„ნაციონალური მოძრაობა“ არც არჩევნების თარიღის დასახელებას ჩქარობს, არც საარჩევნო კამპანიის გახსნას და არც მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას, თუმცა საარჩევნო შტაბებიც გახსნილი აქვთ და მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველთან მუშაობენ, მაგრამ ამ ყველაფერს რატომღაც ჯერჯერობით არაფორმალური სახე აქვს.
არსებული ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, ბაჩო და დათა ახალაიების მამა როლანდ ახალაია წარადგინოს.
ასევე ცნობილია, რომ ახალაია ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის ემზადება და აქტიური მუშაობაც აქვს დაწყებული.
გავრცელებული ინფორმაციით, როლანდ ახალაიას წარდგენის შემთხვევაში, მას მეტოქეობას კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ალასანია, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“ ბაჩუკი ქარდავა გაუწევენ.
ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ საუბრობს და როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხათუნა ოჩიაური აცხადებს, მაჟორიტარ კანდიდატებზე მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც ისინი ოფიციალურად დასახელდებიან, მანამდე კი კომენტარს ვერ გააკეთებენ.
როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს, აქ ალასანია არ უპირისპირდება მხოლოდ ახალაიებს. ალასანია უპირისპირდება მთელ ხელისუფლებას, დაწყებული სააკაშვილიდან, დამთავრებული ბოლო, რიგით პოლიციელამდე, რადგან ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზუგდიდის მოგება თითოეული მათგანისთვის.
დასახელდება თუ არა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარად? ამას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ. ირაკლი ალასანიას პრეს-სპიკერის, ვაკო ავალიანის განცხადებით, მაჟორიტარები დასახელდება უახლოეს მომავალში, „მაგრამ რაც შეეხება ბრძოლას, ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული და სამეგრელოში, ისე, როგორც მთლიანად საქართველოში, ცვლილებების და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების სურვილი საკმაოდ მაღალია. სამეგრელოშიც საკმაოდ მაღალია უსამართლობა და ამ კუთხემ ყველაზე კარგად იცის, რას წარმოადგენს ახალაიების კლანი“, - ამბობს ვაკო ავალიანი, რომელიც თვლის, რომ „გამარჯვება იოლი არასოდეს არ არის და როდესაც ბრძოლაში შედიხარ, იმაზე არ ფიქრობ, ეს იოლია თუ რთული. შენ შეხვედი ბრძოლაში და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანო“.
რამდენად თანაბარ წონით კატეგორიაში შეიძლება მოვიაზროთ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და ახალაიების მამა, ამაზე ექსპერტებს საკუთარი მოსაზრება აქვთ.
როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რთულია, ამის განსაზღვრა, „იმდენად, რამდენადაც ანალოგიური შეფასებებისთვის სხვა, ნორმალურ ქვეყნებში სოციოლოგიას იყენებენ ხოლმე, მაგრამ ჩვენთან იმდენად დეფორმირებულია სოციოლოგიური მონაცემები, რომ მათზე დაყრდობა შეუძლებელია.
ინტუიციის დონეზე, ახალაია რომ ძლიერი ფიგურაა ზუგდიდისთვის, უდავოა, მაგრამ არც ალასანიას ფიგურა არის მსუბუქი წონისა და სავარაუდოა, რომ მძიმე ბრძოლა მოელის, როგორც ერთს, ასე მეორეს.
ერთი ფიგურა, ანუ ახალაია ადმინისტრაციულ რესურსსა და ძალისმიერ კავშირებზე იქნება დაყრდნობილი, ლაპარაკია ზონდერ-ბრიგადებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოიაზრება ამ გვართან.
ალასანია კი იმ ჯგუფს დაეყრდნობა, ვისაც ეს ჯგუფები და ახალაიას კლანი ჩაგრავს. დაახლოებით ასეთი, მჩაგვრელ-ჩაგრულების ბრძოლა იქნება მისი პლუსი.
ბრძოლა იქნება საკმაოდ მძიმე, ვინაიდან მჩაგვრელებს თავიანთი პლუსი სწორედ იმით აქვთ, რომ მათ ძალა გააჩნიათ და ამ ძალით იმორჩილებენ ადამიანთა ნებას. მეორე მხრივ, ჩაგრულებს ის პლიუსი აქვთ, რომ ხშირად, მათ დასაკარგი არაფერი გააჩნიათ და ამიტომ, მათი ნება მათვე ეკუთვნით. ჩაგრულთა არსებობა და მათი სურვილი, შეიცვალოს სიტუაცია არის ირაკლი ალასანიას პლუსი.
თუკი სამეგრელოში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, შეიცვალოს მდგომარეობა სამეგრელოსა და მთელ საქართველოში, სწორედ ეს არის ალასანიას რესურსი“.
ექსპერტი ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ფაქტობრივად ეს იქნება კეთილისა და ბოროტის ბრძოლა.
„სადღაც ამოვიკითხე, რომ როლანდ ახალაია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ დაუსახელებია ზუგდიდის მაჟორიტარი და სიტუაციის მოდელირება არ ვიცი, რამდენად კორექტული იქნება, ამიტომ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. სიკეთე და ბოროტებაც თანაზომადნი არიან - ერთის მხარეს სიკეთე და ხალხის მხარდაჭერაა, მეორე მხარეს - ძალადობა, უკანონობა და მთელი ის უბედურება, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში და, კერძოდ – ამ რეგიონში. ქრისტიანი ხალხი ამ ბრძოლაში სიკეთით გაიმარჯვებს“,- ამბობს ნაცვლიშვილი.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზუგდიდს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირადად სააკაშვილს დაურეკავს ახალაიასთვის და კი არ უთქვამს, პირდაპირ ბრძანება გაუცია, არ მაინტერესებს როგორ, მაგრამ ზუგდიდი უნდა მოიგო, არ მოიგებ და – ყველას მოგხსნითო. იმასაც ამბობენ, რომ თურმე მამა ახალაიას ამ საუბრის შემდეგ გულის შეტევა დამართნია, თუმცა რამდენად შეეფერება სიმართლეს, ეს ამბავი, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ სამეგრელო ახალაიების კლანის სამფლობელოდ ითვლება, აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ამ მხარეში ხდება და მთავრობაში ბოლოს განხორციელებული ცვლილებიდანაც აშკარაა, რომ დღეს ერთადერთი მყარი დასაყრდენი სააკშვილისა, სწორედ ეს კლანია.
„ცხადია, რომ სააკაშვილმა საკუთარი ჩამოშლილი ძალაუფლების გადასარჩენად განწირული ნაბიჯი გადადგა და ახალაიების კლანს ანდო თავისი ბედი. არც ერთი საკვანძო თანამდებობა ახალაიების გარეშე - ასეთია სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოსადმი.
ადამიანებმა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ძალადობით, ცინიზმითა და მანიაკალური თვისებებით, ანგარიშსწორებით საკუთარ, ვშიშობ, რომ წარუმატებელ წარსულთან ასეთ ადამიანს წარმოადგენს როლანდიც და დაურეკა თუ არა მას პრეზიდენტმა ეს ნაკლებად მაინტერესებს. მიჭირს ამაზე კომენტირება, ისტერიკაში ბრძანებების გამცემი კაცი რომ არის – ვიცით, და ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ეს ამას არ გამორიცხავს.
ბრძოლა არ მიდის ახალაიასა და „ქართული ოცნების“ სავარაუდო მაჟორიტარს შორის... პოლიტიკური ბრძოლა, უფრო მეტი ეგზისტენციური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის მიხეილ სააკაშვილი. ხოლო ადამიანი, რომელმაც იტვირთა და რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ვანდეთ ამ ბრძოლაში წინამძღოლობა არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს ეს ბრძოლა.
თუ მიხეილ სააკაშვილის ფალავანი, სამურზაყანოში, სამეგრელოში, ზუგდიდში, იქნება როლანდ ახალაია, მით უარესი მისთვის, რადგან ამ კაცში, ამ კლანში არის კონცენტრირებული ყველაფერი ის, რისგანაც გათავისუფლება სურს საქართველოს და რისგანაც გათავისუფლების მისია დააკისრა თავის ფალავანს ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის ფალავანი ბეჭებზე დადებს, ახალაია იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა სატრაპი - პირწმინდად მოიგებს ზუგდიდში არჩევნებს“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.
კახა კახიშვილის შეფასებით, პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია, რომ ყველაზე რთული თავისი სპეციფიკით არის მაჟორიტარული პრინციპით არჩევნები.
„როდესაც ზუგდიდზე ვლაპარაკობთ, ორმაგდება ამ ბრძოლის დატვირთვა მითუმეტეს – ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან ვიცით, რომ კონკრეტული ოჯახის მხრიდან რამდენიმე წელია იქ ხდება მოსახლეობის განწყობის ძალიან სერიოზული კონტროლი. მითუმეტეს – დღეს, როდესაც ფაქტობრივად, მთელი ოჯახი წარმოდგენილია ძირითად სამინისტროებში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიას ზუგდიდში ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი. პირველია ის, რომ თუ ირაკლი ალასანია მოიგებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს, მისი შანსები იმ ამბიციაზე, რაც მას გააჩნია - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს - გაიზრდება და ამავდროულად, მოხდება ყველას თვალში, მათ შორის – ზუგდიდელების თვალში, ახალაიების კლანის გარდატეხა და ეს იქნება ფსიქოლოგიურად დიდი გამარჯვება ოპოზიციისთვის.
მაგრამ აქ მეორე ვარიანტია - წაგების შემთხვევაში ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, კარგავს ისეთი პოლიტიკოსის შანსს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დიდ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის საშუალება. თუ 2012 წლის არჩევნებში ალასანია წააგებს ერთ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, ბუნებრივია, მას მომავალ არჩევნებში ვერ ექნება ამბიცია დაიკავოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები, რადგან ყველას მისი წაგება ემახსოვრება“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
არის თუ არა როლანდ ახალაია იმ წონით კატეგორიაში, რომ მისი დამარცხება ქვეყნის მმართველობის სადავეების ხელში აღების თანაფარდი იყოს? ექსპეტების აზრით ამ მოცემულ დროსა და სივრცეში ზუგდიდის ბრძოლა მთელი ომის ბედს წყვეტს.
კახა კახიშვილი: „იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც საუბარია, ასეა: როლანდ ახალაია შეიძლებოდა არ ყოფილიყო მძიმე წონიანი კატეგორია თბილისის რომელიმე რაიონში ან სხვა რეგიონში, მაგრამ ზუგდიდში როლანდ ახალაია გაუწევს ძლიერ წინააღმდეგობას ალასანიას ამ საარჩევნო სისტემით, ამ ბარიერით, რაც ჩვენ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, როგორი ხისტია ხელისუფლება, მითუმეტეს – წინასაარჩევნო პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ არ ერიდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რომ ოპოზიციური პარტიები მაინც და მაინც ვერ შეთანხმდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე. იმის გათვალისწინებით, რომ აქ შეიძლება ვიხილოთ სხვა ოპოზიციური ძალების თუ დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც, ბუნებრივია, გახლიჩავენ ოპიოზიციურად განწყობილ ხმებს, იმ კონკრეტულ ოლქში მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს როლანდ ახალაიას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძალიან დიდ თანამდებობებზე არიან მისი შვილებიც, და თან ისეთ თანამდებობებზე, რომ არჩევნების დროს ბევრ რამეს წყვეტენ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილებით“.
რისი იმედი, ან რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ალასანიას სააკაშვილის ზუგდიდში წარმოქმნილ მონსტრთან საბრძოლველად, რთული სათქმელია. ერთადერთი დასაყრდენი ასეთ ბრძოლაში მხოლოდ ხალხის ერთობა და ნება შეიძლება იყოს, რომელსაც ვერაფერი ვერ ეწინააღმდეგება.
„ალასანიას უპირატესობა არის ის, რომ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსია, „ქართული ოცნებიდან“ არის და რეალურად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ფაქტობრივად, მოსახლეობის 80%-ს, მათ შორის – ზუგდიდშიც, უჭირს, მაგრამ შეძლებს თუ არა ალასანია ამ ხმების მობილიზაციას, იმ შიშის გადატეხას, რომელიც საქართველოში და ზუგდიდშიცაა, ეს უკვე ალასანიასა და იმ პოლიტიკურ კოალიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ის წარმოადგენს.
არჩევნების დროს ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ იქნება შტაბის უფროსი, რადგან ალასანია იქნება მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ივლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე ანუ, როდესაც ალასანია დასახელდება მაჟორიტარად, მას არ ექნება საშუალება თვითონ წარმართოს შტაბის მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა კატეგორიის ხალხი ეყოლება საარჩევნო კამპანიაში ჩართული, როგორ იქნება შერჩეული მათი კვოტით საარჩევნო კომისიის წევრები, რამდენად სანდო ადამიანები იქნებიან და ისინიც ორიენტირებულები იქნებიან თუ არა ალასანიას მოგებაზე, ესეც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.
კიდევ ერთხელ ვამბობ – ზუგდიდი, საჩხერე, ძალზე დიდ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს ხელისუფლებისთვისაც და კოალიციისთვისაც. ამიტომ, ერთ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქზე არ არის ლაპარაკი, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ხელისუფლების ფსიქოლოგიური გარდატეხა, წაგების შემთხვევაში კი – პირიქით.
ძალიან სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლების მხრიდან ჩართული იქნება ყველანაირი ბერკეტი. შეძლებს თუ არა ამას ოპოზიცია ასეთივე ბერკეტები დაუპირისპიროს, ან ამ ბერკეტების განეიტრალება შეძლოს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, რადგან ასეთ მძიმე პოლიტიკურ თამაშში, თითოეულ მომენტს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს დაწყებული რიგითი აქტივისტით“, - ამბობს კახიშვილი.
კახიშვილის შეფასებით, ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ინერტულად გამოიყუირება,
„წარადგინეს მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში და ამ კანდიდატების უმეტესობას ჯერ ისევ თბილისში ვხედავ, ამავდროულად, რეგიონული შტაბებიდანაც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით, მთლად ორგანიზებულად ვერ მუშაობენ. შესაძლოა, ესეც მათი სტრატეგიაა, არ ხარჯავენ ენერგიას და ამ ყველაფრის მობილიზაციას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მოახდენენ, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ აქტიური მუშაობა არ მიმდინარეობს“, - ამბობს კახიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება ოპოზიციას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
„ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი, რომ კანდიდატი ღირსეულია და მეორე როგორ იმუშავებს შტაბი, მაგრამ აქ უკვე ირაკლი ალასანია შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბრძოლაში, უმძიმეს რეგიონში, სადაც კონტროლი დიდია და ხელისუფლების ამბიციაც, რომ ეს ოლქი ყოველთვის მოიგოს, ძალიან დიდია. ასე, რომ, ალასანია საკუთარი პოლიტიკური მომავლით ძალიან სერიოზულად რისკავს. მოგების შემთხვევაში ძალიან დიდი შანსები აქვს, მაგრამ წაგების შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, სერიოზულად ეთამაშება საკუთარ კარიერას“, - მიიჩნევს კახიშვილი.