ბოლო, რამდენიმე დღეა რუსთავის კოსტავას, ფიროსმანის, ბოსტანქალაქის და მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ნაციოანალური-მოძრაობის წარმომადგენლები სტუმრობენ. შედიან ოჯახებში და მოქალაქეებს 5 კითხვას უსვამენ.
პირველი კითხვა: „გსმენიათ, თუ არა ვანო მერაბიშვილის ინიციატივის - 1 000 ლარიანი ვაუჩერის შესახებ?“
მეორე კითხვა: „რისთვის გამოიყენებთ ამ ვაუჩერს?“
მესამე კითხვა: „აპირებთ, თუ არა არჩევნებზე წასვლას?“
მეოთხე კითვა: „რომელ პარტიას უჭერთ მხარს საპარლამენტო არჩევნებზე?“
მეხუთე კითხვა: „დაუჭერთ თუ არა მხარს ერთიანი ნაციონალური-მოძრაობის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანს?“
ამ კითხვარების შესახებ ინფორმაციას რიგითი რუსთაველები გვაწვდიან. ოჯახები, რომლებიც მათთან ნაციონალების სტუმრობის შესახებ გვესაუბრებიან, აცხადებენ, რომ გარკვეული სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ და პრესაში საკუთარი ვინაობის დაფიქსირება არ სურთ. „ჩვენთანაც იყვნენ მოსული ნაციონალები. გვეკითხებოდნენ 1000–ლარიან ვაუჩერებზე. ასევე, აინტერესებდათ, მივცემთ თუ არა ხმას ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავში, მამუკა ჩიქოვანს. სულ 5 კითხვა იყო და აქედან სამზე თავი შევიკავე პასუხისგან“ - ამბობს შუა ხნის ქალბატონი.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ოფისში ვცდილობთ.
„ეს არის შიდაპარტიული კვლევა. ჩვენ გვაქვს უფლება, ამ საკითხზე არც გავაკეთოთ კომენტარი. თუმცა მე გადავცემ თქვენს სურვილს ჩვენ ხელმძღვანელობას და თვითონ გადაწყვეტენ გაგიკეთონ თუ არა კომენტარი. ჩვენ არ ვარიგებთ ამ ვაუჩერებს. კითხვის უფლება, თუ რაში სურთ ამ თანხის დახარჯვა, თქვენც გაქვთ... ჩვენ, უბრალოდ, ხალხის აზრი გვაინტერესებს“- გვითხრა ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის წევრმა და, ამავე დროს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლექსო კვაჩიძემ.
კვაჩიძე კომენტარისთვის ორ დღის შემდეგ მისვლას, ან მასთან ტელეფონით დაკავშირებას გვირჩევს. ამბობს, რომ არ იცის ამ კითხვარში იყო, თუ არა რუსთავში მათ მაჟორიტარობის კანდიდატზე საუბარი.
„არ ვიცი, რა კითხვებია კითხვარში. ძალიან გთხოვთ... პასუხს გაგცემთ ჩვენი ხელმძღვანელობა. ისე, ვფიქრობ, რომ შეიძლება თავი შეიკავონ და არ ისაუბრონ ამ შიდაპარტიულ კვლევაზე. რაც შეეხება ჩვენ მაჟორიტარს, მე არ ვიცი, იქნება, თუ არა მამუკა ჩიქოვანი “ - გვიხსნის, ლექსო კვაჩიძე.
რუსთავში გამოჩენილი კითხვარების იდენტური კითხვარებით აღჭურვილი „ნაციონალური მოძარობის“ წარმომადგენლები თბილისშიც გამოჩნდნენ.
„ინფო 9“ - ის კორესპონდენტმა, შალვა ჯოხაძემ მოახერხა და აღნიშნული კითხვარი ხელში ჩაიგდო. ჯოხაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ თბილისის და რუსთავის კითხვარები იდენტურია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თუ თბილისის ერთ-ერთ უბანში ბოლო კითხვა იყო, მხარს დაუჭერთ, თუ არა ანდრია ურუშაძეს, რუსთველებს იგივეს ეკითხებიან ნაციონალების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ჩიქოვანი ჯერ არ არის პარტიის მხრიდან წარდგენილი, კითხვარში ის მაინც მოხვდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი გარემოცვაც საუბრობს ჩიქოვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენაზე, თავად ის ამ თემაზე არ საუბრობს.
„მე ვარ გუბერნატორის პირველი მოადგილე“ - ამ წინადადებას სამჯერ გვიმეორებს რუსთაველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მისული ჩიქოვანი. ამ დღეს ჩიქოვანი, ვერა ქობალიასთან ერთად ერთთვიან დასაქმების პროგრამაში „Summer Job”-ში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს“ - უხსნიდა ჩიქოვანი რუსთაველ ახალგაზრდებს.
სამწუხაროდ, კანონმდებლობით გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას აფარებულ ჩიქოვანს დღეს შეუძლია საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს ყველა პროგრამა, თუმცა სხვა საკითხია ნაციონალების კითხვარში 1000–ლარიანი ვაუჩერის მოხვედრა.
როდესაც მოქალაქეს პარტიის წარმომადგენელი ეკითხება, თუ რაში დახარჯავს ვაუჩერით აღებულ 1000 ლარს, შემდეგ კი ეკითხება, დაუჭერს თუ არა მხარს ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატს - ამომრჩეველი ვეღარ ხედავს ზღვარს პარტიასა და მთავრობას შორის. უჩნდება შთაბეჭდილება, რომ 1000 ლარს არა სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ კონკრეტული პარტია ურიცხავს. თან ეს პარტია გულუხვობის გარდა ისეთი ყურადღებიანია, რომ ისიც კი აინტერესებს, რაში გამოიყენებს მოქალაქე ამ ფულს.