მორიგი აღრიცხვა და თანხების გარეცხვა წინასაარჩევნოდ

მორიგი აღრიცხვა და თანხების გარეცხვა წინასაარჩევნოდ

6 მილიონი ლარი და 3 ათასი აგენტი - მერაბიშვილის მთავრობა ასე იწყებს უმუშევრობასთან ბრძოლას. ეს მხოლოდ აღრიცხვაა, უმუშევართათვის კონკრეტული შეთავაზებები არჩევნებამდე ვერ მოესწრება. 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანაში ელემენტარული აღრიცხვიანობა ვერ მოწესრიგდა. ლამის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა გამოკითხვა, აღწერა, აღნუსხვა და ციფრების შეჯამება-გადაჯგუფება.

უმუშევართა აღწერის გეგმა მთავრობამ ორი კვირის წინათ წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამ პროგრამაში სპეციალურად მომზადებული 3 ათასი აგენტი ჩაერთვება, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში 25 ქალაქში თითოეულ ოჯახში შევლენ, რათა სპეციალურ კითხვარებში შეიტანონ მონაცემები ოჯახისა და მისი ცალკეული წევრის შესახებ მათი შემდგომი დასაქმების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ჯანდაცვის სამინისტრო კი დამატებით 6 მლნ ლარს მიიღებს უმუშევართა აღრიცხვისა და დევნილთა საჭიროებების განსაზღვრის პროგრამების განსახორციელებლად.

ეს დაახლოებით მსგავსია დევნილთა პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს აღრიცხვასა და მათი მონაცემთა ბაზის განახლებას. იგი 1 აგვისტოდან დაიწყება და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა 23 ივლისს წარუდგინა მთავრობას. ხომერიკის თქმით, თავად დევნილებიდან, რაც მოსახლეობის 6%-ს შეადგენს, შეირჩევა 185 ინტერვიუერი და პირველ ეტაპზე 44 700 ოჯახი გამოიკითხება, შემდგომ კი იგეგმება იმ დევნილთა გამოკითხვაც, რომლებიც არა კომპაქტურ დასახლებებში, არამედ კერძო სექტორში ცხოვრობენ.

დევნილებისა და უმუშვრობის პრობლემა საქართველოში მარადიულია. ორ ათეულ წელზეა მეტია ამ კუთხით არავითარი უკეთესობა არ იგრძნობა, პირიქით, მდგომარეობა მძიმდება. პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ქვეყანაში მოსახლეობის 70 პროცენტი რეალურად უმუშევარია. რაც შეეხება დასაქმებულებს, ამ კატეგორიის მოქალაქეთა 22 პროცენტი, მისივე განცხადებით, უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია. კიდევ უფრო მძიმეა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, პეტრიაშვილი სიღარიბის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმების გადახედვას მოითხოვს.

«ხელისუფლება ყალბ ციფრებს გვაჩეჩებს და აშკარად იტყუება, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელს დაბალი მონაცემებით წარმოგვიდგენენ. რეალურად ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს აღწევს. დასაქმებულთა 22 პროცენტს ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, რაც ასევე საგანგაშოა. ამიტომ სიღარიბის შეფასების კრიტერიუმი გადაუდებელ გადახედვას საჭიროებს.

უმუშევრობის თვალსაზრისით, საქართველოში კატასტროფული ვითარებაა. კლებაზე საუბარიც ზედმეტია და თვალს ვერავის აუხვევენ ამ რეალობის დასანახად. პირიქით, უმუშევრობა გაზრდილია და მომავალში უფრო მოიმატებს, რადგან პოლიტიკური ნიშნით უამრავია დამიანი იდევნება», - აცხადებს პეტრიაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო «საქინფორმის» ცნობით, ზემოთაღნიშნული პროგრამები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება. სწორედ ამიტომ ემატება ჯანდაცვის სამინისტროს 6 მლნ ლარი.

ცნობისათვის: ბიუჯეტში ამგვარი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღი კი პრეზიდენტს ჯერ არ დაუნიშნავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 20 ივლისს გამოაქვეყნა კვლევა – „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ – და მოუწოდა მთავრობას, თავი შეიკავოს საბიუჯეტო სახსრების ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებისაგან, რომლებიც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება.

კვლევამ გამოავლინა საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ: სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე 25 000 სტუდენტი წინასწარ შერჩეულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი „ლიდერი - 2012“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ. ეს პროგრამა, გავრცელებული ინფორმაციით, 80 ათას სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობებისა და მმართველი პარტიის ორგანიზებით ხორციელდება; პროფესიული განათლების 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის; სექტემბრიდან პენსიების ზრდა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაფართოება; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსების უპრეცედენტო – 309%-იანი ზრდა მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით“.

„აღნიშნული ინიციატივების უმეტესობის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყება გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ ხდება სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება“, – აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.