი არასდროს არ გაჩენილა, ამიტომ ყოველთვის ვიამაყებ“ – ლაშა თორდიამ კენჭისყრის შემდეგ კოლეგებს მოკლე სიტყვით მიმართა.

ამასთნ, ის პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რათა სამართალდარღვევათა პრევენცია მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული იძულებითი ღონისძიებების გამოყენება.

რატომ გააკეთა მან ეს შეთავაზება პარტიების მიმართ და კიდევ რის შეცვლას აპირებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლაშა თორდიას ესაუბრა.

რატომ დათანხმდით ამ თანამდებობაზე დანიშვნას?

– ამ თანამდებობაზე ჩემი წარდგენა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ეს სამსახური ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ჩემი წარდგენით და დანიშვნით არის ძალიან დიდი ნდობა გამოცხადებული და მინდა, მათ, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მე ვაპირებ, გავაგრძელო ის რეფორმები, რაც ახლა უკვე მიმდინარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა, პირველ რიგში, საჯარო ფინანსები იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებაში ამ სამსახურის მიმართ იყოს ნდობა და ამ სამსახურის ფუნქციები რამდენიმე პრინციპს ემყარებოდეს. ეს არის: საჯარობა, სამსახურის დამოუკიდებლობა, ობიექტურიბა და პროფესოიონალიზმი. ამ ოთხ პრინციპზე დაფუძნებით ვაპირებ, რომ გავაგრძელო ის რეფორმები, რაც ამ სამსახურში მიმდინარეობს და ასევე ის ახალი ფუნქცია, რაც ბოლო პერიოდში დაემატა. ვგულისხმობ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს.

ბოლო პერიოდში საზოგადოების ყველაზე მეტი უკმაყოფილება სწორედ ამ ფუნქციამ გამოიწვია და ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

- მე პარტიებს ვთავაზობ, გავმართოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ მოხდეს სამართალდარღვევების პრევენცია, ეს სამსახური ზოგადად იყოს სამართალდარღვევების პრევენციაზე ორიენტირებული, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, იყოს გამოყენებული რაიმე ტიპის იძულებითი ღონისძიებები და მზად ვარ, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები გავმართოთ და ერთობლივად დავსახოთ გზები.

ბოლო პერიოდში საზოგადოების უკმაყოფილებას სწორედ ეს მიმართულება იწვევდა და თვლით თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მხრიდან არასწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული? კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?

- არა, ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები არასწორი იყო. მაშინ, როდესაც პარლამენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი კონტროლის პალატას ანუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განეხორციელებინა, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე – ვენეციის კოიმისიის რეკომენდაცია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო ყოფილიყო თანასწორი. შესაბამისად, ეს ფუნქცია ამ სამსახურმა შეიძინა იმისთვის, რომ თანაბარი მიდგომები იყოს ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ. რა თქმა უინდა, კანონით გათვალისწინებულ რეგულაციების ფარგლებში.

თქვენ თქვით, რომ პარტიებს სთავაზობთ კონსულტაციებს. თუკი აქამდე ყველაფერი უშეცდომოდ კეთდებოიდა, ამ შეთავაზების საჭიროება რატომღა არსებობს?

- ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვლილ პერიოდს ეჭვქვეშ ვაყენებ. მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც იყო პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით მიღებული, იყო ობიექტური, მაგრამ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა არსებობდეს, მათ კიდევ უფრო კარგად იცოდნენ, რა ნორმები და რეგულაციები არსებობს დღეს პარტიების ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, ამისთვის ვთავაზობ თანამშრომლობას. ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი ნების გამოხატულება.

საკადრო ცვლილებების განხორციელებას თუ გეგმავთ?

- მე მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ არ მიმაჩნია სწორად, ახალი ხელმძღვანელის მისვლა ნებისმიერ სამსახურში ნიშნავდეს თანამშრომლების გათავისუფლებას ან მსგავსი პროცესების წარმართვას. ამიტომ, არანაირად არ ვაპირებ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებდნენ თავის მოვალეობას, რამენაირად შევზღუდო. პირიქით, მე ვგეგმავ, რომ მათ პროფესიულ განვითარებას უფრო მეტად შევუწყო ხელი, რისთვისაც ჩავატარებთ ტრენინგებს და ა.შ.

ეს არის ჩემი მიზანი, რომ არ მოხდეს წყვეტა და რეფორმები ყველა ხელმძღვანელის მისვლისას თავიდან არ იწყებოდეს. რეფორმები იმ ადამიანებმა გააგრძელონ, ვინც დაიწყო და ზუსტად იციან, რა მიზანს ემსახურება ეს რეფორემები და ამ მიზნის მისაღწევად რა პროცესები უნდა გაიარონ. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც თავის მოვალეობას პროფესიონალურად ასრულებს, დარჩება თავის სამუშაო ადგილზე და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

საკადრო პოლიტიკის მიმართ თქვენი მიდგომა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად მოგელაძესთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი შეცვლაა საჭირო, თუნცაც იმ ნეგატიური დამოკიდებულების გამო, რაც მის მიმართ არსებობს საზოგადოებაში?

- არა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაპირებ არანაირი საკადრო გადაადგილებების განხორციელებას.

რა იქნება ახალი, რაც აქამდე არ გაკეთებულა და თქვენ გეგმავთ, რომ მისი გაკეთება არის აუცილებელი?

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს მკვეთრად დაფიქსირებული უფლება-მოვალეობები, რაც კანონში არის გაწერილი. მე ვიყავი 2008 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ჩვენ მაშინ მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან გავიარეთ ის პოლიტიკა და მიზნები, რაც დაისახა მაშინდელმა კონტროლის პალატამ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სამსახური გარდაქმნილიყო სახელმწიფო აუდიტორად, ანუ პრევენციული მექანიზმების მატარებელ სამსახურად, რათა ის ყოფილიყო არა სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ ყოფილიყო ის ორგანიზაცია, რომელიც საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების დროულად აღმოფხვრაზე იქნებოდა ორიენტირებული

მე ახლაც ვეთანხმები ამ პოლიტიკას, რომლის შემუშავებასა და მიღებაში მეც ვიყავი ჩართული. ამიტომ შესაძლებელია, რომ ახალი ღონისძიებები გატარდეს, გაჩნდეს ახალი ინიციატივები, მაგრამ არ უნდა შეჩერდეს სამსხურის განვითარება და ეს უნდა იყოს დინამიური პროცესი.