დღეს საქართველოს პარლამენტში ნამუსიანი ხალხი სჭირდება

დღეს საქართველოს პარლამენტში ნამუსიანი ხალხი სჭირდება

„თეფშებს რომ ჩამოხსნი, ხმას რომ ჩაახშობ, ეს იგივეა რომ ჩაახშო ხალხის ხმა, ნება და თავისუფლება“,- ამბობს ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, რომელიც ერთი წლის წინ ხელისუფლებამ 26 მაისს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრა. „სახალხო კრების წევრი“ სოსო ჯაჭვლიანი „ქართულმა ოცნებამ“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

„საპასუხისმგებლო კი არა, უდიდესი ტვირთია, ძალიან დიდი ნდობის გამოცხადებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, რომელსაც ყველაზე დიდი ამომრჩეველი ჰყავს, თანაც ამ დროს, როდესაც ეს რეჟიმი წესების გარეშე ჩხუბობს, ქვებს ისვრის“ - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისი სავარაუდო კონკურენტთან, თბილისის საკრებულოს წევრ, ნიკოლოზ ხაჩირიშვილთან დაკავშირებულ ამბავს გვიყვება:

-ამასწინათ ასეთი რამ მოხდა: გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ჩემი და ნიკოლოზ ხაჩირიშვილის კომენტარები გამოქვეყნდა სადაც ის ამბობს, რომ მისი კონკურენტი ჯაჭვლიანი კი არა გლდანის პრობლემებია, მე კი ვპასუხობ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში კი ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავიც გლდანის პრობლემებია და რაკი მისთვისაც ასეა, ეს ძალიან კარგია და მოდი ისე ჩავატაროთ ეს არჩევნები ამ რაიონში, წესების დაცვით, რომ ყველასთვის სამაგალითო იყოს და მხოლოდ ამომრჩეველმა გადაწვიტოს, ვის მისცეს-მეთქი ხმა.

მეორე დღეს გამოვდივარ გლდანში, დედაჩემის სახლიდან და ვხედავ მოდის ხაჩირიშვილი თავის აქტივისტებთან ერთად. მივედი და ხელი ჩამოვართვი, ვეუბნები, მოდი ნიკო, ეს არჩევნები მაინც კაცურად ჩავატაროთ მეთქი...

რა გიპასუხათ?

- მიპასუხა, კარგი, კარგიო.

მერე დაიჯერეთ?

-ესენი ისე იქცევიან, არაფერზეც არ წამოგყვებიან, ამ რეჟიმის ამბავი ხომ იცით. თვითონაც ხვდებიან რომ მათ ხმას არავინ არ მისცემს. პრეზიდენტი რომ გამოდის, ეს მერაბიშვილი რომ გამოდის და რაღაც ზღაპრებს ყვებიან, ეს ერთხელ ხომ მოვისმინეთ უკვე.

ბიძინა ივანიშვილი იმხელა ნდობის ფაქტორით შემოვიდა ხალხში - წარმოგიდგენიათ, ადამიანი, მარტო ერთი მილიარდი დოლარი საქართველოში ქველმოქმედებაზე რომ აქვს დახარჯული. დგანან ახლა და ამ ფულის რუსულ წარმომავლობაზე ლაპარაკობენ, ნახეთ რამხელა იუმორის გრძნობა აქვთ ამ გაფუჭებულებს, უხერხემლოებს, რუსეთს მიყიდეს ყველაფერი, თუ საქართველოს რაიმე სტრატეგიული ობიექტი აქვს და ესენი ლაპარაკობენ რუსეთუმეობაზე.

ტელევიზიებს, რომელიც მთელ საქართველოში ვრცელდება, თვითონ აკონტროლებენ და ცდილობენ ხალხმა მათი ზღაპრები დაიჯეროს, „მაესტროს“ კი თეფშების უკვე მერამდენე პარტია დაუპატიმრეს...

-თეფშებს რომ ჩამოხსნი, ხმას რომ ჩაახშობ, ეს იგივეა რომ ჩაახშო ხალხის ხმა, ნება და თავისუფლება და თუ არ გინდა განსხვავებული აზრი მოისმინო, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გაქანებული დიქტატორი ხარ.

რაიონებსა და სოფლებში რომ დავდივარ თუ ადამიანებმა რამე არ იციან, არც გაემტყუნებათ, ისინი ხომ მარტო სახელისუფლებო არხებს უყურებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი კარგი რაღაც მაინც მოხდა, ამათ თეფშების ჩამოხსნა და დაყადაღება რომ დაიწყეს, ხალხს მეტი ინტერესი გაუჩნდა.

წარმოიდგინეთ, ცხოვრობ სოფელში, ვიღაცა მოგადგა და გეუბნება, რომ ამ თეფშს დაგიდგამ და ერთი არხით მეტს ნახავო, შენ ხომ ეს წესით გაგიხარდება, თან გეუბნება, საფასური ნელ-ნელა გადამიხადე ისე, რომ არც შეგეტყობაო. ამ დროს ვიღაც მოდის და ამ თეფშს აყადაღებს. შენ უკვე ბუნებრივად გიჩნდება ეჭვი. ადრე თუ ერთ კაცს ელაპარაკებოდი პრობლემებზე, ახლა შეიძლება ათს და ოცს დაელაპარაკო, რა უნდათ, რატომ არ მასმენინებენო. ეს ხომ ბუნებრივია, ხომ იცით ყველაფერი აკრძალული რომ უფრო საინტერესო ხდება და პირიკუ რეაქცია მოსდევს.

ის 10 ათასი ანტენა რომელიც დაიდგა და ამათ ჩამოხსნეს, გაათმაგდა, იმიტომ რომ ადამიანებმა ფიქრი დაიწყეს, ეს მათვე შემოუტრიალდათ. ადამიანები ყველაფერს ხვდებიან და ესენიც იმიტომ არიან ასეთი გაცოფებულები.

ივანიშვილმა ჯარიმა რომ გადაიხადა, თქვა ამ თანხას სტიქიით დაზარალებულებისათვის ვიხდიო, თუმცა ხელისუფლება ამბობს, ბანკის დაბრუნება უნდოდაო...

-ვიცი რაც არის სოფელში მუშაობა და რამხელა შრომა უნდა. მთელი წლის მოსავალი წყალში რომ ჩაგეყრება, წარმოიდგინეთ რა იქნება - კაცი 40- 50 ათასს ელოდებოდა შემოსავალს და ეს ყველაფერი ქრება. შენ კი  500 და 1000 ლარი გინდა მისცე, ესეც ხომ სასაცილოა.

ამ დროს გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ეუბნება, მომეცით საშუალება ამ ხალხს დავეხმაროო. მთავრობაც გამოუვალ მდგომარეობაშია ეტყვიან უარს ვაია, ეტყვიან მომეციო ვუი. ხომ იცით, უფალი ყველას გზას უჩვენებს, გინდა ჯარიმა დაარქვი ამას და რაც გინდა ის უწოდე, ოღონდ ხალხს ეშველოს...

ამათ ეს სარეზერვო ფონდები, რაც ჰქონდათ პრეზიდენტის და მთავრობის ხომ უკვე გრიალში აქვთ დახარჯული. ისედაც ბევრმა იცოდა და რაც უფრო დრო გავა ყველა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ესენი ვინ არიან. ის შიშის ფაქტორიც ქრება, ხომ იცი, კაცს ერთხელ რომ შეაშინებ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მერე უკან დასახევი გზა რომ აღარ რჩება, უკვე აღარ ეშინია.

ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ - ესენი ისეთი ბოროტები არიან შიშისგან რას იზამენ არავინ იცის. მშიშარა და შეშინებული კაცი ხომ უფრო საშიშია.

სულ ვამბობ ხოლმე, ვინმეს ულაპარაკია იმ მონღოლზე, ვინც ცოტნე დადიანის გმირობა დაინახა? უთქვამს ვინმეს ის მონღოლი რა მაგარი ვაჟკაცი აღმოჩნდა, როცა დაინახა თუ მოვა, ვაჟკაცურად მოვა ეს მე უკნიდან არ მომეპარებაო...

ამ შემთხვევაში მონღოლის როლში  ხედავთ ვინმეს?

-პირიქით, რომ ვერ ვხედავ, მაგაშია საქმე. ესენი იმ მონღოლისნაირები მაინც რომ იყვენ, ქართველ ერს ღირსებასა და ნამუსს არ ახდიდნენ.

საზოგადოება ძალიან შიშობს, რომ იმ პროვოკაციებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს ხოლმე, მძიმე შედეგები არ მოჰყვეს - მერეთის ამბები, კარალერთის ქვების სროლა, „ქართული ოცნების“ წევრების დაკავება, ყადაღასა და ჯარიმებზე აღარაფერს ვამბობ, ეს ხომ უკვალოდ მაინც არ ჩაივლის...

-კარალეთში რაც მოხდა, ამათ ბოლომდე არ უჩვენებიათ და მთავარი გამოტოვეს. კახი კალაძის ძმის გასვენება რომ იყო, გულით მინდოდა მივსულიყიავი და არ მივედი, იმიტომ, რომ ლაპარაკობდნენ, სვანებმა გაიტაცესო. ესეც ხომ ტყუილი იყო.

როდესაც ასეთ დაზარალებულ ადამიანს ვიღაც უზნეო, უზრდელი და გაბოროტებული ეუბნება ძმაზე ასეთ რამეს. როგორ უნდა ეპასუხა თავმოყვარე, ვაჟკაც ადამიანს, თქვენ მითხარით.

სწორედ ასეთ პროვოკაციებზე გეკითხებით, თორემ უშუალოდ ამ თემაზე მომუშავე ყველა ჟურნალისტს კაგად ახსოვს კალაძის საქმე და ისიც, რომ ვინც კი ოჯახს დაურეკა, ყველას ფული გადაუხადეს, ოღონდ კი ცოცხალი დაებრუნებინათ...

-ასეთ პროვოკაციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ აწყობდეს ვინმე, ხომ წარმოგიდგებიათ, როგორ დასჯიდნენ. ძალიან მოდაში შემოვიდა ახლა - მუსოლინის უთქვამს - ხალხისთვის კანონი და მეგობრებისთვის ყველაფერიო. ამათთვის არაფერი არ არსებობს, ისიც ხომ გახსოვთ, თითქოს გირგვლიანის მკვლელები დაიჭირეს და მერე ციხეში როგორ აგრიალებდნენ. ესენი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ცდილობენ როგორმე  ყველაფერი სხვას დააბრალონ.

ხალხი მიდის ხალხთან და ჩვეულებრივ ელაპარაკება, თავის სათქმელს ეუბნება. სახელმწიფო და ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ადამიანები დაიცვას როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხარეს მყოფი. მაგრამ ეს პოლიციაც ხომ ვიცით რომ პოლიტიზირებულია და „მიშა, მიშას“ ყვირიან. დაიცვან წესრიგი, არ შეიძლება? ნება იყოს პოლიტიკური და ბრძანება ზევიდან თორემ თითსაც არავინ გაანძრევდა, ისე ჩატარდებოდა ეს შეხვედრები, მაგრამ ესენი ურევენ, რაკი იციან, რომ წაგებული აქვთ ყველაფერი.

თუ გამწვავდება, ასეთი პროვოკაციები, სადამდე შეიძლება მივიდეს, რა შეიძლება მოხდეს?

-ესენი გამოწვევაზე არიან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორმე ოქტომბრამდე მშვიდობიანად მივიდეთ.

მოდით ისევ გლდანელებს დავუბრუნდეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, მაჟორიტარმა რა შეიძლება გაუკეთოს ამომრჩეველს?

-ადრე ხომ იყო ასე, როგორც კი დეპუტატები გახდებოდნენ, ეგრევე ჩალიჩს იწყებდნენ, რომ რაც დახარჯეს უკან ორჯერ მეტი ამოეღოთ. ყველაზე მეტი პოლიტიკოსობა და დეპუტატობა ის არის, დეპუტატად როცა აგირჩევენ, სანთლით საძებარი არ გახდე, ხალხის მსახური უნდა იყო.

ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავარქვათ თავისი სახელი ყველაზე დიდი დახმარება იცით რა არის? ყველა ოჯახში რომ შეხვალ, ყველას ტკივილს გაითავისებ და მერე კანონით რაც არის გათვალისწინებული, იმას შეასრულებ.

გლდანში ისეთი ხალხი ცხოვრობს, 60-70% სოციალურად გაჭირვებულია და პრობლემებს რა გამოლევს. წელიწადში 365 დღე რომ არის და 52 კვირა, კვირაში ერთი დღე ხომ უნდა დაკარგო იმისათვის, რომ ფეხით იარო შენს რაიონში და ხალხს შეხვდე.

გადავხედოთ ამათ პარლამენტს, კარგი სატელევიზიო ხუმრობა იყო - გვარებს რომ ჩამოთვლიდნენ დეპუტატებისას და კითხულობდნენ, ესენი ვინ არიანო. მართლაც ვინ არიან? - შრომის წიგნაკები პარლამენტში გახსნეს, რა პოლიტიკაზე, მელაპარაკებიან ესენი, სად მიიღეს პოლიტიკური განათლება. რა დამსახურება აქვთ კანონებს რომ ამტკიცებენ?

30 წელია ქუჩაში ვართ გამოსულები, რომ ამბობენ, „ოცნებას“ პარლამენტში სპორტსმენები და ხელოვანი ხალხი შეყავსო, იმ სპორტსმენებსა და ხელოვან ხალხს სხვა განათლებაც აქვთ, იურისტები და ეკონომისტებიც არიან და ბოლოს და ბოლოს თავიანთი ცხოვრებითა და ავტორიტეტით კარგის მეტი არაფერი უკეთებიათ. ხელოვანიცა და სპორტსმენიც, როდესაც თავის საქმეში დიდ წარმატებას მიაღწევს, შეუძლებელია, გონიერი ადამიანი არ იყოს. ეს ისე, გონისა დას შრომის გარეშე არ მოდის.

სიმართლე თუ გინდათ, ყველაზე მეტად პარლამენტში ნამუსიანი ხალხი გვჭირდება, რომელიც იმ კანონს არ მიაღებინებს, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. გუნდური პრინციპი იქნება, ხომ ხედავთ „მე, მეს“ ძახილმა რომ დაღუპა ქვეყანა.

თუმცა  IRI-ს ახალი გამოკითხვით ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, ეს ნიშნავს, რომ დათმობას არ აპირებენ...

-მაგარი სასაცილოა, რა აირაი რის დაირაი, ამეების არ მჯერა. ნავაროს რომ ჰკითხეს, საქართველოში შიშის ფაქტორი არსებობს თუ არაო, რა უპასუხა ხომ ნახეთ, ხალხი ამბობს რომ არ ეშინიაო. ეს როგორი მამალი ტყუილია იცით? ისეთი შეშინებულები და ჩასვრილები არიან, ხმას ვერ იღებენ. მოდით მაშინ ასე დავსვათ კითხვა, რომელ კონტიგენტს ეკითხებიან ან რა კითხვას უსვამენ. ეს ჩემთვის უკვე არაფრის მთქმელი გამოკითხვებია. კვლევის ინდიკატორი ის არის, ხალხში რომ გახვალ ის ხალხი როგორ გხვდება.

ჩამოვიდნენ ეს უცხოელები, კარგი ხინკლები, კარგი გრიალი, დროსტარება და მეტი რაღა უნდათ. „კაფელშჩიკი“ და „სანტეხნიკი“ ტელეფონზე რომ ლაპარაკობენ ერთმანეთს ეუბნებიან, ბიჭო ზედმეტი არ წამოგცდეს, ხომ იცი გვისმენენო და ამას მთელი სერიოზულობით ამბობენ, ხომ სასაცილოა არა?! ასეთ დაშინებულ საზოგადოებაში რა კვლევებზე ვლაპარაკობთ, საერთოდ, გავგიჟდით ეს ქართველები?

ეს მათ უნდათ რომ ასე იყოს და იმიტომ დებენ ასეთ შედეგებს - აჩვევენ ხალხს, რომ ასე უნდა იყოს, ჩვენ ასე გვინდა და ამას შეეგუეთო.

იმ შიშის მიუხედავად რაზეც ახლა მესაუბრებოდით ალბათ ეს უკვე ძნელი იქნება ხელისუფლებისთვის...

-„სახალხო კრების“ დევიზი იყო ასეთი: „ძალა ხალხშია“. ძალა რომ ხალხშია, ეს დაამტკიცა 27-მა მაისმა, როდესაც ხალხი გამოვიდა. ასე იყო ქუთაისში,  ოზურგეთში, გორში და მცხეთაში. ყველაზე დიდი იმედი ხალხია და თუ ყველა ერთად დადგება, ამათი ბუნდღაც არ დარჩება.