სააკაშვილის ხელისუფლებამ თავისი “უნიკალურობა” ოლიმპიური მასშტაბითაც გამოავლინა და ჩემპიონებისთვის ჯერარსმენილი ჯილდოები დააწესა. ლონდონის ოლიმპიადაზე გაჩემპიონებული ქართველები მიიღებენ ფულად ჯილდოს, რომელიც 65-ჯერ აღემატება -გერმანელი, 48-ჯერ - ამერიკელი, 12-ჯერ - უკრაინელი, 10-ჯერ -რუსი, 7-ჯერ - იტალიელი სპორტსმენების საჩემპიონო პრემიას.
რა გასაკვირია და წლევანდელი ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებისთვის ყველაზე მაღალ ფულად ჯილდოს საქართველო აწესებს. ოქროს მედალის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000აშშ დოლარით რეიტინგს საქართველო ლიდერობს. 510 000 აშშ დოლარით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია. ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000.
მეორე და მესამე კატეგორიებზე დაწესებული პრემიებით ასევე კავკასია ლიდერობს. აზერბაიჯანში ვერცხლის მედალი 225 000 აშშ დოლარით ფასობს, ხოლო ბრინჯაოს მედალი - 128 000 დოლარით.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დაწესებული პრემიებიც რეიტინგში მოხვდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, ოქროს მედალზე არც ერთს 250 000 (ყაზახეთი) დოლარზე მეტი არ აქვს დაწესებული.
შედარებისთვის, ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი 25 000დოლარს მიიღებს, რუსეთს დაწესებული აქვს 125 000 დოლარი,იტალიას - 172 200, უკრაინას - 100 000, ბელორუსს - 150 000, გერმანიას კი - 18 300 აშშ დოლარი.
სპორტსმენების წახალისება აუცილებელია, მაგრამ სტიქიური უბედურების ფონზე ხელისუფლება საკუთარ თავს ოლიმპიური ჩემპიონებისთვის 1,2 მილიონი დოლარის გადახდის ფუფუნებას არ უნდა აძლევდეს. ამ განცხადებას კოალიცია “ქართული ოცნების”ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კი როგორიც აშშ, გერმანია და იტალიაა, ჩემპიონობაზე იმაზე გაცილებით ნაკლებ თანხებს აწესებენ, ვიდრე საქართველოა, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად კახეთის გარდა, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში არაერთი ადამიანი დაზარალდა.
“ხელისუფლება ოლიმპიადის სპორტსმენებს სპეკულაციისთვის იყენებს და პოლიტიკურ იმიჯს იქმნის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ოლიმპიელი ჩემპიონების წახალისება აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურია.
თუმცა მისგან გასაკვირი აღარაფერია, რადგან ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ხშირად ისმის, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროს, შენობებს და უნივერსიტეტს აშენებენ და მსოფლიოში საუკეთესონი არიან”, - აცხადებს პეტრიაშვილი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ოქროს მედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 200 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით. შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ!, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აქამდე ყველაზე მაღალი ჯილდო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისთვის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა დაწესებული. მილიარდერისაგან 400 000 დოლარი 2004 წელს ორმა სპორტსმენმა მიიღო - ზურაბ ზვიადაურმა და გიორგი ასანიძემ.ორივე მათგანი ოდნავ მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის სიაში და შემდეგ პარლამენტში მოხვდა. მათგან ერთ-ერთი - გიორგი ასანიძე - სასტიკ ოპოზიციაში ჩაუდგა უზრამაზარი ჯილდოს მიმნიჭებელს. პატარკაციშვილის თანადგომა მან მალევე დაივიწყა და მარჩენალ პარტიას დაუდგა მხარში.
ასანიძე დღემდე აგრძელებს რეპუტაცია და რეიტინგ შერყეული ნაცმოძრაობის გაკვალულ გზაზე სიარულს, ზვიადაურმა კი უკვე კარგა ხანია, რაც ოპოზიციაში გადაინაცვლა. იგი ამჟამად მეორე ქართველ მილიარდერთან ერთად იბრძვის პოლიტიკურ ასპარეზზე და “ქართული ოცნების” მიერ ახმეტის მაჟორიტარ კანდიდატადაც არი სდასახელებული.
როგორც ჩანს, ზემაღალი ჯილდოები ქართველ სპორტსმენებს პოლიტიკური კარიერის დაწყებისაკენ უბიძგებს.