„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე 27 ივლისს, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც სოფრომაძე ირწმუნება, ის უბრალოდ, მოწმის სახით დაკითხეს. სოფრომაძე მომხდარის განმეორებას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩვენების მიცემა ან განმარტებების გაკეთება შესაძლოა საჭირო კიდევ გახდეს.
კონკრეტულად, რა მოხდა 27 ივლისის დილით, როგორ პირობებში მოუწია სოფრომაძეს პროკურატურის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და რატომ განაცხადა მან ადვოკატის მომსახურებაზე უარი, From.ge „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრს, ზაზა სოფრომაძეს ესაუბრა.
ზაზა სოფრომაძე: 27 ივლის გამთენიისას დაახლოებით, 04:00 საათზე იმ მიზეზით, რომ თითქოს სადარბაზოში რაღაც ხდებოდა. ჩემს სახლში სამოქალქო და პოლიციის ფორმაში ჩაცმული ათამდე ადამიანი შემოვიდა. როდესაც მათ ვუთხარით, რომ არაფერი არ მომხდარა და, შესაბამისად, არანაირი ხმაური არ ყოფილა-თქო, მითხრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გავყოლოდი.
ბუნებრივია, დავთანხმდი, თუმცა მიზეზი არ ვიცოდი. მომხდარმა ბუნებრივია, ნერვიულობა გამოიწვია. გამთენიისას 4 საათზე, საკუთარ სახლში, თუნდაც რამდენიმე ძალოვანის შემოსვლა, არასასიამოვნო ფაქტია. წამიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთავარ პროკურატურაში უნდა მივსულიყავით. მივედით მთავარ პროკუტარურაში და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდი, თუ რა მოხდებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ მე მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად ვიყავი დაბარებული.
რა საქმესთან დაკავშირებით იყავით მოწმის სტატუსით მიყვანილი?
- საქმე ეხებოდა 2004-2006 წლებში სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის საქმიანობას, რომლის ხელმძღვანელიც წინა წლებში მე გახლდით და შეკითხვები, საუბრები ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობდა.
დაკითხვის პროცესი როგორ მიმდინარეობდა? ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე უხეშ ქმედებას?
- სხვათა შორის, ურთიერთობა მთავარ პროკურატურაში, დაკითხვის პროცესში, საკმაოდ კორექტული იყო. რაიმე უხეშ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მათ მითხრეს, რომ მე გამომიძახეს მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად და ახსნა–განმარტებებს ვაძლევდი.
რაც შეეხება სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის საქმიანობას, ამ საქმიდან დაახლოებით, 6 წელი გავიდა... გამოდის, რომ ანალოგიური რამ კიდევ შეიძლება გადაგხდეთ თავს?
- არაფერს არ გამოვრიცხავ. ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი მასალაა. ყველა თანამშრომელს, მათ შორის – მეც, ყველა ამ კითხვაზე და ამ მასალებზე თავის დროზე პასუხი გაცემული გვაქვს. შესაბამისად, ახლაც არანაირი პრობლემა არ იყო.
თქვენ უარი განაცხადეთ ადვოკატის მომსახურეობაზე... რატომ?
- მე არ დამჭირვებია ადვოკატი, რადგან წმინდა პროფესიული საკითხები და შეკითხვები იყო, რომლებზედაც ბუნებრივია, პასუხის გაცემა შემეძლო. შემეძლო კი არა, შესაბამისი განმარტებების გაკეთება მარტივიც იყო, თუმცა ამასთანავე, შევთანხმდით, რომ თუ ადვოკატი საჭირო იქნებოდა, მე მისი გამოძახების საშუალება მომეცემოდა. თუმცა საუბარი ბოლომდე წმინდა პროფესიული კუთხით წარიმართა. შესაბამისად, საჭირო პასუხები, ახსნა - განმარტებებით მათ ჩემგანაც მიიღეს.
ჯერ-ჯერობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო. არაა გამორიცხული, მსგავსი ჩვენების მიცემა ან განმარტებების გაკეთება ამის შემდეგაც გახდეს საჭირო.
კონკრეტულად, მაინც რას შეეხებოდა შეკითხვები, არცერთი სამართლებრივი ხასიათის შეკითხვა არ დაუსვამთ?
- არა. ეს იყო მხოლოდ წმინდა პროფესიული ხასიათის შეკითხვები, რომლებიც იმ საქმიანობის სახეს უკავშირდებოდა, რომელსაც იმ პერიოდში ვახორციელებდით.
თქვენი განცხადებების მიუხედავად, თქვენი პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა თქვენი დაკავების შესახებ ფაქტი, პოლიტიკურ დევნად შეაფასეს...
- ნუ ვიტყვით, რომ ეს იყო დაკავება. მე დამკითხეს მოწმის სტატუსით. რაც შეეხება შეფასებებს, მათი შეფასებები ბუნებრივია. სხვას რას იფიქრებდნენ? სხვათა შორის, მინდა ბატონ გელა ნიკოლეიშვილის მადლობა ვუთხრა. მისი გამოჩენა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიცოდი, რომ მოსული იყო. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს პროცესი მისმა გამოჩენამაც დააჩქარა. აღვნიშნავ, რომ ამ კითხვებზე პასუხები მეც და ჩემს თანამშრომლებსაც ძალიან ბევრჯერ გვაქვს გაცემული. მათ შორის – სამართლებრივ ორგანოებში. ალბათ, მიღებული პასუხები არასაკმარისად ჩათვალეს და აღნიშნულზე დამატებითი კომენტარის მიღება მიიჩნიეს საჭიროდ.