რუსეთი მსო-ს წევრია - საქართველოს პირში ჩალა კიდევ ერთხელ გამოავლეს

რუსეთი მსო-ს წევრია - საქართველოს პირში ჩალა კიდევ ერთხელ გამოავლეს

რუსეთის ფედერაციამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრობა ოფიციალურად გააფორმა. საქართველოსთან მრავალწლიანი ბრძოლაში რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა, თანაც ისე, რომ ჩვენთვის არაფერი დაუთმია. განვლილმა პერიოდმა დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობის დიპლომატებმა რუსეთისგან მორიგი ალიყური მიიღეს.

ფედერალურ კანონს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან რუსეთის მიერთების ოქმის რატიფიცირების შესახებ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

კანონის რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ფედერაციის საბჭომ კი 18 ივლისს მოახდინა.

როგორც ცნობილია, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობა, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე, საქართველოსთან მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. გაწევრიანებასთან დაკავშირებული ოფიციალური პროტოკოლი კი ჟენევაში დეკემბერში გაფორმდა.

ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ, კრემლი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთებზე - ტვირთბრუნვის ერთობლივ გაკონტროლებას დასთანხმდა. არაოფიციალურად კი ქართული პროდუქციისთვის ჩრდილოეთის კარიბჭეც უნდა გახსნილიყო.

ითქვა, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე ტვირთების გადაადგილებას ოკუპირებული ტერიტორებიდან რუსეთში და პირიქით, შვეიცარიის მიერ დაქირავებული მონიტორები გააკონტროლებენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ე.წ. მონიტორები ცოცხალი ადამიანები კი არა, სპეციალური აპარატურა ყოფილა. კონფლიქტის ზონის საზღვრებზე დადგმული აპარატურა როგორ ზედმიწევნით იმუშავებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით არც ეს აპარატურა ჩანს. საქმე იქითკენ მიდის, რომ არც არასდროს გამოჩნდება.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნებას, აქ არანაკლებად გაურკვევლად არის საქმე. ერთადერთი პროდუქცია, რომელიც ოფიციალურად რუსეთში შედის ქართული ლიმონათია. „ნატახტარი“ და „ზედაზენი“ ჩრდილოეთში უჩუმრად შეიპარნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ამბავი რამდენიმე თვის შემდეგ გახმაურდა. ორივე კომპანია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან (ცეზარ ჩოჩელთან და ვანო მერაბიშვილთან) მჭიდროდ არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს და სოფლის მეურნეობის ნაწარმს, ამაზე თავიდან კი იყო საუბარი, მაგრამ ახლა ისე საგულდაგულოდ შეწყდა, რომ სავარაუდოდ, განახლება არ უწერია.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავარ მიმართულებებს შორის უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზრის გახსნა დაასახელა. საინტერესოა, არის თუ არა რუსული ბაზრის გახსნა პრიორიტეტული განახლებული მთავრობისა და ახალი პრემიერისთვის?  

როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაორმაგება დაასახელა. თუმცა, თავის საპროგრამო გამოსვლაში მას რუსეთის ბაზრის გახსნის საკითხი არ უხსენებია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი მატკავას შეფასებით, ქართულ კომპანიებს ახალი მთავრობის პირობებში შესაძლებლობა მიეცემათ პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაიტანონ, თუმცა საქართველო რუსულ ბაზარზე დამოკიდებული აღარ იქნება.

„რუსეთის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემური და ახლა ამ პრობლემების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს მატკავა.