შავი, სედანის ტიპის მანქანა, 2012 წელს გამოშვებული, სიმძლავრე - არანაკლებ 175 ც/ძ, არანაკლებ 2,5ლ ბენზინი, რომელიც აკმაყოფილებს EURO-4-ის სტანდარტებს, არანაკლებ 16-კლაპნიანი, 4-ცილინდრიანი; გადაცემათა კოლოფი – 6-სიჩქარიანი, ავტომატური; 4-კარიანი, არანაკლებ 5-ადგილიანი.
ასევე, მანქანას აქვს ალუმინის დისკები, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი, მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, - წინა, გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები, ფარდა-ბალიშები წინა და უკანა მგზავრებისთვის, იმობილაიზერი+სიგნალიზაცია, ცენტრალური საკეტი აბს+ებდ ვსც მანქანის სტაბილურობის კონტროლი, კრუიზკონტროლი, გარეთა ტემპერატურის საზომი, ელექტრო ფანჯრები. გვერდითი ელექტროსარკეები გათბობით, ჩაკეცვით. წინა და უკანა თავსადებები რეგულირებით, მძღოლის სავარძელი სიმაღლის რეგულირებით. აუდიო, რადიო, სანავიგაციო ეკრანი. უკანა სვლის მონიტორი, ტელეფონის ბლუთუს სისტემა, წინა სკამების გათბობა და ელექტრომართვა, ცივი ქვეყნების პაკეტი, წინა და უკანა უსაფრთხოების ღვედები.
ტყავის სალონი, ელექტროლუქი, ჰალოგენის წინა ფარები, ფარების ელექტრო რეგულირება, წინა ფარების გამრეცხი, წინა და უკანა სანისლე ფარები, წინა შუშის წვილის სენსორი საბორტო კომპიუტერი, მესამე დამატებითი „სამუხრუჭე“ ფარა, ვენტილაციის ელექტრომართვა, ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი სალონის ფილტრით, დაფერილი მინები, ინტეგრირებული ანტენა უკანა მინაში, წინა და უკანა გაძლიერებული გათბობა, ტყავის კომბინირებული საჭე, აუდიოს და კლიმატის მართვა. აუდიოს, კლიმატის და საინფორმაციო ეკრანის საჭიდან მართვა, უკანა შუშის გამათბობელი ტაიმერით და CD ხმის გამაძლიერებელი.
ცხადია, ეს ავტომობილი ფუფუნების საგანია და ვინმეს, შესაძლოა, ეგონოს, რომ რომელიმე მილიარდერის მანქანაზე ვსაუბრობთ. მაგრამ, სულ ტყუილად. ეს არის იმ მანქანის მახასიათებლები, რომლის შეძენაც სურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ცხადია - ბიუჯეტის თანხით და, თანაც - ორი ცალის.
ამის შესახებ სამინისტროს ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და მზად არის, ამისთვის ბიუჯეტიდან, რომელიც თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი ფულით არის შედგენილი, 115 ათასი ლარი გადაიხადოს.
რაში და ვისთვის სჭირდება ფინანსთა სამინისტროს ორი ასეთი მანქანა, ძნელი სათქმელია, რადგან მინისტრი და მისი მოადგილეები ისედაც მსგავსი ტიპის მანქანებით დადიან. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მაინცდამაინც წელს გამოშვებული მანქანები სურთ.
არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მთავრობის წევრი არ დადის ასეთი მანქანით და, ალბათ, მსგავსი შემთხვევა, მინიმუმ, მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს მაინც დააყენებდა.
განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ეს ტენდერი მაშინ გამოცხადდა, როდესაც სტიქიამ ლამის მთელი საქართველო დააზარალა და ზარალის ლიკვიდაციისთვის საბიუჯეტო ცვლილებებიც კი განხორციელდა.
შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აგვისტოს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება.
ფინანსთა სამინისტროში ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურთ. არადა, ფაქტია, რომ კითხვები საკმაოდ ბევრია. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი ირწმუნება, სამინისტროებში ქამრების შემოჭერა გრძელდებაო.