ვანო და მიშა საკრედიტო „წისქვილებს“ ებრძვიან

ვანო და მიშა საკრედიტო „წისქვილებს“ ებრძვიან

ხელისუფლებაში კრედიტების გაიაფების საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგა, თუმცა ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება არა და არ იგეგმება. ამ მხრივ მდგომარეობას ვერც ქვეყნის პირველი პირების კრიტიკა ცვლის.

ამჯერად, კრედიტების გაიაფების იდეით პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვიდა. იგი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის კომპრომისული გზების მოძიებას დაპირდა.

ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან ვანო მერაბიშვილის შეხვედრა რამდენიმე დღის წინათ გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომერციულ ბანკებში არსებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებზეც იყო საუბარი. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ შეხვედრაზე მერაბიშვილი ბეზნესის წარმომადგენლებს შეღავათიანი საბანკო კრედიტების მისაღებად გზების გამოძებნას დაპირდა.

ეკონომიკის ექსპერტთა განმარტებით, კომერციულ ბანკებს გაუჭირდებათ პრემიერის მოწოდების საფუძველზე კონკრეტული კრედიტების გაიაფება. იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, საჭიროა, ხელისუფლებამ ბანკებს ისეთი რამ შესთავაზოს, რაც ბანკისთვისაც სასარგებლო იქნება.

„გააჩნია რა შეთავაზება ექნება ხელისუფლებას კომერციული ბანკების მიმართ. მოწოდებაზე რეაგირება ძალიან რთულია, რადგან მას რაღაც საფუძველი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. გააჩნია რა იქნება საშუამდგომლო წინადადება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბანკებისთვისაც საინტერესო და მომგებიანი უნდა იყოს.

საქართველოში პროცენტები რომ მაღალია გასაგებია, მაგრამ ამას თავისი წინაპირობები აქვს. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის მოწოდების გამო, ბიზნესმა ყველაფერი შეიძლება გააკეთოს.
კრედიტების გაიაფება, რომ ბიზნესისთვის სასარგებლო დაპოზიტიური იქნება ცალსახაა. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ბიზნესისთვის სწორედ ძვირი ფინანსური რესურსია, რაც მათ განვითარებაში ხელს უშლის.

ხელისუფლება, ვფიქრობ, კომერციულ ბანკებს კრედიტების გაიაფებისთვის რაღაც ფორმას შესთავაზებს, რადგან მარტო მოწოდება საკმარისი არაა და ეს თვითონაც კარგად ესმით. რეალური ქმედებები უფრო საქმიანი და ეფექტური იქნება, ვიდრე ხელოვნური შეზღუდვა“, - ამბობს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.

ამასობაში კი გამოქვეყნდა სესხებისა და ანაბრების შედარებით ანალიზზე დაყრდნობით ჩატარებული სპეციალური კვლევა, რომელმაც მეტად დამაფიქრებელი ვითარება წარმოაჩინა. იპოთეკური სესხის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 18-48 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი 12-24 პროცენტის ფარგლებში.

სამომხმარებლო სესხების პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 18-42 პროცენტის ფარგლებშია, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 15-28 პროცენტს არ აღემატება.

არადა, სავსების შესაძლებელია, რომ ბანკებმა სამომხმარებლო სესხის მოცულობა 20 პროცენტამდე შეამცირონ, ხოლო იპოთეკურაი კი - 8 პროცენტამდე.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა რეალურია, მაგრამ არ არსებობს სურვილი. მისი თქმით, სიტუაციის შეცვლას ამ მიმართულებით ბანკები არ აპირებენ და ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენელიცაა.

„საქართველოში მოქმედ ბანკებს საპროცენტო განაკვეთებისდ აწევის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ სურვილი, არ მგონია რომ ჰქონდეთ. როცა მიჩვეული ხარ მაღალ შემოსავალს, აღარ გინდა ნაკლები მიიღო და ეს ბიზნესისთვის დამახასიათებელი თვისებაა. პრეზიდენტის კრიტიკის შედეგი იქნება აბსოლუტურად ნულოვანი, ანუ ბანკები საპროცენტო განაკვეთს არ დაწევენ.

საერთოდ, საკრედიტო რესურსი საქართველოსთვის, როცა უცხოური ბანკები გასცემენ კრედიტს, გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში. ეს მეტი რისკფაქტორითაა განპირობებული. შესაძლებელია, რომ ბანკებმა სამომხმარებლო სესხის მოცულობა 38 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირონ. ეს სავსებით შესაძლებელია. რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, მისი დაწევა 8 პროცენტამდე დასაშვებია“, - ამბობს ელიავა.