თუკი ეროვნული ვალუტის კურსი მყარი არ იქნა, შესაძლოა, შემოდგომისა და არჩევნების მოახლოება ინფლაციური პროცესებით აღინიშნოს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი 1,62-1,63 დიაპაზონში მერყეობდა. თუმცა, ივნისიდან ლარმა გაუფასურება დაიწყო და დღეისთვის 1,66-ის გასცდა კიდეც.
ეკონომიკის ექსპერტები, ლარის კურსის დოლართან მიმართებაში უმნიშვნელო გაუფასურებას, ძირითადად, სეზონურ ფაქტორებს უკავშირებენ.
“ლარის კურსის დოლარის მიმართ გაუფასურება სეზონური ფაქტორია, ვიდრე რამე ტენდენციასთან დაკავშირებული. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დოლარის პოზიციებიც გამყარდა. როცა დოლარის მიმართ ლარი მყარდებოდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ევრო უფასურდებოდა. ეს ევროს პრობლემა იყო. ბოლო პერიოდში კი, ლარი დოლარისა და ევროს მიმართ ერთდროულად გაუფასურდა, რაც უკვე ჩვენი ვალუტის საკითხია. ძირითადად, ლარის უმნიშვნელო გაუფასურება უფრო სეზუნური ფაქტორებია”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ლარის კურსი ბანკთაშორის ბაზარზე კომერციული ბანკებისა და მათი კლიენტების მხრიდან უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ყალიბდება. თავის მხრივ, მოთხოვნა და მიწოდება კი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, ფულადი ტრანსფერები, სეზონურობა, ბაზრის მონაწილეთა მოლოდინები და სხვა. ამ ფაქტორებიდან ხან ერთი აჭარბებს, ხან მეორე, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ლარი ხან გაუფასურდება და ხანაც გამყარდება.
ექსპერტთა აზრით, ვალუტის რყევის ამპლიტუდას საგანგაშო მასშტაბები არ აქვს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დაიკარგება. გარდა ამისა, გაძვირდება პროდუქტები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
“ზოგადად, საქართველოში კურსის ცვალებადობა გაუფასურების კუთხით პირდაპირ აისახება ხოლმე პროდუქტის ფასზე, რადგან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის წილი მაღალია. ამ უმნიშვნელო ცვლილებამ არა მგონია რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, მაგრამ თუ ტენდენცია გაგრძელდა, ფასებს აუცილებლად გადახედავენ და ამას, პირველ რიგში, იმპორტიორები გააკეთებენ. ამიტომ, ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან არასასურველი პროცესია”, - განმარტავს ლექვინაძე.
ლარის კურსის მერყეობა მით უფრო ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება იმ ფონზე, რომ მსოფლიოში მთელი რიგი პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება. ბოლო რამდენიმე კვირაა მკვეთრად იზრდება ყველანაირი მარცვეულის ღირებულება. ხორბლის ფასი თანდათან საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. სიმინდისა და სოიოს ფიუჩერსულმა კონტრაქტებმა ეს ზღვარი უკვე გადალახა.
ძვირდება ნავთობიც. მცირეხნიანი კლების შემდეგ “შავი ოქროს” ღირებულებამ გეზი მატებისკენ აიღო. წლის ეს პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასით და გამონაკლისი არც 2012 წელია.
რადგანაც საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ლარის არასტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე. კახეთის სტიქიის გამო, ადგილობრივი პროდუქცია ისედაც გაძვირდა, მოიმატა ფქვილისა და შაქრის ფასმაც. ასე რომ, თუკი ეროვნული ვალუტის კურსი მყარი არ იქნა, შესაძლოა, შემოდგომისა და არჩევნების მოახლოება ინფლაციური პროცესებით აღინიშნოს.