კახა კალაძის საბანკო ოპერაციები და მათი ყადაღა

კახა კალაძის საბანკო ოპერაციები და მათი ყადაღა

მთავარმა პროკურატურამ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ვიგებთ, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის, 1 მლნ 600 ათასი ლარის, საეჭვო ოპერაციები. პროკურატურის ეს განცხადება გაგრძელებაა 26 ივლისს კახა კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს საქალაქო სასამართლოს 25 ივლისის განჩინების საფუძველზე. განჩინების მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ კახა კალაძე ახორცილებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. კახა კალაძის ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

მთავარმა პროკურატურამ 27 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდში ჩაირიცხა 6 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაღდი ფულის სახით გატანილია 1 მლნ 600 ათასი ლარი, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. განცხადებაში ვკითხულობთ ასევე, რომ ”არ არსებობს თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“ და რომ ”დროის იმავე მონაკვეთში, საერთო ჯამში, დაახლოებით, 900 000 ლარის ოდენობით თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით მიიმართა სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად”. ამის შესაბამისად, მთავარი პროკურატურა იუწყება, რომ „საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“.


ყადაღა კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით დაედო. ინფორმაცია ამის შესახებ კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ 26 ივლისს გააცნო საზოგადოებას. იმ დროისთვის პროკურატურის განცხადება გავრცელებული არ იყო და მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ყადაღის მიზეზი გახდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ კახა კალაძე ახორციელებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ამ ვარაუდს შალვა თადუმაძემ სრულიად უსაფუძვლო უწოდა, რამდენადაც, მისი სიტყვებით:

”სამართლებრივი რეჟიმი ცალსახად მიუთითებს, რომ თუ დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, კახა კალაძის მიმართ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში ამაზე საუბარი არ არის.”

”ქართული ოცნების” ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე პროკურატურის განცხადების გავრცელების შემდეგ ამბობს, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც არაფერს აზუსტებს და ის, უბრალოდ, პიარსვლაა, რომელიც კალაძის ღირსების შელახვას ემსახურება:

” რაღაც პატივის და ღირსების შემლახველ განცხადებებს აქვეყნებენ ვებსაიტზე. ეს აბსოლუტურად უკანონო მოქმედებაა. ან გაქვს საფუძველი განახორციელო პროცესუალური მოქმედებები, ან ამის საფუძველი არ გაქვს და მაშინ აღარც არანაირი განცხადებები არ უნდა აკეთო.”

თავად კახა კალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ საქართველოში ბანკებში არსებულ მის ანგარიშებზე მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი საჭიროებებისთვის რიცხავდა თანხას მისივე უცხოური საბანკო ანგარიშებიდან, სადაც თანხა მისი სპორტული კარიერისა და ბიზნესის შემოსავლებიდან ხვდებოდა.
 კალაძის სიტყვებით, წლების განმავლობაში ათობით ათასი დოლარ აქვს გადმორიცხული პირად ანგარიშზე ოჯახის წევრების პირადი საჭიროებისთვის. ის თანხა, რომელიც ახლა დაყადაღებულია, მისი სიტყებით, ასევე პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა და პოლიტიკური მიზნების განხორციელებას არ ხმარდებოდა:

”ეს თანხები განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებო და ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ჩემთან სახლში. ასე რომ, ძირითადად ამისთვის იყო ეს თანხები საჭირო და არავითარ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის თანხები, რომელიც ჩვენგან იხარჯება, მე მხედველობაში მაქვს კოალიცია „ქართული ოცნება“, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ხდება ყველაფერი.”

კახა კალაძის სიტყვებით, „პროგრეს ბანკში“ არსებული პირადი ანგარიშიდან თანხის გამოტანისას შემთხვევით გაიგო, რომ მისი ანგარიში დაყადაღებულია. სასამართლოს განჩინება მისი ანგარიშების დაყადაღების შესახებ კალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. კახა კალაძე ასევე მზადაა გამოძიებას მოთხოვნის შესაბამისად წარმოუდგინოს თავისი ანგარიშების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია,

პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კახა კალაძის ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. განცხადება ამის შესახებ 26 ივლისს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ წაიკითხა:

”კახა კალაძის მიმართ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, რადგან საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილია კახა კალაძის წარმატება მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე და, შესაბამისად, მისი შემოსავლის წარმომავლობა ყველასათვის გამჭვირვალე და დასაბუთებულია.”