რას უკავშირდება ხიზრი ალდამოვის გააქტიურება

რას უკავშირდება ხიზრი ალდამოვის გააქტიურება

ბოლო დროს საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი მეტად უცნაურ განცხადებებს აკეთებს. მას „საქართველოს გადასარჩენად“ ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს, რადგან „იგი არის ნამდვილი ქართველი, რომელიც ყველა ქართველს ეხმარება, ამასთან, ივანიშვილი რელიგიური კაცია და მან სამება ააშენა... ყოველთვიურად, ხელოვნების წარმომადგენლებს ეხმარებოდა და არა მარტო ხელოვნების წარმომადგენლებს. ის ქართველ ხალხს ეხმარება, სააკაშვილი კი მის წინააღმდეგ წავიდა და მოქალაქეობა არ მისცა“,- განაცხადა ხიზრი ალდამოვმა "რია ნოვოსტის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ შიშობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოშორება სააკაშვილისთვის პრობლემა არ იქნება. ამის დასადასტურებლად ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, რომან დუმბაძის მაგალითები გაიხსენა და საკუთარ უსაფრთხოებაზეც ალაპარაკდა. 

„მე ვიცი, რომ იგივე მელის. არ ვიცი, აქედან რომ გავალ, მივალ თუ არა სახლამდე. ვიცი, რომ მომწვდება და მომკლავს, ჩემი მის წინააღმდეგ ნათქვამი ყველა სიტყვა ჩემი სიკვდილია, ვიცი, რომ ჩემზე უკვე ნადირობენ, ვიცი, რომ ჩეჩნეთში უკვე რამდენიმე ადამიანი გამომიგზავნეს, მაგრამ მე მასთან ბრძოლისთვის მზად ვარ", - დასძინა ალდამოვმა.

მანვე რუსების საყვარელი თემა - პანკისის ხეობაში „ბოევიკების“ ყოფნა კვლავაც წამოატივტივა. მეტიც, ქართული ტრიუმვირატი რუსეთში ტერაქტების მოწყობაში დაადანაშაულა. თითქოს არაბებისგან აღებული მილიონობით დოლარიდან სააკაშვილი მიზერულ თანხას ჩეჩენ ახალგაზრდებს უხდიდა, რომ მათ რუსეთში ტერაქტები განეხორციელებინათ. ამ საქმეში სააკაშვილის თანამოაზრედ კი პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია და პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელი ნუგზარ წიკლაური დაასახელა.

თავის მხრივ, ხიზრი ალდამოვის ადრესატი ნუგზარ წიკლაური მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სიგიჟეს უწოდებს და აცხადებს, რომ ალდამოვის მიერ მოსკოვში გაკეთებული განცხადებები რუსეთის სპეცსამსახურების სტანდარტული პაკეტია, რომელიც მას "ფე-ეს-ბეს" სხვადასხვა მაღალჩინოსნების მხრიდან ადრეც არაერთგზის მოუსმენია.

რატომ გააქტიურდა ხიზრი ალდამოვი მაინცდამაინც ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე?! მის მიერ ივანიშვილის მიმართ გამოხატული სიმპათია ხომ არ ასხამს წყალს საქართველოს ხელისუფლების სურვილზე, რომელსაც ივანიშვილის რუსეთის კაცად წარმოჩენა სურს?!

ხიზრი ალდამოვის უცნაური განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი ჩეჩნეთში დაბრუნდა და პრომოსკოვური ადმინისტრაციის თავკაცის, რამზან კადიროვის წინაშე საკუთარი წლების უაზროდ გაფლანგვა მოინანია და აღფრთოვანება გამოხატა ჩეჩნეთში მიმდინარე აღმშენებლობით. იმ დროს რამზან კადიროვმა ხიზრი ალდამოვი უძღები შვილივით მიიღო და სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ მან „შეიგნო საკუთარი შეცდომები და სწორ გზას დაადგა“.

„მე მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვ, მაპატიო. შენს დაძახილზე ყველგან გამოვალ. მე შენი ერთგული ადამიანი ვიქნები,“ - მაშინ ასეთნაირად ჟღერდა ალდამოვის სიტყვები.

ხიზრი ალდამოვის ამჟამინდელ განცხადებებთან დაკავშირებით For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ არავის აქვს იმის გარანტია, რომ ასეთი განცხადებები სპეციალურად არ გააკეთებინეს ხიზრი ალდამოვს ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის.

„ამის გარანტია აქვს ვინმეს?! ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მე შემიძლია დავუშვა, რომ ეს იყო ხიზრის პირადი ინიციატივა, რათა სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ეთქვა. უარეს შემთხვევაში კი, მას ეს ათქმევინეს ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით - ხომ ხედავთ, რუსეთი მხარს უჭერს ივანიშვილს?! ცალსახად ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა კარგად ვიცნობ ხიზრის და ვიცი, რომ მას შეუძლია, იყოს აბსოლუტურად არაადექვატურიც და უაღრესად ადექვატურიც, სიტუაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ამასთან, ექსპერტს არ სჯერა ალდამოვის განცხადების, თითქოს საქართველოს მთავრობა ფულს უტეხავდა ბოევიკებს.

„არ არის ის დონე, რომ ამათ იქიდან ფული მიიღონ. ჯერ ერთი, რატომ უნდა იყოს ეს ფული აქ, ვერ ვხვდები, რადგან პანკისში არ არიან დღეს არც ბოევიკები, არც არაბები, როგორც ხიზრი ამბობს. ამას გეუბნებით, რადგან ვიცი. ამასთან, გაუგებარია ბესლანის ტერაქტის დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელსაც რაც გინდა, ის დააბრალე, მაგრამ იმას მაინც ნუ დააბრალებ, რაც აბსოლუტურად არარეალურია“.

მამუკა არეშიძის განმარტებით, ბესლანის ტერაქტი როგორც მოეწყო, ვინ იდგა მის უკან და რატომაც მოეწყო, პირადად მან გადასარევად იცის. ამის მიუხედავად, რუსეთის სპეცსამსახურებისკენ არ იშვერს ხელს, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ შეგნებულად გაატარეს ინგუშეთიდან მომავალი ჯგუფი ჩრდილო ოსეთისკენ. მეტიც, რუსებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ეს მზადდებოდა, მაგრამ არ შეაჩერეს.

„რა შუაშია აქ საქართველოს ხელისუფლება, ვინ ჰკითხავს და რისი შნო აქვთ, რომ ამხელა ტერაქტი მოაწყონ?! იმის არ იყოს, 120 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს ბოევიკებსო. 120 ტონა ნივთიერების გადატანა უვიც ხალხზეა გათვლილი. 120 ტონის თრევა კავკასიის ქედზე ძალიან დიდი სისულელეა, მაშინ, როცა ნებისმიერი სამხედრო ობიექტიდან რუსეთში ერთ თვეში შეაგროვებ ამ რაოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას, თუკი ფული გაქვს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხიზრი ალდამოვის ნათქვამი ისეთივე „დამაჯერებელია“, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი ამზადებდა ტერაქტებს საქართველოს წინააღმდეგ, რაც დაფუძნებული იყო მხოლოდ აღიარებაზე.

ექსპერტი თვლის, რომ საქართველო მის მიერვე დაგებულ ხაფანგში გაება და თავისი მანკიერი პოლიტიკის მძევალი გახდა. კერძოდ, რასაც ქართველი ხელისუფალნი აკეთებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, დღეს რუსეთი იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

„არავისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა ტერაქტების ვითომ სერიები, რომელებიც თითქოსდა, საქართველოს ტერიტორიაზე ეწყობოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ აღიარებას ეფუძნებოდა და არანაირ მტკიცებულებას არ მოიცავდა. ასეთივე დაუჯერებელია ხიზრი ალდამოვის „აღიარებები“. რუსეთი სწორედ იმავე ენით, იმავე პოლიტიკით გველაპარაკება, რომლის პროვოცირება და პოლიტიკის ნაწილად დაფუძნება მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ. შესაბამისად, ის იმკის იმ შედეგებს, რაც დათესა. ამიტომ კეთილი ინებონ და დაფიქრდნენ, რამდენად სწორად აკეთებდნენ პროპაგანდისტულ ტრიუკებს რუსეთის წინააღმდეგ. არ მჯერა, როგორც ხიზრი ალდამოვის, ისე - საქართველოს ხელისუფლების განცხადებების. გახსოვთ ალბათ, ერთი „ტერორისტი“, რომელსაც თითქოს ნატოს ოფისის აფეთქება უნდოდა, დღეს ის გარეთაა და სახლშია. ანუ, ძალიან ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

იგი არ გამორიცხავს, რომ ალდამოვის განცხადებები მართლაც „ფეესბეს“ განცხადებებს უკავშირდებოდეს, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფალთა განცხადებები უკავშირდება საქართველოს სპეცსამსახურების განცხადებებს.

„მთელი ტრაგედია ისაა, რომ საქართველო ისეთივე საბჭოთა კავშირია, როგორც რუსეთი. სააკაშვილი ისეთივე პუტინია, როგორც პუტინია სააკაშვილი. ყველა ესენი ერთი „შინელიდან“ არიან გამოჭრილნი“.

რაც შეხება ბიძინა ივანიშვილისადმი ალდამოვის დამოკიდებულებას, ამის ახსნა კონფლიქტოლოგს უჭირს და მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება თავად ხიზრი ალდამოვმა უნდა განმარტოს, რადგან პირადად იგი ხიზრი ალდამოვს არ იცნობდა და მასთან პირადი კონტაქტები არ ჰქონია.

აქვე ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ხიზრის სიმპათიები ივანიშვილისადმი რუსეთის დაკვეთაა, რომელიც ამ გზით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს იმ „არგუმენტების“ მოშველიებაში, თითქოს ივანიშვილი რუსული პროექტია.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია საშუალება, პირადად გაეცნო ხიზრი ალდამოვი. ამდენად, გაუჭირდება მის პირად მოტივაციებზე საუბარი. უბრალოდ, ფიქრობს, რომ ალდამოვი თავისუფლად გრნობდა თავს საქართველოში და იმ პრობლემების გაშუქებისას, რაც იმ პერიოდში რუსეთსა და ჩეჩნეთს გააჩნდა, ადექვატური იყო,

მას შემდეგ, რაც ხიზრი ალდამოვმა საქართველო დატოვა, სოსო ცისკარიშვილისთვის უცნობია მისი ამჟამინდელი მოტივაცია და უკანასკნელი განცხადებების შინაარსის საფუძვლიანობა.

„გამიჭირდება, ასე ხელაღებით გავიზიარო მისი ინფორმაცია, რადგან, თუ ეს ყველაფერი ხიზრი ალდამოვმა დიდი ხნის წინ იცოდა, მაშინ ასეთ საკითხზე დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია. ვფიქრობ, უფრო მკაფიო და არგუმენტირებული უნდა იყოს ასეთი ბრალდელდებები. ჩვენს ხელისუფლებას ცოდვა არ აკლია, მაგრამ, თუ რაიმე ასეთუ გამოეპარა ქართულ საზოგადოებას, მას მეტი ნდობის ფაქტორი უნდა გაუჩნდეს უტყუარი ფქტების მოსაპოვებლად,“-მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

მისი აზრით, სხვადასხვა ადამიანის მხრიდან ივანიშვილისადმი გამოხატული სიმპათიები სხვადასხვა ხასიათისაა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება.

„ალდამოვის განცხადებიდან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართებით შეიძება იყოს ახსნილი ალდამოვის სიმპათიები ან ანტიპათიები პოლიტიკური ლიდერების მიმართ“.

ხიზრი ალდამოვის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილს კომენტარის გაკეთება ერთი მარტივი მიზეზის გამო უჭირს - ხიზრი ალდამოვი დღეს რუსეთში იმყოფება, შესაბამისად, მათი კონტროლის ქვეშაა. ამიტომ მისი განცხადებების გულწრფელობაში მრავალ მიზეზთა გამო ეჭვი ეპარება. ვერც იმ საკითხს უძებნის ახსნას, თუ რატომ ახსენა ალდამოვმა ივანიშვილი.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, ხიზრი ალდამოვს ჰქონდეს რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება, რადგან ამ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ხიზრი ალდამოვთან საკმაო დისტანცია დაიჭირა.

„ამ შემთხვევაში, ალბათ, ნუგზარ წიკლაურის ვერსია უფრო ახლოს არის რეალობასთან და ალდამოვმა გააჟღერა გარკვეული ფორმულა, რომელიც შემუშავებულია მოსკოვში. რაც შეეხება სხვა მომენტებს, რომ მან ივანიშვილი ახსენა, ესეც უკვე განმეორებით მოხდა. პირველად ოსური მხრიდან გაჟღერდა ამის შესახებ, ახლა კი უკვე ჩეჩნურმა მხარემ ახსენა ივანიშვილი. ეს ეჭვს აჩენს, ხომ არ არის ეს ხსენებები იმისკენ გამიზნული, რომ პირიქით, ხელისუფლებას მისცენ არგუმენტი. თორემ, თავისთავად, ის, რომ ოპოზიციურად განწყობილი კონკრეტული მოქალაქე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას უჭერდეს მხარს, გასაკვირი არაფერია,“-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.