ბიზნესი „ლონდონი–2012“–ზე დიდ იმედებს არ ამყარებს

ბიზნესი „ლონდონი–2012“–ზე დიდ იმედებს არ ამყარებს

დღეს ლონდონში ზაფხულის ოცდამეათე ოლიმპიური თამაშების გახსნის სადღესასწაულო ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ორასზე მეტი ქვეყნის მონაწილეები 12 აგვისტომდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჯილდოების 302 კომპლექტის გათამაშების მიზნით, სპორტის 26 სახეობაში გამართავენ შეჯიბრს.

ლონდონისთვის ეს უკვე მესამე ოლიმპიადაა – წინა ორი ღონისძიება საკმაოდ მომგებიანი იყო. ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამჯერად მიღებული შემოსავლები თითქმის 1,5–ჯერ გადააჭარბებს ხარჯებს, თუმცა ბიზნესს ამაში ეჭვი ეპარება.

2012 წლის თამაშებს ბრიტანეთი საუკეთესო ფორმაში არ ხვდება: როგორც The Wall Street Journal–ი აღნიშნავს, ლონდონი, რომელმაც 2005 წელს ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ლონდონისგან, რომელიც 2012 წელსაა: დედაქალაქი კორუფციასა და ფინანსურ სკანდალებშია ჩაფლული, ამასთან, ქვეყანაში ორმაგი რეცესიაა, რომელიც 1975 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ასეთ სიტუაციაში ოლიმპიადა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გააუმჯობესოს საკუთარი იმიჯი, არამედ გამოასწოროს მატერიალური მდგომარეობა.

ბედნიერ 2005–ში ორგანიზატორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აღმოსავლეთ ლონდონის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად საკმარისი იქნებოდა 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი. ორი წლის შემდეგ ციფრი გასამმაგდა და 9,3 მილიარდ გირვანქას (15,2 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც ქვეყნის წლიური მშპს–ს 0,6%–ს შეადგენს.

თუმცა ეს ციფრი ჩამორჩება 2004 წლის ათენის თამაშების ბიუჯეტს, რომელზეც საბერძნეთმა 16 მილიარდი დოლარი გაიღო, და რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ჩინეთის 2008 წლის ხარჯებთან, რომელმაც რეკორდული 70 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ლონდონმა შეძლო დაგეგმილ ბიუჯეტში ჩატევა. ნაწილობრივ ამის მიზეზი კრიზისი გახდა, რომლის გამოც სამშენებლო ხარჯები შემცირდა.

ბრიტანეთმა ასევე გაითვალისწინა სიდნეისა და ათენის გამოცდილება, როდესაც შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ქვეყნებს ხელთ უსარგებლო სპორტული ნაგებობები შერჩათ.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის ხელისუფლებამ დროებითი ობიექტების მშენებლობა და არსებული მოედნების მოდერნიზება დაიწყო.

მაგალითად, უაუთჰოლის წინ არსებულ მოედანზე, სადაც ცხენოსანი გვარდიელები ყოველდღიურად მართავენ აღლუმს, ერთმანეთს პლაჟის ფრენბურთის გუნდები დაუპირისპირდებიან. გრინვიჩის პარკსა და უემბლის სტადიონზე კი საცხენოსნო სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.

თამაშების დასრულების შემდეგ ოლიმპიური მოედანი საფეხბურთო სტადიონად გადაკეთდება.

ყველაზე ხარჯიანი მუხლი სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზება აღმოჩნდა, რომელმაც 6,5 მილიარდი გირვანქა „შეჭამა.“

სხვა ხარჯებს შორისაა სპორტსმენებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თამაშების მიმდინარეობისას წესრიგს 25 ათასი ადამიანი დაიცავს. პოტენციურ საფრთხეებს შორის განიხილება „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული და ცალკეული ტერორისტები, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წარმომადგენლები და ანარქისტები. ამასთან, არსებობს მასობრივი არეულობების მოულოდნელად „აფეთქების“ საფრთხე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კემერონი ირწმუნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ოლიმპიადის წყალობით ბრიტანეთი 13 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

Goldman Sachs–ის გათვლებით, თამაშების შედეგად ბრიტანეთის მშპ მესამე კვარტალში 0,3–0,4%–ით გაიზრდება.

მოგების მოკლევადიანი ზრდა გარანტირებული აქვთ საცალო მოვაჭრეებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებს, სარკინიგზო გადამზიდავებს და ფირმებს, რომლებიც სუვენირების გამოშვებაზე არიან სპეციალიზებულნი. ეს უკანასკნელნი მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობენ.

რაც შეეხება სასტუმროებს, მათ ფასები ერთ ნომერზე თითქმის გააორმაგეს და 103 გირვანქადან 210 გირვანქამდე ასწიეს.
თუმცა ამავდროულად ბრიტანული ბიზნესი ხელისუფლების იმედისმომცემ გეგმებს ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ლონდონისთვის შეზღუდული იქნება.

„სინამდვილეში, ლონდონს არასდროს სჭირდებოდა ოლიმპიადა. ეს ის ქალაქი არაა, რომელსაც რუქაზე საკუთარი თავის აღნიშვნა ესაჭიროება,“ – აცხადებს ბრიტანელი პოლიტიკოსი–კონსერვატორი ენდრიუ ბოფი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი ბრიტანეთი პლუსში ვერ გავა, მას დამამშვიდებელი პრიზი ელოდება: სტატისტიკის მიხედვით, თამაშების მასპინძელი ქვეყანა ორჯერ მეტ მედალს იგებს.

რაც შეეხება საქართველოს, ოლიმპიური ნაკრებიდან დღეს ლონდონის ოლიმპიადაში პირველი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა ჩაერთვება.

ხვალიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან მოკრივე მერაბ თურქაძე, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, ასევე ერთეულებში ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი და წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილი.

29 ივლისიდან ოლიმპიადაზე იასპარეზებენ ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენლით, 35 კაციანი შემადგენლობით გამოვა.