გია ცაგარეიშვილი: “არა მგონია, დეპუტატებს სპეცრაზმი მოგვისიონ”

გია ცაგარეიშვილი: “არა მგონია, დეპუტატებს სპეცრაზმი მოგვისიონ”

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრები პარლამენტის შენობის დატოვებას არ აპირებენ. იმ ფონზე, როცა სხვა დეპუტატები კაბინეტებს ცლიან და სამუშაო ოთახებიდან  ავეჯი ღამის საათებში სატვირთო მანქანებით გააქვთ, ზემოხსენებული ფრაქციის წევრები არსად წასვლას არ აპირებენ. მეტიც - ფრაქციის თავმჯდომარე კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ დეპუტატმა პარლამენტში უნდა იმუშაოს და, შესაბამისად, უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უნდა განახორციელოს. ამდენად, თუ ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, იგი მზადაა, სპეცრაზმსაც დაელოდოს.
კარლო კოპალიანის აღშფოთებას კონკრეტულად ის ფაქტი იწვევს, რომ იმ მოტივით,  თურმე ინვესტორი შემოდის და რემონტი უნდა დაიწყოს, დეპუტატებმა ოთახები უნდა დაცალონ. ამის საპასუხოდ, კოპალიანი აცხადებს, რომ პარლამენტის ტრადიციული შენობიდან გასვლას არ აპირებს. მით უფრო, რომ ამ ეტაპზე იგი პარლამენტის წევრია და მას სამუშაო გარემო თბილისში აქვს შექმნილი.

„გვითხრან, სად გვიპირებენ გაშვებას. საქართველოში პარლამენტის ორი შენობაა და ჩვენი ადგილი არცერთ შენობაში არ არის. ამიტომ არსად წავალთ. თუ უნდათ, სპეცრაზმი მოიყვანონ და ძალით გაგვიყვანონ. სხვა შემთხვევაში, არ გავალთ. ვინც აქედან გადის, იმანაც არ იცის, სად მიჰყავთ,“ - აცხადებს კარლო კოპალიანი.

For.ge ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრ გია ცაგარეიშვილისგან შეეცადა, გაერკვია, თუ მისი ფრაქციის წევრები სადამდე არ აპირებენ ოთახების დაცლას. გია ცაგარეიშვილის თქმით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის მიცემული ბრძანება კონსტიტუციის დარღვევაა და კონკრეტულად მისი ფრაქცია პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე ოთახების დაცლას არ აპირებს. მეტიც, იგი გაკვირვებულია იმ დეპუტატებით, რომლებსაც სამუშაო ოთახები ამდენი ნივთებით ჰქონდათ გადავსებული.
„საინტერესოა, რამ შემოატანინათ პარლამენტში ამდენი ნივთები?! ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნივთების ჩალაგებაში დავეხმარები, რათა ისინი პოლიტიკური ცის კაბადონიდან სამუდამოდ გადაიხვეწონ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

- ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ, ბატონმა კარლო კოპალიანმა, არა მხოლოდ საკუთარი ინტერესი გამოხატა, არამედ ფრაქციასთან შეთანხმებული მოსაზრება გამოთქვა. ჯერჯერობით ქუთაისში  არავითარი პირობა არ არის შექმნილი და როდის შეიქმნება, კაცმა არ იცის. ჩვენი ფრაქციის აპარატს დაუკავშირდა პარლამენტის აპარატის შეასაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი და მოსთხოვა, გასული პარასკევის 18.00 საათამდე ჩაგველაგებინა ჩვენი ნივთები, დაგვეწყო ოთახების დაცლა. ასეთი მოთხოვნა ნამდვილად იყო, თუმცა მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ შესრულდა და არც მომავალში შესრულდება.

რომც იყოს ქუთაისში პირობები შექმნილი, არავის აქვს უფლება, გაგვაძევოს ამ შენობიდან, ვინაიდან ქუთაისში პარლამენტი სამუშაოდ გადავა მხოლოდ მომავალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან და არამც და არამც დღეს, ხვალ ან ზეგ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ შენობაში, როგორც ვაგრძელებდით უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე, ზოგიერთი დეპუტატი კი - რვა წლის მანძილზე.

პირდად მე მეორე მოწვევის დეპუტატი გახლავართ, ამიტომ ჩვენი საკმაოდ მკვეთრი პასუხი ამითაა განპირობებული. ჩვენ იძულებულნი გავხდით, ასეთი პასუხი დაგვეფიქსირებინა, რაც აბსურდული, უკანონო მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის აპარატი ვალდებულია, პარლამენტარს შეუქმნას ყველანაირი საშუალება, რომ მან განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილება.

ოთახების დაცლით, იქიდან ჩვენი გამოდევნით, ასევე, აპარატში მომუშავე იმ ადამიანების სამუშაო ოთახებიდან გამოყრით, რომლებიც პირადად ჩვენ გვემსახურებიან და ემსახურებიან საერთო საქმეს, ვფიქრობ, ჩვენი უფლებები ირღვევა, ჩვენზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს ვერ განვახორციელებთ. წარმოუდგენელია სადმე სხვაგან მუშაობის გაგრძელება, თუნდაც იმავე შენობაში, ან სხვა ოთახში.

უნდოდათ, მთლიანად დაგვეცალა ჩვენი სამუშაო ოთახები. სულ პარლამენტში ოთხი თუ ხუთი ოთახი გვიჭირავს და ერთ ოთახში გადავსულიყავით აპარატთან ერთად?! როგორ წარმოგიდგენიათ შვიდი დეპუტატი ერთ ოთახში და პლუს ამას კიდევ აპარატის შვიდი თანამშრომელი?! ე.ი. 14 კაცი ერთ ოთახში?! არ ვიცი, ახლა 14 პატიმარი ზოგჯერ ერთ საკანში არ ჰყავთ. თუ უნდათ, რომ პირდაპირ უკვე საკნებში ჩაგვყარონ, მაშინ ესეც უნდა ითქვას.

როგორც ჩანს, თქვენ არ აპირებთ შენობის დაცლას, მაგრამ განსხვავებულად მოაზროვნე დეპუტატებს სპეცრაზმი რომ მოგისიონ?

- არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, თუმცა კარების შემონგრევა და ჩვენი სამუშაო ოთახებიდან გამოყრა შეუძლიათ. ნამდვილად არ ვაპირებ, იქ ბარიკადები აღვმართო და ვიბრძოლო ოთახისთვის, კომფორტისა და კეთილდღეობისთვის. მე ჩემი პირადი კეთილდღეობისა და ჩემთვის სამუშაო პირობების შექმნისთვის არ ვიბრძვი. მე ვიბრძვი ჩემი უფლებებისთვის, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციასა და რეგლამენტში.

არაფერ განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. იმ ოთახებში განთავსებულია რამდენიმე სკამი, კარადა, მაგიდა, სამი-ოთხი კომპიუტერი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, კავშირგაბმულობის საშუალება, რომელიც საჭიროა საზოგადოებასთან მუდმივი კავშირისთვის. ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს, დღესაც ოთხ მოქალაქეს შევხვდი, სხვებისგან განსხვავებით. ზოგიერთები ოთხი წლის მანძილზე არ ხვდებიან ოთხს მოქალაქეს, არათუ ერთ დღეში.

ვატარებთ ბრიფინგებს და მანამდე ვიქნებით აქტიურები, სანამ ამ პარლამენტის უფლებამოსილება არ გავა. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა კი სექტემბრის ბოლოს გადის, სავარაუდოდ, როცა უკვე ახალი პარლამენტი შეიკრიბება და შესაბამისი წესით ცნობილი იქნება ახალი პარლამენტის უფლებამოსილება. სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება არ ამოქმედდება, იქამდე მოქმედებს ძველი პარლამენტის უფლებამოსილება.

როცა წინა არჩევნები იწყებოდა და წინა პარლამენტის უფლებამისილების ვადა იწურებოდა, პირადად მე შენობიდან და სამუშაო ოთახიდან არავის გავუგდივარ. ჩვეულებრივ, ან შენ გირჩევენ და შენ აგრძელებ უფლებამოსილებას, ან არ გირჩევენ, ემშვიდობები პარლამენტს და მიხედავ შენს საქმეს. ესეც არ არის ტრაგედია, ამ თანამდებობაზე ჯვარი არავის აქვს დაწერილი. ეს ასეც უნდა იყოს, ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან.