ოსური საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციამ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის წლისთავის წინ რამდენიმე ევროპულ ქალაქში გამოსვლები მოაწყო. ბრიუსელში, სტრასბურგში, ბერლინში და ანკარაში დემონსტრანტები სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს პოლიტიკის ოფიციალურად დაგმობას და ოსი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვდნენ ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებმა ევროპაში, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციამ და რამდენიმე ევროპულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სერიოზული ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ევროპა ერთ რამეში დაარწმუნონ – არ განიხილოს სიტუაცია ექსკლუზიურად საქართველოს არგუმენტების პრიზმიდან. კერძოდ კი ოსმა აქტივისტებმა ინგლისურად და ფრანგულად თარგმნეს ისტორიული დოკუმენტების მთელი წყება, რათა ეჩვენებინათ 1920 წელს თუ როგორ გაანადგურეს სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკა ქართველმა მენშევიკებმა და გამოსცეს ბევრი თვალნათელი მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი დრამა გადაიტანა სამხრეთ-ოსეთმა 2008 წლის ქართული შეტევის დროს.
საერთაშორისო კონფერენცია სათაურით: „ორი წლის შემდეგ: გაკვეთილები, ფაქტები და მომავალი. ევროპული თვალთახედვა სამხრეთ-ოსეთში მომხდარ ხუთღიანი ომზე“ იმ ტრაგიკული მოვლენების წლისთავის მიჯნაზე გაიმართა, რომლებსაც ადგილი 08.08.08-ს ჰქონდა. ფორუმზე დისკუსია ძირითადად გლობალურ მედიაში ხუთდღიანი ომის ასახვისა და კავკასიის რეგიონის მომავლის პროგნოზირების გარშემო ტრიალებდა. ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამაინტრიგებელი გამოსვლები ჰქონდათ და საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოხატეს, მაგრამ ადვილად დასანახი სიმართლე ისაა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „საჯარო დემოკრატიის“ფასადს მიღმა ერთი მუჭა პიროვნებების ხელშია კონცენტრირებული.
ორი წლის წინ რუსეთი სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ქართულ აგრესიაზე თავისი საპასუხო ქმედებების გამო მედიისა და დიპლომატიის მასობრივი ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდა. ზეწოლა დღესაც გრძელდება და ალბათ კვლავაც გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ მომავალშიც ახალი დებატებისა და უთანხმოებების მოწმენი ვიქნებით.
საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ ევროპული თვალთახედვა ძირითადად არ შეცვლილა.
ევროკავშირი დღემდე უჭერს მხარს საქართველოს და რუსეთის რეაქციას სულ ცოტა გაუმართლებლად მიიჩნევს. სხვადასხვა გარემოებების გამო ქართული თემა რუსულ-ამერიკულ და რუსულ-ევროპულ საჯარო დისკურსში მინელდა, მაგრამ მისი რეანიმირება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ აშშ ან ისრაელი ირანზე მიიტანენ დარტყმას და ეს შეტევა კავკასიაში დიდ სამხედრო პროვოკაციებს დაუდებს სათავეს. ევროპა კვლავ არ აღიარებს სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობას და მას საქართველოს პროვინციად განიხილავს. ეს უკანასკნელი კავკასიაში შეერთებული შტატების მოკავშირეა და იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო ჩიზა იმასაც კი ფიქრობს, რომ ღაზას სექტორში ბოლოდროინდელი კრიზისის გამო, თურქეთში დისლოცირებული ავიაცია შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ.
2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა საერთაშორისო სამართლის უკვე ისედაც არადამაკმაყოფილებელი ინსტრუმენტების კოლაფსის საკვანძო ეტაპი აღნიშნა და ალბათ სამხედრო ძალას საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა. რეალურად ეთნიკურ ჯგუფებს ან ქვეყნებს შორის კონფლიქტების აღკვეთის საყოველთაოდ მიღებულ კანონიერ მექანიზმებზე საუბარი, მას შემდეგ რაც გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოსთან დაკავშირებით ცნობილი ვერდიქტი გამოიტანა, ლაპარაკი არც ღირს. ეთნიკური კონფლიქტების გადაწყვეტა საბოლოოდ გამოვიდა კანონის სფეროდან და მიმდინარე პოლიტიკის სივრცეში გადაინაცვლა, ეს ვითარება კი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას ფუნდამენტურ რისკებს უქმნის.
თავიდანვე არ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთის დიპლომატია მოახერხებდა (თუნდაც გაერო-ს დონეზე) საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას და ის დაგმობდა სააკაშვილის აგრესიას ან ემბარგოს დააწესებდა მისი რეჟიმის იარაღით მომარაგებაზე. რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ევროპას ძალიან სურს ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია. რუსეთის დიპლომატიამ მარცხი განიცადა და მსოფლიოს ვერ დაუმტკიცა, რომ ომის გაჩაღებაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი და ეს გაოცებას ვერ გამოიწვევდა, რადგან ეჭვს გარეშეა – თვალსაწიერ მომავალში გლობალურ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები იბატონებს. ამის გამოა, რომ რუსეთის ადმინისტრაციამ კავკასიის რეგიონში დე-იურე ახალი სტატუს ქვოს განმტკიცება არჩია, მიუხედავად იმისა რამდენად განარისხებდა ეს დასავლურ (ბრიტანულ და სხვა) thinktank ორგანიზაციებს. ამ აღშფოთებამ თავი სტრასბურგში იჩინა…
აშკარაა რომ თბილისი ცდილობს კავკასიაში მიმდინარე პროცესებში აშშ და ევროკავშირი მაქსიმალურად ჩართოს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თავისი ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა ”აღმოსავლეთის პარტნიორობა” და თანამშრომლობის ხელშეკრულბები, აშშ-სა და რუსეთთან შედარებით კავკასიის რეგიონში მეორე რანგის მოთამაშედ რჩება.
კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეები – საქართველო ერთის მხრივ და სამხრეთ-ოსეთი პლუს აფხაზეთი, მეორეს მხრივ ერთნაირად არიან დარწმუნებულები იმაში, რომ კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა მხოლოდ გარეშე ძალის მონაწილეობითაა შესაძლებელი. საქართველო აშშ-სა და ევროკავშირს იწვევს, ხოლო სამხრეთ-ოსეთი რუსეთს. ჟენევის კონსულტაციებმა გარდამტეხი ცვლილება ვერ მოიტანა და ვერც მოიტანს, სანამ ის ძალის გამოუყენებლობის კანონით სავალდებულო შეთანხმების ფორმულირებაზეა ფოკუსირებული.
საქართველო მტკიცედ უარყოფს შეთანხმებას და აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებას მხოლოდ პირდაპირ რუსეთთან მოაწერს ხელს. გეოპოლიტიკური გათვლები და იმის ბუნდოვანი მოლოდინი, რომ რეგიონში სტრატეგიული ბალანსი შეიცვლება, უსაფრთხოების საერთო ევროპული არქიტექტურის შექმნის სურვილზე პრევალირებს.
დღევანდელი (დროებითი) ჩაღრმავება ინტენსიურ ანტი-რუსულ რიტორიკაში შესაძლოა მოსკოვზე ზეწოლის ახალი რაუნდის პროლოგი იყოს. მოვლენები შეიძლება უარესობისკენ წავიდეს, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია უფრო აგრესიულ პოზიციას დაიკავებს (მაგალითად აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის, ან კონგრესის მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების ტრიუმფის გამო). მაშინ ჩვენ ნამდვილად გადავაწყდებით ყველა დღეს მოქმედი კრიტიკული სტრეოტიპის სრულმასშტაბიან აღორძინებას. რეალურად იმავე ტიპის მოვლენების „რბილი“ ვერსია ალბათ გადატვირთვის სახით მატერიალიზდება და ამან ირანთან და სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი უკვე დაახლოვა ვაშინგტონთან.
აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პოზიციიდან, რუსეთმა როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონზე გავლენის შენარჩუნებაში დაინტერესებულმა ქვეყანამ, უნდა განავრცოს მათი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მათ დიდ ფასად მოიპოვეს და რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის სამართლებრივ ფორმაში შეუქცევადი სახე მისცეს. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთში იმედოვნებენ, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მართული, მათთან ალიანსს შექმნის და არასდროს დაუბრუნდება 1990-იანი წლების კაპიტულანტურ პოლიტიკას. გათვლა იმაზე კეთდება, რომ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით თანმიმდევრული იქნება და საქართველოსთან გარიგების წუთიერ გეგმებს ხუთდღიანი ომის მონაპოვარი არ შეეწირება.
გადატვირთვის მიუხედავად, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლა კავკასიის რეგიონის გამო გაგრძელდება. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი თბილისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები ბაქოში, ერევანსა და თბილისში და კიდევ მოვლენათა მთელი რიგი იმის მაჩვენებელია, რომ დაპირისპირება კავკასიის რეგიონის გამო ვაშინგტონს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ჩახცრობას არ აპირებს. აშშ-ს არა აქვს სამხრეთ-კავკასიის რუსეთისთვის დათმობის განზრახვა, ხოლო ევროკავშირი უახლოეს მომავალში რეგიონში ჩემპიონად შემდეგი მიზეზების გამო ვერ მოგვევლინება:
1) ევროკავშირის შუამავლობას ერთიანი პოლიტიკური ბაზისი აკლია;
2) ევროკავშირი თავადაა ზედმეტად გადატვირთული საკუთარი პრობლემებით;
3) ევროკავშირი, შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გამო, ვერ გაბედავს ბალანსის დარღვევას კავკასიაში მოსკოვთან დაპირისპირების ხარჯზე;
4) ევროკავშირი აშშ-ს ახალ სტრატეგიაში, რომლის მიზანიც კავკასიის რესპუბლიკების რუსეთის ორბიტიდან მაქსიმალურად გამოყვანაა, დამხმარე როლის შესრულებას იკმარებს;
5) არ არსებობს სიცხადე კავკასიის 3 რესპუბლიკის ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი საბოლოოდ ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას და ევროინტეგრაციისკენ სვლას იმედოვნებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მათი პრიორიტეტების ნუსხაში უფრო უმნიშვნელო პოზიციას იკავებს ვიდრე რუსეთთან, როგორც მათი უსაფრთხოების გარანტორთან ურთიერთობების კულტივირება.
ბრიუსელის პოზიცია საუბარს რეგიონის ევროპულ მომავალზე, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებაზე უაზროდ ხდის, რადგან ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს საბჭოთა ეპოქის დროს არსებული მისი საზღვრები. საშუალოვადიან პერსპექტივაში, სიტუაცია სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით ნულოვანი თამაშით შემოიფარგლება, სადაც ერთი მხარის მოგება, მეორე მხარის დანაკარგების იქნება.
იმ მოვლენების ინტერპრეტაცია, რომელიც ორი წლის წინ აფხაზეთში მოხდა და ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება საქართველოს ურთიერთობები მის ყოფილ ავტონომიურ ნაწილებთან, იდეოლოგიური ბრძოლის სფეროში სხვადსხვა დონეზე დარჩება. ბევრია დამოკიდებული მოსკოვის, სამხრეთ-ოსეთისა და იმ ოსური საზოგადოებების პოზიციის თანმიმდევრულობასა და სიცხადეზე, რომლებიც ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო შესამჩნევი ხდებიან. ამ კონტექსტში გამოსვლები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა, გარკვეული ოპტიმიზმის საბაბს იძლევა.
[foreignpress.ge]