პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სახელდახელოდ ისეთი ენერგეტიკული ზღაპრები შეთხზა, რომ შესაძლოა მერე თავადაც გაუკვირდა. თურმე, სააკაშვილი და მისი გუნდი მარტო ენეგეტიკულ სექტორში ელოდება 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე მისი მმართველობის ხანაში მთელ ეკონომიკაში შემოვიდა.
„უახლესი 7-8 წლის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში 5 მილიარდი დოლარი შეგვიძლია მოვიზიდოთ. შესაძლებელია, 5 მილიარდი დოლარი ჩაიდოს ახალი კაშხლების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში“, - განაცხადა სააკაშვილმა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას.
ენეგეტიკული ოცნებების რეალობად ქცევას პრეზიდენტი და მისი გუნდი სვანეთიდან იწყებს, სადაც 600-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ჰესი სვანეთში მდინარე ნენსკაზე უნდა აშენდეს.
„2011 წელს სვანეთში, ნენსკაზე, 600-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ვგეგმავთ, რაც 600-800 მლნ დოლარის მოზიდული ინვესტიციაა“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზედაც, რომ მომავალ წელს რამდენიმე ახალი ჰესის მშენებლობა იწყება, რაც საქართველოს ენერგომომარაგების მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია.
„20111 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში „ხუდონჰესის“ მშენებლობა დაიწყება, რომელიც 900 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტისთვის 800 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განცორციელდება. იმედია, გაისად „ნამახვანის“ მშენებლობაც დაიწყება. ეს არის 700-800 მლნ დოლარის ინვესიცია. ახლა ფულის მობილიზაცია ხდება. ჰესების მშნებელობაზე 100 ათასობით ადამიანი დასაქმდება“, - განაგრძობდა ზღაპრების მოყოლას სააკაშვილი.
არადა რეალობა ამგვარია: ამჟამად ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს 91 ჰესის აშენებას სთავაზობს. ჰესების სიმძლავრე 0,5-დან 50 მეგავატამდეა. ყველაზე მძლავრი, 50-მეგავატიანი „დარიალიჰესი“, შესაძლოა, მცხეთა-მთიანეთში, მდინარე თერგზე აშენდეს.
19 პერსპექტიული ჰესი სამეგრელოსა და სვანეთში მდებარეობს: 7 - რაჭა-ლეჩხუმში, 13 - იმერეთში, 4 - გურიაში, 14 - აჭარაში, 10 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - კახეთში, 6 - სამცხე-ჯავახეთში, 5 კი - ქვემო ქართლში.
რაც შეეხება დიდ ჰესებს, ამ ნუსხაში 4 ელექტროსადგური მოხვდა. მდინარე ენგურზე ასაშენებელი „ხუდონჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 700 მეგავატს შეადგენს, მდინარე რიონზე „ნამახვანის კასკადის“ 3 ჰესის კი ჯამში 450 მეგავატია. რაჭა-ლეჩხუმში „ტვიშიჰესის“ (100 მეგავატი), იმერეთის ტერიტორიაზე კი „ჟონეთიჰესის“ (100 მეგავატი) და „ნამახვანიჰესის“ (250 მეგავატი) მშენებლობა იგეგმება. ენერგეტიკის სამინისტრო ჰესების მშენებლობა-რეაბილიტაციის შედეგად 3 ათას მეგავატამდე ელექტროენერგიის მობილიზებას გეგმავს.
მიუხედავად ამისა, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვა იგვიანებს. ხშირ შემთხვევაში ინვესტორთან ურთიერთობა მემორანდუმის დონეზე რჩება. ექსპერტების აზრით, უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ჰესების მშენებლობა სატენდეროდ ისე მზადდება, რომ შესწავლა არ ხდება თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს ამ მშენებლობის შედეგად.
2008 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ 91 ჰესის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ეს ჰესები საერთოდ შეუსწავლელია. არადა, შესწავლის გარეშე ინვესტორს ვერცერთ ჰესს ვერ შევთავაზებთ, ვინაიდან ყველა პროექტი, რომელსაც ინვესტორს წარუდგენ, სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი (არქეოლოგია, გეოლოგია სანიტარია და აშ.) და დამუშავებული.
„ყველანაირი მშენებლობა მხოლოდ კარგის მომტანი არ არის. უნდა მოხდეს ძირეული შეფასება, თითოეული ჰესის მშენებლობა რა სიკეთეს ან რა ზიანს მოუტანს ქვეყანას. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ინვესტორმა, ამ საკითხზე მთავრობასთან ვერ ვთანხმდებით.
ჩვენ გვეჩქარება, სიჩქარით კი საქმე არ კეთდება. კარგი ინვესტორი მხოლოდ მაშინ მოვა, თუკი ჩვენ თითოეული ჰესის მშენებლობაზე ძირეული შეფასებები გვექნება. ისე, ინვესტორი ვერ გარისკავს და მშენებლობას ვერ დაიწყებს, ამ შეფასებებისა და შესწავლის გარეშე მხოლოდ ნაკლებად პროფესიონალი, ავანტიურისტი ინვესტორი შემოვა, რომელმაც შეიძლება ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“, - ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე.