მთავრობისთვის გამარტივებული, მეწარმეებისთვის გართულებული

მთავრობისთვის გამარტივებული, მეწარმეებისთვის გართულებული

მთავრობის გადაწყვეტილებით, სურსათის მწარმოებლებზე კონტროლის დაწესება დაჩქარდება. ამ ინიციატივას მთავრობა იმით ხსნის, რომ ეს მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების რეგისტრაციისთვის არის საჭირო. ექსპერტებს კი ასეთი განმარტება გაუგებრად მიაჩნიათ.

 

სურსათის მწარმოებლებზე კონტროლის მექანიზმების ამოქმედების დაჩქარებას მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ითხოვს. შესაბამისად, მთავრობის მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის თანახმად, მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა ყველა ტიპის საწარმოში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განხორციელდეს. თუმცა, აქვე არის გამონაკლისის სახით მითითებული, რომ ეს არ ეხება პირველად წარმოებას და ასევე მცირე და გლეხურ-ფერმერულ-კუსტარულ წარმოებას.

 

რაც შეეხება საწარმოების ინსპექტირებას, კანონპროექტით ეს პროცესი ყველა სახის სურსათის თუ ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის, ასევე 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

 

კანონის მოქმედი რედაქციით კი, მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვაც და ინსპექტირებაც, მაღალი რისკის სურსათის მწარმოებელ საწარმოებში, გარდა ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისა, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო. ყველა სხვა სურსათის მწარმოებელ საწარმოში - 2015 წლის 1-ლი იანვრიდან, ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში - 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ინსპექტირებისას მოწმდება სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობისა და გამოყენების პირობები. ასევე, ამოწმებენ ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება სურსათისა და ცხოველთა საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად, საბოლოო სასურსათო პროდუქტსა და ცხოველის საკვებს, მასალებსა და საგნებს, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან. შემოწმდება სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იყენებენ სურსათისა და ცხოველთა საკვების მწარმოებლები–დისტრიბუტორები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას.

 

გარდა ამისა, ინსპექტირება გაეწევა სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებსა და სურსათის ეტიკეტირებასაც.

საინტერესო კი ის არის, რომ მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ ადმინისტრირების აუცილებლობით ხსნის.

 

„საუბარია რეგისტრაციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სურსათის მწარმოებელმა კომპანიებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. რეალურად ხომ გვაქვს ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ამიტომ, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ აუცილებლად ვიცოდეთ, რა საწარმოები არსებობს და როგორ იცავენ ციგანიის მოთხოვნებს“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე.

 

რაც შეეხება იმ ვალდებულებებს, რაც საწარმოებს ამ რეგისტრაციისას მოეთხოვებათ, ცინცაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ „საუბარი არ არის არანაირ დამატებით ვალდებულებაზე. ჩვენ გვინდა, რომ ვიცოდეთ, რომელიც საწარმო აპირებს სურსათის ექსპორტზე მუშაობას და ეს რეგისტრაცია მხოლოდ ამისთვის არის საჭირო“.

 

ექსპერტებისთვის კი მთავრობის ეს არგუმენტიც გაუგებარია და თავად ინიციატივაც.

„იმ ფონზე, როდესაც საუბარია, რომ ბიზნესის წარმოება მარტივდება, ასეთი ინიციატივა სრულიად გაუგებარია. მე ეს ინიციატივა არ მინახავს, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, უნდა გადმოიწიოს ბიზნესის წარმოების ადმინისტრირების ვადამ, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ჯერ ერთი, ბიზნესი წარმოებას როდესაც იწყებს, უკვე რეგისტრირდება და არ მესმის, რა დამატებით რეგისტრაციაზეა საუბარი. დავუშვათ, რომ რაღაც რეგისტრაცია კიდევ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს დასჭირდებათ ქაღალდებით აქეთ-იქით უფრო მეტი სირბილი, ეს კი წარმოების გამარტივება რამდენად არის, არ მესმის“, - აცხადებს „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

 

ამასთან, მისი თქმით, „ექსპორტზე მომუშავე კომპანიები შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდნენ და ნებისმიერ დროს გაუქმდნენ, ამიტომ არ მესმის, რეგისტრაციას რა აზრი აქვს“.

 

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, ამით რის გაკეთებას აპირებენ. დღეს თუ ექსპორტს ვაწარმოებ და რეგისტრაცია გავიარე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ექსპორტი ხვალაც მექნება. ამიტომაც არ მესმის, ამით რისი გაკეთება უნდათ. სიმართლე გითხრათ, ეს ინიციატივა მე არ მინახავს და შეიძლება, რომ აქ ისეთი რამ დევს, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ექსპორტზე მომუშავე საწარმოების რეგისტრაცია მოხდეს, არა მგონია, რაიმე მიზანს ემსახურებოდეს გარდა ზედმეტი ადმინისტრაციისა“, - აცხადებს ტყემალაძე.