ნაბიჯი, რომელიც 80 მილიონი ღირს

ნაბიჯი, რომელიც 80 მილიონი ღირს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, რაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად დარჩა, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა. 
80 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. 
ივანიშვილის  ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განმარტებით ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში, ჯამში, 80 მილიონი ლარი გადარიცხა, საიდანაც 75 მილიონი შეადგენს ჯარიმის თანხას, დანარჩენი კი - წარმოადგენს ჯარიმის გადახდის ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 7%-იან თანხას. 
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო დროს პირადად მისთვის მიღებული კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევებში მოსახლეობისთვის ყველანაირი დახმარების გაწევა აკრძალული აქვს. თუმცა, ისევ ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა მას საშუალება მისცა, ირიბად დაეხმაროს მოსახლეობას.

ამისთვის კი, ივანიშვილი იმ ჯარიმას იხდის, რის გადახდასაც არ აპირებდა, რადგან უკანონოდ მიაჩნია.

„ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ არ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ გავაკონტროლებთ მკაცრად, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაჩნდა და ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სრულად აუნაზღაუროს მოსახლეობას მიყენებული ზარალი“- აცხადებს ივანიშვილი.
მისივე განმარტებით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი.  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 100 მილიონი ლარი. თუმცა, დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებები, სხვადასხვა მუხლებისთვის თანხების ჩამოჭრა და სპეციალურად შექმნილ ფონდში 50 მილიონი ლარის მობილიზება ივანიშვილისთვის იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდებში არსებული 100 მილიონი ლარი უკვე გაფლანგა.
ივანიშვილი, ვიდეოგანცხადებაში, რომელიც ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა, ამბობს, რომ მიუღებელია სტიქიით დაზარალებული მოსახლოებისთვის მაქსიმუმ 1500 და მინიმუმ 300 ლარიანი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება და არსებული რეალობიდან გამომდინარე ასეთი გრადაცია სასაცილოა.

1500 ლარი უმეტეს შემთხვევაში, 10%-საც კი არ შეადგენს იმ ზარალისას რაც რეალურად განიცადა მოსახლეობამ.
ბიძინა ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გააკონტროლებს მოსახლეობის დახმარების პროცესს, რომ დახმარება მხოლოდ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს არ შეხვდეს. მისივე თქმით, თუ მის მიერ გადარიცხული თანხები არ იქნება საკმარისი მოსახლეობის რეალური ზარალის ასანაზღაურებლად, ის კიდევ შეეცდება კანონიერი გზით გამონახოს გამოსავალი, რათა ხელისუფლებას ზარალის შესატყვისი ანაზღაურების გადახდა აიძულოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ამას ვერ აიძულებს, იგი სტიქიით დაზარალებულებს ხელისუფლებაში მოსვლასა და მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას პირდება.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი ბიუჯეტში რამდენიმე დღის წინ უკვე გადარიცხა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის მიერ ბიუჯეტისთვის გადარიცხული თანხების ხარჯვას მონიტორინგს დაზარალებული რეგიონის მაჟორიტარებისგან შემდგარი ჯგუფი გაუწევს.
„მათ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია ექნებათ. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ კახეთის, არამედ სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის დაზარალებულ მოსახლეობაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა გამოიჩენს აქტიურობას და თუკი ვერ მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას, ამის შესახებ სპეციალურ ჯგუფებს ინფორმაციას მიაწვდიან“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიანმა ნაბიჯმა მეტისმეტად გააღიზიანა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, თუ როგორ დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა , ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია და არ არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებზე. კარგი იქნებოდა, რომ ივანიშვილი ასეთივე პრინციპული ყოფილიყო თავის პატრონების მიმართ რუსეთში. „კარგი იქნება, ეს ადამიანი მიხვდეს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს და არა ფედალურ ტყეში, როგორც რუსეთშია მიჩვეული“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ხელისუფლებას დიდი ხანია დავიწყებული აქვს, რომ ბიუჯეტი ხალხის ფულია და თავს არ თვლის ანგარიშვალდებულად, მისი მოთხოვნები გაითვალისწინოს, ამ შემთხვევაშიც ადვილად შესაძლებელია, ივანიშვილის მიერ გადახდილ ჯარიმას სხვა მისამართი და სხვა ადრესატი გამოუძებნოს და სტიქიით დაზარალებულებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაპირდეს კომპენსაციის სრულ ანაზღაურებას, თუმცა ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურად მეტისმეტად წამგებიანი იქნებოდა.

როგორც ექსპერტი დემურ გიორხელიძე განმარტავს,  საქართველოს ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრების ფარგლებში დამტკიცებულ თანხებს განაგებს  რაიმე სხვა მექანიზმი ჩვენთვის არ არსებობს.

„ცხადია მთავრობას და პარლამენტს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს.

არსებობს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ფონდი საიდანაც პრეზიდენტს შეუძლია გასწიოს ხარჯები. გარდა ამისა, თუ ფონდში საკმარისი თანხა არ არის, მაშინ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად. ვფიქრობ, ამისი აუცილებლობა არ იქნება, რადგან ბიუჯეტში თანხები არსებობს, რასაც დაემატება ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონიც. ეს კი საშუალებასა მისცემს მთავრობას ცოტა უფრო მეტად გონივრული კომპენსაციები გასცეს“ – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

გია ხუხაშვილი: “როდესაც ხელისუფლება ნიანგის ცრემლებით ტირის და ამბობს რომ ათეულობით მილიონობით არის საჭირო და მე ეს ფული არ მაქვსო და ერთი ფაფხური რომ აქვთ ატეხილი, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, აჰა, თქვენ ფული, ახლა თქვენ ხართ ქომაგები და მიხედეთ საქმესო.

ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს, რომ ეს მთავრობა ფულს რომ ისროდა ფონდებიდან, სხვათა შორის, ასეთი სიტუაციებისთვის იყო განკუთვნილი. მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდებიდან ფულები უკვე განიავებული აქვთ და ბიძინა ივანიშვილმა მათ მისცა კიდევ ერთი შანსი, რომ ეს 80 მილიონი დაზარალებულ ხალხს მოახმარონ. ამის კონტროლი უკვე საზოგადოების საქმეა, რამდენადაც ვიცი „ქართული ოცნება“ აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას მაგრამ ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საქმეა, მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ მათ შორის კახელებმა უნდა გააკონტროლონ სად მიდის ეს ფული.

თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამ ფონდის თავმჯდომარეც არის, ახლაც ია მეტრეველი ხომ არ არის, მის ნაცვლად ფონდ “ქომაგის” თავმჯდომარედ თვითონ არის დანიშნული და დაეხმაროს ხალხს. ჩააბარა ივანიშვილმა ფული, რომ მიხედოს საქმეს, ახლა კეთილი ინებოს და დაეხმაროს ადამიანებს“.
მოკლედ, ხელისუფლება ცუდ დღეში ჩავარდა, სურს თუ არა, იძულებული იქნება, მხოლოდ დაზარალებულთა აღრიცხვით არ შემოიფარგლოს და, მათი ზარალიც აღრიცხოს და სასაცილო კომპენსაციებისგანაცთავი შეიკავოს.

როგორც დემურ გიორხელიძე ამბობს, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან შედარებით გაცილებით სწორი და მოგებული აღმოჩნდება, მისი მხრიდან კეთდებოდა კეთდება და კიდევ გაკეთდება უამრავი სიკეთე ამ ქვეყნისთვის.