ვაშაძე  „კაფელშჩიკებს“ ეძებს

ვაშაძე „კაფელშჩიკებს“ ეძებს

სამოქალაქო რეესტრის  ყოფილი ხელძღვანელი, რომელიც ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

მართალია, „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია, არც საარჩევნო კამპანიას გამოუცხადების გახსნილად, მაგრამ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ უკვე დაიწყო ამომრჩევლებთან შეხვედრა.

ერთადერთი პირობა, რაც გიორგი ვაშაძემ საჯაროდ დადო ამომრჩევლის წინაშე, გარე განათების გადამწვარი ნათურის შეცვლა იყო, გზის განახლებასა და კანალიზაციის გაკეთებაზე კი უარი განაცხადა.

სამაგიეროდ ვაშაძე ბევრად უფრო გულუხვი და ენაწყლიანია კოორდინატორებთან შეხვედრისას  - ის ისნის ოაზისად ქცევას აპირებს, ეს ოაზისი კი საქართველოს კვალობაზე კი არ იქნება ოაზისი, არამედ მსოფლიო დონის ოაზისად ჩაითვლება.

ისნის რაიონში „ნაციონალური ნოძრაობა“ კოორდინატორების სიმცირეს არასოდეს უჩიოდა – იმ პერიოდში,  როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, უმუშევრობით გაწამებული ადამიანებისგან შექმნა ქსელი, რომლებიც პარტიას არჩევნების პერიოდში უნდა დახმარებოდა. მოგვიანებით ეს მათ სამუშაოდ იქცა.

რამდენიმე წლის განმავლობაში თითო ოჯახიდან რამდენიმე წევრიც კი მუშაობდა კოორდინატორად, მაგრამ  შემდეგ გაცხრილეს და ოჯახიდან თითო წევრი დატოვეს. ეს გასაგებიცაა - მათ ეტაპობრივად, თავისსავე, ნაციონალურ კომპანიებში ასაქმებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თითო ქუჩაზე თითო კოორდინატორი ჰყავს, არცთუ მცირე ხალხია დასასაქმებელი.

მოგეხსენებათ, ისნის რაიონის უმთავრესი პრობლემა ძველი და ავარიული სახლებია. ვაშაძემ კოორდინატორები დაარწმუნა, რომ მოიყვანს უამრავ ინვესტორს, დიდძალი ფულის პატრონ ხალხს, რომლებიც კოორდინატორების მეშვეობით მოლაპარაკებებს გამართავენ მესაკუთრეებთან და ახალი, ულტრათანამედროვე შენობების მშენებლობას დაიწყებენ.

ყველაზე კარგი სახლები ისანში აშენდება, და ყველას ისანში მოუნდება ცხოვრება, მაგრამ ადგილი უკვე აღარ იქნება - დაარწმუნა კოორდინატორები ვაშაძემ.

კოორდინატორებმა კი ამაში ყველა ის ამომრჩეველი უნდა დაარწმუნონ, ვინც მათი პოტენციური მომხრეა, თუმცა ასეთი ინსტრუქცია ჯერ გაცემული არ არის.

როგორც ჩანს თავად ვაშაძე არაფრის დაპირებას არ აპირებს, მხოლოდ ზოგადი მონახაზით შემოიფარგლება,  ამომრჩევლის მოსყიდვაში რომ არ ჩაეთვალოს - ამ საქმეს , ამომრჩევლის დარწმუნებას, მისი კოორდინატორები გააკეთებენ. რა გზით მოხდება ეს - ამბის ჭორად გავრცელებით თუ, უშუალოდ ამომრჩეველზე მუშაობით, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ჭორს გაავრცელებენ თუ პირდაპირ ეტყვიან ახალ სახლს აგიშენებთო, აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ  იმის იმედით, რომ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ახალ სახლში მოუწევთ ცხოვრება და მუდმივად შიში არ ექნება, სახურავი, ან კედელი არ დაეცეს თავზე, შესაძლოა, ისნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გარისკოს და კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მისცეს ხმა.

კოორდინატორებმა კარგად იციან, რით სუნთქავს და რით არის დაკავებული ისნის რაიონში მცხოვრები თითოეული ოჯახი და ადამიანი. მერე ეს ინფორმაცია სად იყრის თავს, ძნელი სათქმელია, შესაძლოა, თითოეულ მათგანზე დოსიეც კია შედგენილი, ყოველ შემთხვევაში, უბნის ინსპექტორებიც კოორდინატორებთან კოორდინირებულად მუშაობენ და ინფორმაციის გაცვლაც პრობლემა არ იქნება.

ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ იმ ოჯახებში, სადაც კოორდინატორები სტუმრობენ  და, არც თუ იშვიათად, ხშირად შეივლის ხოლმე უბნის ინსპექტორიც. კითხვაზე, რა აინტერესებს უბნის ინსპექტორს, ოჯახები გულწრფელად არ პასუხობენ. სავარაუდოდ, ინფორმაცია დანარჩენ მაცხოვრებლებზე გროვდება.

მოკლედ, ისნელი კოორდინატორები უკვე იმდენად კვალიფიციურად მუშაობენ, რომ დაზვერვასა და უშიშროებას შეშურდება. ასე იყო იმ დროსაც, როდესაც გიორგი გოგუაძე იყრიდა კენჭს და ასეა ახლაც. თუმცა, ახლა ისნელი კოორდინატორების კოორდინირებულ ჯგუფს ვაშაძის ახალი იდეები და დავალებები დაემატა.

მოკლედ, კოორდინატორებს  დაურიგდათ სამოქალაქო რეესტრიდან ამოღებული სიები (სხვათა შორის, მკვდარი სულებით სავსე) და დაევალათ, დაადგინონ, რეალურად ვინ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართებზე, მათთვის ჩაბარებულ ქუჩაზე  თითოეულ ოჯახში შევიდნენ და შეავსებინონ ხუთკითხვიანი ანკეტა, კითხვები კი ასეთი ტიპისაა: იციან თუ არა ვანო მერაბიშვილის პროგრამის  და 1000 ლარიანი ვაუჩერის შესახებ; რაში დახარჯავენ ათასლარიან ვაუჩერს(რამდენიმე სავარაუდო პასუხია მოცემული); წავლენ თუ არა არჩევნებზე; რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს, და აპირებენ თუ არა ხმა მისცენ გიორგი ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. 

ანკეტის შევსების შემდეგ უნდა გამოკითხონ, რამდენი წევრია ოჯახში და მათგან რამდენია დასაქმებული. უნდა გაარკვიონ, აქვს თუ არა ვინმეს პრივატიზების კუთხით პრობლემები, კომუნალური გადასახადების დავალიანება და ჩაინიშნონ აბონენტის ნომრები. უნდა გაარკვიონ, ვინც უმუშევარია, ხომ არ სურს მეორადი პროფესიის შეძენა, ეს მეორადი პროფესიები კი დურგლის და „კაფელშჩიკის“ პროფესიებით შემოიფარგლება. კოორდინატორებს ასევე ევალებათ, მოძებნონ „კაფელშჩიკები“ , დურგლები და გაარკვიონ, უმუშევრები ხომ არ არიან ამ ეტაპზე. მოკლედ, კოორდინატორებმა ასეთი ადამიანების სია უნდა შეადგინონ.

გარდა ამისა, კოორდიანტორებს ევალებათ, გაიგონ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ვინმეს ხომ არ სჭირდება რაიმე ოპერაციის გაკეთება.

კოორდინატორები მკაცრად გააფრთხილეს, რომ მოსახლეობას არაფერს დაპირდნენ და მხოლოდ ინფორმაცია შეაგროვონ. ასევე საჭირო ინფორმაციასაც, ინვესტორებისა თუ სხვა პროექტების შესახებ, მხოლოდ შესაბამისი ინსტრუქციის გაცემის შემდეგ დაიწყებენ.

მოკლედ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში თავისი ნაციონალური საქართველო აქვს შექმნილი და მის გარეთ დარჩენილი ხალხი, არა მისი მომხრეები, ნაკლებად აინტერესებს. იმ ოჯახებში, რომლებიც ალბათ მეზობლების ინფორმაციით, ნაციონალების პოტენციური მხარდამჭერები არ არიან, კოორდინატორები ახლოსაც არ ეკარებიან, როგორც ჩანს, მხოლოდ მასზე შორიდან შეგროვილი ინფორმაციით შემოიფარგლებიან.

ისანში „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმე აწყობილი აქვს, რაც შეეხება ოპოზიციას, ის  ჯერ-ჯერობით ნაკლებად ჩნდება, თუმცა ამ აწყობილ მექანიზმთან ბრძოლა, რასაც ალბათ მალე ადმინისტრაციული ბერკეტების დახმარებითაც გაამყარებენ, საკმაოდ რთული იქნება.

აქ ამ ადამიანების მინიმალური საარსებო საშუალებაც კი, „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ მიბმული და სავარაუდოდ ამ პრინციპით აპირებენ კიდევ 300 ათასი კაცის დასაქმებას. ალბათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ერთადერთი გზაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.  მშიერ ხალხს, რომელიც ხელში შეჰყურებს ამ ხელისუფლებას ლუკმაპურისთვის, ძნელია გაახსენო, რომ ზუსტად ოთხი წლის წინ ბიზნესიდან მოსული გოგუაძეც გრანდიოზულ მშენებლობებს გეგმავდა ისანში, მაგრამ...