კაცი უნდა ეყოს ხელფასს თუ ხელფასი - კაცს?

კაცი უნდა ეყოს ხელფასს თუ ხელფასი - კაცს?

საქართველოში ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: "ხელფასზე ვცხოვრობ", "ხელფასიდან ხელფასამდე გამაქვს თავი" და ა.შ. ხელფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც, მიზეზთა გამო, სხვა შემოსავალი არ აქვს. ხელფასის ოდენობას კი ქვეყანაში, ძირითადად, სახელმწიფო პოლიტიკა, ეკონომიკური მდგომარეობა და ბიზნესაქტივობა განაპირობებს.

გაეროს 2012 წლის ანგარიშით, რომელიც მსოფლიოში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობას მიმოიხილავს, საქართველო 59-ე ადგილზეა იმ 72 ქვეყანას შორის სადაც კვლევა ჩატარდა. ლიდერთა პირველ ათეულს სათავეში უდგას ლუქსემბურგი, შემდეგ მოდიან ნორვეგია, ავსტრია, აშშ, ინგლისი, ბელგია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი და სამხრეთი კორეა. ამ ქვეყნებში ყოველთვიური ხელფასი 2.903-დან 4.089 აშშ დოლარამდე მერყეობს, ხოლო დღიური ანაზღაურება - 97-დან 136 აშშ დოლარამდე.

საქართველო საშუალო ხელფასით (ყოველთვიურად 603 აშშ დოლარით და დღეში 20 დოლარით) ჩამორჩება უკრაინას (686/23), ჩინეთსა (656//22) და მექსიკას (609/20), სამაგიეროდ, ოდნავ, მაგრამ მაინც უსწრებს(?!) ნავთობითა და გაზით მდიდარ აზერბაიჯანს (596/20), ეგვიპტეს (548/18) და ტაილანდს (489/16). ხელფასების მხრივ საქართველოს ჩამორჩებიან სომხეთი (471/16), მოლდოვა (438//15) და ეკონომიკურად ისეთი მზარდი ქვეყანაც კი, როგორიც არის ინდოეთი (295/10).

უცნობია, რა მეთოდით დაითვალა გაეროს შესაბამისმა სამსახურმა სახელფასო განაკვეთები: დაეყრდნო მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს თუ დამოუკიდებელ ალტერნატიულ წყაროებსაც. ასეა თუ ისე, 72 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე ყოფნა ნამდვილად ვერ მეტყველებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. საქართველოს ხელფასების მაჩვენებლით უსწრებს ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მიხეილ სააკაშვილმა წლის დასაწყისში "ჩამოშლილად" გამოაცხადა.

2011 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: ეკონომიკური ზრდა - 4,5%. მშპ მოსახლეობის ერთ სულზე კი - 2924.9 აშშ დოლარი. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 117-ე ადგილზე ვიყავით, რაც დიდი ვერაფერი შედეგია. ჩვენ ცოტა ჩამოვრჩებოდით სირიას, მაროკოს, პარაგვაის, კამბოჯას და უმნიშვნელოდ ვუსწრებთ მოზამბიკს, სომხეთს. სამჯერ ვუსწრებთ გამბიელებსა და ჰაიტელებს, ოთხჯერ - ბირმელებს, ხუთჯერ - ეთიოპიელებსა და ზიმბაბველებს. თუმცა, ამასთანავე, ეკონომიკური განვითარების კუთხით ჩვენზე ცოტა წინ არიან: ნაურუ, გვატემალა და ალბანეთი. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია: ბოტსვანა, მექსიკა და გაბონი, ხუთჯერ - ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი; შვიდჯერ - ტაივანი და იტალია; ათჯერ კაიმანისა და ფარერის კუნძულები.
დამოუკიდებელ ანალიტიკოსთა შეფასებით, სტაბილური ხელფასი საქართველოში დაახლოებით 610 ათას კაცს აქვს, მათ შორის არიან სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულნი, აგრეთვე უცხოელებიც.

ექსპერტთა აზრით, დღეს საქართველოში ადამიანური რესურსი, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ჩამოცილებულია ქვეყნის განვითარების პროცესს. ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი კრიტერიუმი აქვს, აქცენტს აკეთებს ისეთ მოდელზე, როგორიც არის სახელმწიფო კორპორაცია.

ხელფასების მონაცემები ცოტა რამეს თუ გვეუბნება იმაზე, არსებული ინფლაციის პირობებში აძლევს თუ არა თუნდაც 800-ლარიანი ხელფასი ღირსეულად ცხოვრების საშუალებას 3-4-სულიან ოჯახს? ძალაუნებურად გვახსენდება ცნობილი ფრაზა, ჭაბუა ამირეჯიბის შესანიშნავი ნაწარმოებიდან: "კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი - კაცს". დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ფილოსოფიით ცხოვრობს.