ბიუჯეტი ქობალიასთვის და პირველი არხისთვის იზრდება

ბიუჯეტი ქობალიასთვის და პირველი არხისთვის იზრდება

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 87.7 მილიონი ლარით იზრდება. თანხის უდიდესი ნაწილი კი ეკონომიკის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გაზრდისთვის არის გათვალისწინებული. ამ ფაქტს ოპოზიცია უკვე აპროტესტებს. განმარტებებს ვერც მთავრობასა და ვერც პარლამენტში ვერავინ აკეთებს.

თავად ის ფაქტი, რომ მთავრობას რაიმე საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს, ქართული სინამდვილისთვის უცხო არ არის. თუმცა, მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანიც კი არ ფლობდა და გუშინ, ბიუროს სხდომაზე, როდესაც საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა, ხუროშვილიც ისეთივე გაოცებული დარჩა, როგორც მედიის წარმომადგენლები.

 

ბიუროს სხდომაზე ერთადერთი ზურაბ მელიქიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და მანაც მხოლოდ პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცება მოითხოვა.  ყველა სხვა საკითხის განმარტებას კი თავი იმით აარიდა, რომ კბილის ტკივილი მოიმიზეზა.

 

ასეა თუ ისე, 2010 წლის ბიუჯეტი უკვე მეორედ იზრდება და ამჯერად, ნამატი თანხა 88 მილიონ ლარამდეა, უფრო ზუსტად – 87 მილიონ 700 ათასი ლარი. ასევე ცნობილია, რომ ამ პროექტს პარლამენტის კომიტეტები მიმდინარე კვირას განიხილავენ და 15 ნოემბერს მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნებენ. რაც შეეხება თავად პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5387 მილიონი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდის მიზანს, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახსრები 11 მილიონი ლარით გაიზრდება, საიდანაც 8.5 მილიონი ლარით გაიზრდება სამედიცინო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვაზე მიმართული სახსრები, ხოლო 2.1 მილიონი ლარით დამატებით მიიმართება მოსახლეობის სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებაზე.

 

ამავე პროექტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 12.3 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალების ასამაღლებლად უნდა იყოს მიმართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ფუნქციობისათვის, დამატებით 13.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

13.3 მილიონი ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისთვის და დაფარვისთვის განკუთვნილი ასიგნებები, მათ შორის 11.8 მილიონი ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო 1.5 მილიონი ლარით - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა.

ამავე პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით, განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება 66.9 მილიონი ლარით.

 

კერძოდ, დაფინანსების ასიგნებები იზრდება 77.4 მილიონი ლარით, მათ შორის 56.6 მილიონი ლარით იზრდება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ასიგნებები, ხოლო თანადაფინანსების ასიგნებები მცირდება 10.5 მილიონი ლარით.

ძნელი სათქმელია, მთავრობამ ეს თანხა რა პრინციპით გადაანაწილა და ამ ყველაფერს პარლამენტი რამდენად ეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბარი ხელისუფლებიდან არავის სურს და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ გაოცებას იწვევს სწორედ იმის გამო, რომ, როგორც წესი, ბიუჯეტის ნებისმიერი ზრდა მთავრობისთვის აჟიოტაჟის საგანი ხდება და ყველა და ყველგან ამ თემაზე საუბრობენ. ახლა კი კომენტარს არავინ აკეთებს.

 

სამაგიეროდ, ბიუჯეტის ნამატის გადანაწილების პრინციპი საპარლამენტო ოპოზიციისთვის არის მიუღებელი. მათ პროტესტს კი განსაკუთრებულად ორი საკითხი იწვევს.

 

„აბსოლუტურად მოულოდნელად გაჩნდა მუხლი, რითაც იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 13 მილიონ 300 ათასი ლარით და თანხა მიდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის დაფინანსებაში. ეს ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზია. ჯერ ერთი, ნამდვილად ვერ გავერკვიე მესამე არხი საერთოდ რა არის და ვვარაუდობ, რომ ეს არის ე.წ. პირველი კავკასიური არხი.

იქნებ ვინმემ აგვიხსნას, თუ რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან ამდენი თანხები საზოგადოებრივი მაუწყებლის რაღაც მესამე არხის დაფინანსებისთვის მაშინ, როდესაც ხელისუფლება ჩვენ მუდმივად იმას გვეუბნება, რომ უკვე მოქმედი მეორე არხის სიგნალი ვერ ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმიტომ, რომ ბიუჯეტს არა აქვს რესურსები რეგიონებში სიგნალების გამაძლიერებლების დასაყენებლად.

 

ყველამ იცის, რეგიონებში მეორე არხის მიმართ რამხელა დაინტერესებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ეს არხი აშუქებს სრულად პოლიტიკურ მოვლენებს. ამ ფონზე კი სრულიად გაურკვევლად იხარჯება 13 მილიონზე მეტი გაურკვეველი მესამე არხის დასაფინანსებლად. ეს არის თვალში ნაცრი შეყრა საზოგადოებისთვის და მეტი არაფერი“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი.

 

„თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ 87 მილიონიდან მოსახლეობისთვის მედიკამენტების შეძენისთვის მხოლოდ 2 მილიონი იხარჯება, ამ დროს 13 მილიონზე მეტის ამ რაღაც მესამე არხისთვის გამოყოფა კატასტროფაა და მეტი არაფერი“, - აცხადებს დეპუტატი.

 

გარდა ამისა, ცაგარეიშვილისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების გაზრდაც გაუგებარია.

 

„კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ამ თანხის დამატება გამიზნულია ინვესტიციების მოსაზიდად და ტურიზმის განვითარებისთვის და ეს განმარტება ნამდვილად არ მესმის. მაშინ დაგვიკონკრეტონ, რაში იხარჯება ეს მილიონები. წინასწარ შემიძლია, ვივარაუდო, რასაც იტყვიან.  მოიმიზეზებენ, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებში სარეკლამო რგოლები უნდა განთავსდნენ, სხვადასხვა ლობისტური კომპანიები უნდა მოემსახურონ ტურისტული პოტენციალის ამაღლება და ა.შ.  ეს არის სწორედ ის შავი ხვრელები, საიდანაც ბიუჯეტის მილიონები იკარგება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.