ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების მოცულობის ყოველწლიურად თითო მილიარდით ზრდის. გამონაკლისი არც 2012 წელია. ხელისუფლება წელს 946 მილიონი ლარის კრედიტს აიღებს.
საგარეო ვალების ასეთი დიდი მოცულობით მიღება ძალიან შემაშფოთებელია, მით უფრო, რომ 2013 წლიდან ვალების მომსახურების საკითხში დიდი გამოცდა გველის. სწორედ რამდენიმე თვის შემდეგ იწყება აქამდე ნაგროვები ვალების ძირითადი ნაწილის მომსახურება.
წლევანდელი ვალების თითქმის ნახევარს რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარჯავს. დანარჩენს ხელისუფლება ენერგეტიკული სისტემებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დახარჯავს.
174 მილიონი ლარი, ხელისუფლებამ EBRD, EIB, KfW -სგან შავ ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ისესხა. 53,3 მილიონი ლარის კრედიტი დაიხარჯება შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისთვის. 90 მილიონ ლარამდე სვანეთი, რუისისა და რუისი-რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიცაციისთვის მსოფლიო ბანკმა გვასესხა. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროექტი (ხიდები, ესტაკადები, გვირაბები) 102 მილიონი ლარის კრედიტით აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.
სახელმწიფო ვალი საბიუჯეტო შემოსავლების 135%-ს აღწევს. სპეციალისტები განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნაად აფერხებს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალი 3,8 მილიარდი დოლარია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა კი 592 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სწორედ საგადასახადო შემოსავლები და სახელმწიფო ვალი დასახელდა საქართველოს მთავარ ფისკალურ რისკებად კვლევაში, რომელიც `პიემსი~ კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.
"ბოლო წლების მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, როდესაც რამოდენიმე განვითარებული ქვეყანაც კი აღმოჩნდა დეფოლტის წინაშე, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ფისკალური მდგრადობის შესწავლა. მსგავსი სცენარი რომ არ განმეორდეს, საჭიროა წინასწარ შეფასდეს ქვეყნის გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობა, რამდენად მზად არის ქვეყნის ეკონომიკა უპასუხოს შესაძლო ნეგატიურ გამოწვევებს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
"პი-ემ-სი" კვლევითმა ცენტრმა ფისკალური სტაბილურობის შესუსტების ორი რისკი გამოყო: საგადასახადო შემოსავლების დინამიკის შემცირება მსპ-ის მიმართ და სახელმწიფო ვალის ზრდა მსპ-ის მიმართ.
მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია რამდენად შენარჩუნებადია დადებითი ტენდენცია და რამდენად მზად არის საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს, მაგალითად, განმეორებით ფინანსურ კრიზისს უპასუხოს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სავალო კრიზისი არ ემუქრება. მეტიც: ქვეყნის ფისკალური სექტორი მზად არის გაუძლოს ეკონომიკური ზრდის, სავალუტო კურსის და ბიუჯეტის დეფიციტის 3 წლიან შოკებს.
მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ვალის მომსახურების მაჩვენებელი არ წარმოადგენს ისეთ სიდიდეს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის გადახდისუნარიანობას. მეორე მხარეა სოციალური ვალდებულებები (ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომლის ფარდობითი სიდიდე (მშპ-ის მიმართ) შემცირდება, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ეს ხარჯებიც გაიზრდება.
"ეს არის გამოწვევა მთავრობისთვის, რა დონეზე ჩაერევა ეკონომიკაში და შემოსავლების გადანაწილებაში. ეკონომიკისთვის ყველაზე არასასურველი სცენარია სოციალური ხარჯების მაღალი ხვედრითი წილი შენარჩუნდეს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე. თუ ასეთი პოლიტიკა პერმანენტულად გაგრძელდება, ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას აუცილებლად საფრთხე შეექმნება", - დასძენენ მკვლევარები.