სოზარ სუბარი:

სოზარ სუბარი: "ყველაზე მეტად ხალხის სულისკვეთება ქართლში ვიგრძენი"

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სვანეთში ჩასვლისას გია უდესიანი და მისი რაზმი პროვოკაციას გეგმავს. ამ საკითხის გადამოწმებას   კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივან სოზარ სუბართან შევეცადეთ. თუმცა სოზარ სუბარი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სვანების განწყობა ისეთია, რომ სვანეთში საშიში არაფერი მოხდება და ასეთი „დახვედრები“ და  პროვოკაციები წარსულს უნდა ჩაბარდეს.   

ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 მილიონამდე ლარი გადაიხადა. ხელისუფლებამ ეს ახსნა, როგორც ჯარიმის გადახდა, ივანიშვილის მხარე კი აცხადებს, რომ თანხა სტიქიით დაზარალებულთათვის გაწეული დახმარებაა.

– საბოლოო ჯამში, ასეთი გამოთქმა არსებობს – ყველაფერი რაც ხდება, სასიკეთოდ ხდება და ყველაფერი ღვთის ნებით არის დაშვებული. შეიძლება, უსამართლო საქციელიც კი დადებითად შემობრუნდეს. იგივე ითქმის ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომლებიც არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება. ამ ჯარიმის გადახდა იქნებოდა დათანხმება იმ უკანონობაზე, უსამართლობაზე, რასაც სახელმწიფო აკეთებს მოგელაძის ხელით და მოგელაძის სახით. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სტიქია მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა იმისთვის, რომ თავის ქვეყანას, თავის ხალხს დადგომოდა გვერდით, რასაც წლების განმავლობაში ისედაც აკეთებდა და, რისი შესაძლებლობაც ახლა აღარ აქვს, როგორც პოლიტიკაში შემოსულ ადამიანს.

წლების მანძილზე მისი დახმარება მილიარდნახევარ დოლარს აღემატებოდა. ეს არის უზარმაზარი თანხა, რომლითაც შეიძლება თამამად ვთქვა, არა მხოლოდ არაერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს და არაერთი დარგი გადარჩა, არამედ არაერთი უძვირფასესი ძეგლი შევინარჩუნეთ. პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფო ერთგვარად იდგა კიდევაც ამ თანხებზე. თუ ამერიკის ან ევროკავშირის მიერ გაღებულ დახმარებებს მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ნაკლები როლი არ შეუსრულებია ამ საქმეში. არის სფეროები, სადაც გადამწყვეტი იყო მისი დახმარება. 580-ზე მეტი უძველესი ქართული ეკლესია-მონასტერი არის აღდგენილი, გადარჩენილი, გადარჩენილია უძველესი ფრესკები. ამაზე მეტი ადამიანმა რა უნდა გაუკეთოს თავის სამშობლოს, ახალ ეკლესიებზე აღარაფერს ვამბობ. ახალი ეკლესია, შეიძლება აშენებულიყო, ვთქვათ, ათი წლის მერე, მაგრამ 10 წლის მერე აღარ იარსებებდა თუნდაც ზარათის წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია.

იმერეთში როცა ვიყავით, წყალტუბოში ერთი მიკარგული სოფელია, გვითხრეს, რომ  მე-12 საუკუნის წმინდა კვირიკეს ეკლესია, თავისი უძვირფასესი ფრესკებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინაო. იქვე მეორე ეკლესიაც დგას, რომლის მოხატვაც დაწყებული იყო და ამჟამად შეჩერებულია. იმასაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და შეჩერებულია, რადგან ახლა არ აქვს ამის უფლება, მაგრამ არა უშავს – მოგვიანებით მოიხატება. მთავარია, რომ მე-12 საუკუნის ეკლესია გადარჩა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოხატვა ყოველთვის შეიძლება. ალავერდში რომ ვიყავით, იქაც მისი დახმარებითაა გადარჩენილი ისტორიული ძეგლები, ისევე, როგორც – მთელ საქართველოში.

ახლაც, რადგან სხვა გზა არ არსებობდა, რომ დახმარებოდა ათეულობით ათას ჩვენს დაზარალებულ თანამოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის გადახდა გადაწყვიტა და სახელმწიფოსგან მოითხოვა, რომ ხალხისთვის რეალური დახმარება გაეწიათ და არა ის სამარცხვინო შეთავაზება, რასაც სახელმწიფო აკეთებს. კახეთში რომ ვიყავით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა იხუმრა კიდეც, თუ აღმოჩნდა, რომ მეტი თანხაა საჭირო, უკვე ის მაინც ვისწავლე, როგორ ჩავრიცხოო; დავაჯარიმებინებ თავს და კიდევ გადავიხდიო. კახეთის შესახებაც მინდა გითხრათ. მართლა შეურაცხმყოფელია, რასაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს მოსახლეობას. მაგალითად, ერთ ადამიანთან ვიყავით ეზოში, რომელსაც ექვს ჰეტარზე მთლიანად გაუფუჭდა მსხმოიარე ატამი, რაც ბაზარზე უნდა გაეტანა. მინიმუმ, 100 ტონა მოწეული მოსავალი უნდა გაეტანა, ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ, 50 ათასი ლარი სუფთა მოგება უნდა აეღო. მაგრამ ის ბაღი ისეა განადგურებული, ნახევარი, ალბათ, ამოსაყრელია და თავიდან აქვს დასარგავი, რაც უზარმაზარი ფულია და, პლუს, წლებია საჭირო, რადგან ახლა რომ დარგავ ატამს, ხუთი წლის შემდეგ პირველ ნაყოფს მოგცემს და შვიდი-რვა წლის მერე იწყებს სრულ მსხმოიარობას. ხოლო ის ხეები, რომლებიც გადარჩა, ახლავეა გასასხლავი და შესაწამლი, რომ არ გახმეს. მის შეწამვლას ცალკე ფული სჭირდება. გაისად, ალბათ, ის გადარჩენილიც ვერ მოგვცემს იმდენ მოსავალს, ორი-სამი წლის მერე მოსავლის მიცემას რომ დაიწყებს, იმის ნახევარს მოგვემს, რაც წელს მოისხა. ასე რომ, გლეხი დიდ ზარალშია.

მაგრამ ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულების გულის მოგებას ხომ შეეცადა?

– ზარალი ათასეულობით ლარია და ამ დროს რას სთავაზობს მათ სააკაშვილი? მაქსიმუმი დახმარება 1500 ლარია. თანაც, სთავაზობს გადავადებას ბანკიდან აღებული კრედიტით, რაც დაცინვაა, რადგან გლეხი ვერ გადაიხდის. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა კრედიტი იმაში აიღო, რომ მიწა უნდა მოეხნა, შეეწამლა, ეს სამუშაოები განახორციელა და ამის შემდეგ სრული მოსავალი დაკარგა. ის ბაღი, რომც არ განადგურებულიყო, მაინც ვერ აანაზღაურებდა ერთი წლის შემდეგ, რადგან კულტივირება, შეწამვლა სჭირდება, გაისად კიდევ გაზაფხულზეა ჩასატარებელი სამუშაოები და ვეღარ ჩაატარებს, რადგან სესხი უკვე ერთხელ აქვს აღებული და გაისად ახალ სესხს ვინ მისცემს?! ან, თუ მისცემენ, ის ბაღი უნდა ჩადოს უკვე. კარგავს ყველაფერს. ამიტომაც ეს არის დაცინვა, მასხრად აგდება და შეურაცხყოფა საქართველოს დაზარალებული მოსახლეობის. ამიტომ ამბობს ბიინა ივანიშვილი, ყველაფერი ზუსტად დავითვალოთ, ვინ, სად და რამდენი ზარალი განიცადა და შესაბამისად ავუნაზღაუროთო. თითქოს დაზღვეული ჰყავდა ეს ხალხი. ამ შემთხვევაში, დამზღვევი გამოდის ბიძინა ივანიშვილი. სახელმწიფოსაც კი არ აკისრებს ამას.  წესით, სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს ზარალი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამბობს – მე ვარ დამზღვევი, მე ვაზღვევ ამ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს და ამ გზით ვაზღვევ, ვიხდი 80 მილიონ ლარს.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ხელისუფლება სათავისოდ იყენებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნოდ, სახელმწიფო, რომელსაც დაცარიელებული აქვს ბიუჯეტი, ძალიან კარგად ისარგებლებს ამ საშუალებით და, ირიბად, ბიძინა ივანიშვილს „დააფინანსებინებს“ თავის საარჩევნო კამპანიას?

– რა უნდა ვქნათ? იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან ძალიან უსინდისო ადამიანები, დაზარალებული მოსახლეობა შიმშილისთვის უნდა გავწიროთ?

ანუ, ნაკლები ბოროტება აირჩიეთ?

– აქ არის ბრძოლა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. როცა ხელისუფლების მხარე ბოროტებას სჩადის, უნდა ვაიძულოთ, რომ მისი ბოროტების საზღვარი მაქსიმალურად მცირე იყოს.

მაინც გავმეორდები, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს, არამედ იძულებითი ნაბიჯით_ ნაციონალებისაც. 

– არა, ბუნებრივია. ისევ გავიმეორებ, რა უნდა ვქნათ? წეღან გლეხი რომ ვახსენე, ფერმერი, რომელმაც 100 ათასი ლარის ზარალი განიცადა – 50 ათასი ლარის მოსავალი უშუალოდ უნდა აეღო, ბაღის განახლება კი, შესაძლოა, 100 ათასი კი არა, 300 ათასიც დაუჯდეს. გამორიცხული არაა, ასეთმა ადამიანმა სტრესისგან ინფარქტი მიიღოს ან ტყვია იხალოს. ვეღარ გაუძლებენ ამხელა ტრაგედიას, მთელი ცხოვრება დაენგრათ ერთ წამში. ხომ არ გავწირავთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ სააკაშვილი უსინდისოა?!

საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის პოლიტიკასაც შევეხოთ. უკვე დიდი ხანია, მათ ორმაგ სტანდარტს შევეჩვიეთ. პერიოდულად, დასავლეთი ოპოზიციის მხარეს იჭერს, გამოხატავს აღშფოთებას, შეშფოთებას, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ უფრო იხრება მათი ვექტორი. მართალია, ვამტკიცებთ, რომ არჩევნების ბედი საქართველოშია გადასაწყვეტი, მაგრამ, დასავლეთი რას აკეთებს საამისოდ? იმისთვის, რომ ობამას თქმისა არ იყოს, ხელისუფლება სხვას გადაეცეს?

– ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა, არის. ის, რაც „მაესტროს“ თავს ხდება, თეფშების ამბავი, ეს რომ გაეკეთებინა ლუკაშენკოს, პუტინს, ახმადინეჯადს, მთელ მსოფლიოში ეს იქნებოდა ყველა ქვეყნის პირველი პირის, საგარეო საქმეთა მინისტების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის მთავარი თემა; რომ, აი, დიქტატურა დამყარდა, რომელიც თურმე თეფშებს ებრძვის. ახლა უკვე თეფშებს კი არა, „მაესტროს“ უყადაღებენ ახალი ნიუსრუმის მოწყობილობასაც, საზღვარზე აღარ უშვებენ. ეს ორმაგი სტანდარტი ნამდვილად იგრძნობა, რადგან, როცა წლების განმავლობაში იძახეს „დემოკრატი-დემოკრატიო“, ასე ადვილად უჭირთ, ამ ადამიანს თავისი სახელი დაარქვან და უწოდონ ავტოკრატი. თუმცა, ამ ორმაგი სტანდარტის მიუხედავად, რომ არა დასავლეთი, რომ არა დემოკრატიული სამყარო, რა მოხდებოდა?! სააკაშვილი თავისი ბუნებით, თავისი ხასიათით ბევრად უარესია, ვიდრე, ვთქვათ, ბაშარ ალ ასადი ან კადაფი. საშინელებებს ჩაიდენდა. აღარ ვადარებ სააკაშვილს ისეთ პიროვნებას, როგორიც მუბარაქი გახლდათ. მართალია, იგი იყო დიქტატორი, მთელი ქვეყანა ხელში ჰყავდა ჩაგდებული, მაგრამ თავის დროზე ღირსეული ადამიანი გახლდათ. ეს იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი სამშობლოსთვის და, რომელსაც გმირად აღიარებს საკუთარი ხალხი. ბრძოლაში არ გარბოდა, როგორც სააკაშვილი და არ ფორთხავდა ტალახში. მას ჰქონდა უზარმაზარი ღირსება. თუმცა კადაფი და ასადი მაინც სხვა ადამიანები იყვნენ, ისინი შლეგები იყვნენ. ასეთივეა ჩვენი პრეზიდენტიც. ამ სიშლეგეს სააკაშვილი ვერ ავლენს, რადგან მას აქვს აღვირი და ეს აღვირი, ამ შემთხვევაში, არის დასავლეთი. მას არ აქვს ისეთი ძალა, როგორიც ჰქონდა კადაფის ან ასადს. ამიტომაც იგი ვერ მიდის იმ ნაბიჯებზე, რაზეც ისინი წავიდნენ. ეს არის, რაც მას აკავებს.

როგორც ჩანს, ეს მისი გადამრჩენელი ფაქტორიცაა, რადგან მუბარაქისა და კადაფის საბოლოო გზა ტრაგიკული იყო.

– დიახ, მუბარაქის გზა არაფერია კადაფის გზასთან შედარებით და მის დასასრულთან შედარებით. უღირდა კი მთელი ათეულობით წელიწადი მართვა და სიამ-ტკბილობაში ცხოვრება, როცა ოჯახის ყველა წევრი დაუხოცეს და ბოლოს იმხელა წამებით მოკლეს, რამდენიმე საათი საჯაროდ გააუპატიურეს და ასე დაასრულა ცხოვრება. შესაძლოა, იმ რამდენიმე საათმა გადაწონა ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაში სიამოვნება მიუღია. ამ შემთხვევაში, თავად სააკაშვილის მხსნელიცაა დასავლეთი, რომ ამ ნაბიჯს არ ადგმევინებს. ვერც გადადგამს საქართველოში ამ ნაბიჯს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, დასავლეთი უაღრესად პოზიტიურ როლს ასრულებს და ცხადია, ველოდებით უფრო მეტს, რომ ისინი იყვნენ უფრო ადექვატურები, როგორც იქნებოდნენ მაშინ, ეს ყველაფერი რომ გაეკეთებინა ლუკაშენკოს.   

 „ქართული ოცნების“ აქციების სამზადისის წინ თქვენ საქართველოს არაერთ კუთხეს ეწვიეთ. რა გრძნობა დაგეუფლათ ადგილობრივებთან შეხვედრისას?

– ზოგადი განწყობა ყველგან ერთნაირია. გახლდით იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში. გურიაში არ ჩავსულვარ. ზოგადად ტემპერამენტი სხვადასხვანაირია. გურული რომ ახერხებს, ქუდზე კაცი კი არა, ქუდზე ორი კაცი გამოვიდეს, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, სხვა კუთხეები ამას ვერ ვახერხებთ. გურულის თვისებაა ეს. ეს შეძლეს და ამ მხრივ ნამდვილად ყველაზე მაგრები არიან. შიდა ქართლში შეხვედრების დროს გაცილებით მეტი პროვოკაცია იყო, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია ის, რომ თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, მცხეთის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სადღაც უნდა შეეჩერებინა „ქართული ოცნების“ მომხრეები და იფიქრა,  შევაჩერებ გორში, შიდა ქართლში... მე ვფიქრობ, ზუგდიდში, გორში, ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში პოლიციური რეჟიმი გაცილებით უფრო მკაცრია, მოსახლეობის დაშინებასაც უფრო მეტად ცდილობენ და უფრო მობილიზებულია ხელისუფლება. ამიტომ იქ უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ მოსახლეობის დაშინებისთვის. ამდენად, ახერხებდნენ, რომ ჩვენი შეხვედრები აყალ-მაყალში გადაეზარდათ და გვახვედრებდნენ ადამიანებს. სხვათაშორის, ერთი და იგივე ადამიანები გვხვდებოდნენ სხვადასხვა სოფელში. ისინი გამუდმებით დაგვყვებოდნენ.   

 ანუ ყვითელი ავტობუსების თემის გაგრძელებაა?

– დიახ, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად სწორედ ქართლში ვიგრძენი ხალხის სულისკვეთება. კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ დავდიოდი. ყველა სოფელში 20, 30, 40 ოჯახის ჩამოვლას ვახერხებდი. ამდენი ოჯახიდან შეიძლება, შეგხვედროდა ერთი ან ორი პირი, რომელიც სააკაშვილს უჭერდა მხარს. კიდევ ერთი-ორი, რომელიც ამბობდა, რა ვიცი, შვილო, ხალხისთვის არცერთი მთავრობა არ არის და ბიძინაი რას იზამს, აბა, რა ვიცი?! აღარ ვუხსნიდი, რომ იგი ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია და ამდენ თანხას ხარჯავს მოქალაქეების დასახმარებლად. ყველა დანარჩენი „ქართული ოცნების“ მომხრე და იმედით აღსავსე იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ვითარების შეცვლას შეძლებს.   

როგორც ვიცი, სვანეთშიც აპირებთ გამგზავრებას. უდესიანთან და მის რაზმთან დაკავშირებით არის გარკვეული ეჭვები. ხომ არ იგეგმება რაიმე პროვოკაცია ბიძინა ივანიშვილის სვანეთში სტუმრობისას? ისევე, როგორც ამგვარი პროვოკაციები მოხდა კარალეთში, მერეთში...  

– რაც შეეხება სვანეთს, 28 ივლისს არის კვირიკობა. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში აღინიშნება წმიდა კვირიკეს ხსენების დღე. ეს ერთ-ერთი უძვირფასესი ეკლესიაა სვანეთში, მოხატულია მხატვარ თევდორეს მიერ. მის სახელს სვანეთში სამი ეკლესიის მოხატვა უკავშირდება. მე-12 საუკუნის, დავით აღმაშენებლის კარის მხატვრის სახელითაა ცნობილი. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ იგი იქაურია და იქაური ხატწერის გავლენა იგრძნობა. ამავე ეკლესიაში ინახება სამი ათასზე მეტი ნივთი, მათ შორის, 120 ხატი. განსაკუთრებით, ამ ეკლესიამ სახელი გაითქვა ე.წ. შალიანის ხატის გამო, რომელიც სასწაულთმოქმედად ითვლებოდა და, როგორც ჩანს, ამის გამო გახდა ეს დღესასწაული მთელი სვანეთის შემკრები. თუმცა, არა მხოლოდ ზემო და ქვემო სვანეთიდან ამოდის უამრავი ადამიანი. ამ თარიღთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრები სვანეთში ჩავალთ, თუმცა მანამდე  მოსახლეობასთან შეხვედრებს გავმართავთ. მესტიაში იგეგმება ოფისის გახსნა, მაჟორიტარების წარდგენა და კიდევ სიურპრიზს ვგეგმავთ და წინასწარ ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას და გავრცელებულ ინფორმაციას უდესიანთან დაკავშირებით?

– არანაირ საშიშროებას არ ველოდები. მეც მომივიდა ეს ინფორმაცია პროვოკაციებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი არ მოხდება. ამ ყვირილ-წივილმა და ვიღაცეების დახვედრებმა თავისი დრო მოჭამა. იქაური ხალხის განწყობა ისეთია, რომ ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების არათუ ჩაშლას, არამედ ოდნავ მაინც დისონანსის შეტანას.

ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია.

– ვისაც ეშინოდა, დავინახეთ გორში. მას მერე, რაც ამ კაცმა გააკეთა, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, მე ვფიქრობ, უნდა რცხვენოდეს. ღირსების მქონე ადამიანი, წაგებული კი არა, მოგებული ომის მერეც ამ კადრების გავრცელების შემდეგ გადადგებოდა და იტყოდა, რომ უფრო ღირსეულ ადამიანს ვუთმობ ადგილს. ასე რომ, ამის ნამდვილად არ გვეშინია. ზოგადად, სვანეთი მართლაც მიტოვებულია ხელისუფლებისგან, იმ პიარის მიუხედავად, რასაც ისინი აკეთებენ. გახსოვთ, ალბათ, გასული წლების ზამთარი, როცა მარტო მესტიაზე იყო ლაპარაკი – უშბის განათება, ტრასები, თხილამურები, მსოფლიოში საუკეთესო თოვლი... ამ ზამთარს რატომ არ გაახსენდა ვინმეს, რომ სვანეთს მიხედვა სჭირდება?! უბრალოდ, არ აინტერესებთ და ეს ყველაფერი იყო პიარი. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ სვანეთი თავისი პოტენციით საქართველოს უმდიდრესი მხარეა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კახეთი ყველაზე მდიდარია, ამ დროს კი სვანეთი პოტენციურად ყველაზე მდიდარია, არა თავისი განსაკუთრებული მოსავლიანი მიწების თუ ტყეების გამო, არამედ ტურიზმის პოტენციალის გამო; იმ პოტენციალის გამო, რომ მას შეუძლია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სოფელი – ჭუბერი, თავისი ტერიტორიით, უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს ზოგიერთი რაიონი. იმხელა ტერიტორია აქვს ამ პატარა სოფელს, ულამაზესი და პოტენციურად უმდიდრესია,  თუკი მხოლოდ პიარისთვის არ გამოვიყენებთ და რეალურად განვავითარებთ მის შესაძლებლობებს. ამას კი ჩვენ ბიძინა ივანისვილთან ერთად გავაკეთებთ.