მედიაგარემო არჩევნების წინ გაუარესდა

მედიაგარემო არჩევნების წინ გაუარესდა

საქართველოს მთავრობა და ოპოზიციურ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მედია ერთმანეთს ადანაშაულებენ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაციას ძაბავს.

ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერმინისტრის მოადგილემ, გიორგი ბარამიძემ ბრალი დასდო მთავრობის მთავარ ოპონენტს, ივანიშვილს იმაში, რომ ის თავის უზარმაზარ ქონებას მედიის მოსყიდვისა და ამომრჩეველთა „მოქრთამვისთვის“ იყენებს, როდესაც მათ უფასოდ უზრუნველყოფს სატელიტური თეფშებით.

ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდადაა შეფასებული ჟურნალ „ფორბსის“ მიერ. შარშან მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლა, არჩევნებში გამარჯვება და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტით გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორება განიზრახა.

ამასობაში მან დააფუძნა პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უწოდა და რომელიც მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ კონკურენტად მოიაზრება.

ივანიშვილის მედიაძალაუფლება მეცხრე არხის გარშემო იგება. ეს არხი ამერიკელმა პროფესიონალებმა შექმნეს და ის “სი-ენ-ენ”-ის ქართული ვარიანტი იქნება. მეცხრე არხი კონკურირებას უწევს სამ ნაციონალურ მაუწყებელს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პროპაგანდის მანქანად იქცა.

როგორც იტყობინებიან, “გლობალ ტვ” ერთადერთი სატელიტური და საკაბელო ოპერატორია, რომელიც დათანხმდა მეცხრე არხის სიგნალის გავრცელებაზე. ოპერატორი თავის ხელმომწერებს უფასოდ ურიგებს აღჭურვილობას, რაც ბარამიძის განცხადებით „ქრთამია“ და შესაბამისად „არაკანონიერია“.

მეცხრე არხის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი გადაცემები დასავლური ტიპისაა და ღიაა ნებისმიერი მოსაზრების მქონე ადამიანებისთვის, რაც მაყურებელს დამოუკიდებელ დასკვნამდე მისვლის საშუალებას აძლევს.

მეცხრე არხისა და “გლობალ ტვ”-ის რამდენიმე აქციონერი ამას წინათ ბრიუსელში იყვნენ და მთავრობის მიერ მათი დევნის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ, ისინი ლაპარაკობდნენ ასევე თვითნებურ დაპატიმრებებზე და მათი აღჭურვილობის დაზიანებაზე ქვეყნის ხელისუფალთა მიერ.

ისინი ამბობდნენ, რომ მათი აუდიოვიზუალური აღჭურვილობა მწყობრიდან გამოიყვანეს საბაჟო შემოწმების დროს, მას შემდეგ, რაც აღჭურვილობას ვიღებდით, „აღარაფერი მუშაობდა“, აცხადებდნენ მეცხრე არხის აქციონერები.

როდესაც ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ, ბარამიძემ განაცხადა: “მე ერთი რამ ვიცი ივანიშვილზე – ხალხი ცდილობს ნებისმიერი ხერხით იჩივლოs მთავრობაზე. საკმარისად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ბრალდებები მათი პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.“

კანონი „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ შესახებ

პრემიერმინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო კანონი, რომელსაც „მასთ ქერისა და მასთ ოფერის“ კანონი ქვია. ამ კანონის თანახმად საკაბელო ოპერატორებმა უნდა ჩართონ თავის პაკეტებში არსებული არხები.

კანონი 29 ივნისს მიიღეს და ის უკვე გააკრიტიკა მეცხრე არხმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი თითქოს უზრუნველყოფს ყველა ტელემაუწყებელს თანაბარი სათამაშო პირობებით, ოპონენტები ამბობენ, რომ საკაბელო კომპმანიას შეუძლია ტექნიკური გაუმართაობა მოიმიზეზოს და არ ჩასვას პაკეტში კონკრეტული არხი.

გარდა ამისა, კანონი მოქმედებას წყვეტს არჩევნების დღეს და შესაბამისად მოქალაქენი, არჩევნების შედეგების გაგებისას, დამოკიდებულნი იქნებიან პრო-სამთავრობო არხებზე.

ბარამიძე იმაშიც სდებს ბრალს ივანიშვილს, რომ ის მოქალაქეებს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მოსვლას პირდება. ის ადასტურებს, რომ პოლიტიკოსები დასავლეთში იმავეს აკეთებენ, მაგრამ აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში, ამ განცხადებამ შეიძლება პრობლემები შექმნას.

„მე ვერ ვიტყვი, რომ ეს კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ თუ ყველაფერს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ შეიძლება რაიმე ისეთი ჩაიდინონ, რაიმე სკანდალური,“ განაცხადა მან.

როდესაც ვკითხეთ საქართველოს დაბალ რეიტინგზე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით (104-ე ადგილი 179 ქვეყანას შორის, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” მონაცემების მიხედვით), მან განაცხადა, რომ ეს „ძალიან უსამართლოა“.

„მე ვფიქრობ, მათ ძველი მონაცემებით იხელმძღვანელეს და არა ახალი ვითარებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 1-2 წლით,“ განაცხდა ბარამიძემ.
foreignpress.ge