სახელმწფიო დაზღვევას იღებს ხალხი, რომელთა შემოსავალი 3000 ლარია

სახელმწფიო დაზღვევას იღებს ხალხი, რომელთა შემოსავალი 3000 ლარია

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” უახლესი კვლევა - “საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორი” გამოაქვეყნა.  კვლევის თანახმად, საქართველოში დღეისთვის არ არსებობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემა. საერთოდ კი სახელმწიფო სადაზღვავეო პროგრამებში ძალიან ბევრი რამ გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არ ახდენს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებზე გაწეული ხარჯების ანალიზს.  ამის გამო მისთვის ძნელია მოახდინოს აღნიშნული პროგრამების განხორციელების დროს აღმოჩენილი პრობლემური საკითხების კორექტირება;

“2012 წლის დაზღვევის პროგრამის საერთო ღირებულება 174, 1 მილიონი ლარი, სამედიცინო მომსახურების იმგვარ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც სხვა სახის დაზღვევით (კორპორაციული, ინდივიდუალური) ვერ იქნება მიღწეული;

საქართველოში საავადმყოფოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმართება სადაზღვევო კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების და არა დამოუკიდებელი კომპანიების მიერ, რაც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. სახეზეა მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი;

სადაზღვევო პაკეტის სრული შესაძლებლობის შესახებ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა 2%-ზე ნაკლებმა იცის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ საკუთარი დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემს.

2009 წლის 9 დეკემბრის მთავრობის დადგენილება არსებული სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს 50%-იან თანაგადახდას სთავაზობს 50 ლარის ღირებულების იმ წამლებზე, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამკურნალო საშუალებათა ნუსხაშია შეტანილი, რაც 25 ლარის ღირებულების შეღავათს ნიშნავს. ამ ნუსხაში მხოლოდ ხუთი სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მედიკამენტი შედის. ბენეფიციარების 20% მათთვის საჭირო მედიკამენტები ნუსხაში ვერ აღმოაჩინა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების შედარებამ აჩვენა, რომ “ავერსის” შვილობილი კომპანია “ალფა” უხეშად არღვევს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებას, რადგან სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს უზღუდავს უფლებას, წამლები გარანტირებული ლიმიტის ფარგლებში მათთვის სასურველ აფთიაქში იყიდონ. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის თანახმდა, წამლების შეძენა “ალფას” ბენეფიციარებს მხოლოდ “ავერსის” სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ.

“2010 წელს, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ 2008-10 წლებში სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებთან კონტრაქტების 75% დადგენილ ვადაზე გვიან გაფორმდა, მაშინ როცა სახელმწიფო კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სადაზღვევო პრემიას იხდიდა;

სახელმწიფო დაზღვევის იმ 252 ბენეფიციარიდან, რომლებიც ჩვენმა სოციოლოგიურმა კვლევამ მოიცვა, ორმოცმა განაცხადა, რომ მათი თვიური შემოსავალი 401 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ოცის თქმით, მათი შემოსავალი 300-400 ლარია, რაც, ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში თაღლითურად მოხვდნენ”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამგვარი დარღვევების ფონზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მთავრობის, ეროვნული ბანკისა და მზღვეველებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აღმოფხვრას შეუსაბამობები სახელმწიფო დაზღვევის როგორც არსებულ, ისე ახალ, გაფართოებულ პროგრამებს შორის, შექმნას სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის სწორი სტიმულები; უნდა შემოიღოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

“საავადმყოფოები უნდა მართონ დამოუკიდებელმა მენეჯმენტ-კომპანიებმა და არა სადაზღვევო კომპანიების შვილობილმა კომპანიებმა. მთავრობამ უნდა განაახლოს ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამა გამოუყენებელი რესურსების ასათვისებლად, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბიზნესის მდგრადობას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში”, - აღნიშნულია “საერთაშორის გამჭვირვალობის” ანგარიშში.

ორგანიზაცია მთავრობას ურჩევს, ხელი შეუწყოს კონკურენციას სახელმწიფო დაზღვევის არსებული და ახალი გაფართოებული პროგრამების ვაუჩერების რაიონული განაწილების რეჟიმიდან თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გადაყვანით, რაც ბენეფიციარის მიერ მზღვეველის არჩევის უფლებას გულისხმობს; ასევე, შესაბამის დადგენილებებსა და სადაზღვევო კონტრაქტებში - პოლისებში დეტალურად გაიწეროს სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ საკუთარი დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემს.

“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გააფართოვოს მის მიერ დამტკიცებული სამკურნალო საშუალებათა ნუსხა, რომელთა შეძენა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს სახელმწიფოს 50%-იანი თანამონაწილეობით შეუძლიათ.  ვფიქრობთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა, რათა დაადგინოს ის პრეპარატები, რომლებიც აღნიშნულ ნუსხას უნდა დაემატოს”, - ნათქვამია ანგარიშში.