ინტერესიანი ოპოზიცია  და აღფრთოვანებული  უმრავლესობა

ინტერესიანი ოპოზიცია და აღფრთოვანებული უმრავლესობა

ჯონდი ბაღათურიაფრაქციაერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი: - რაში დაიხარჯა 60 მილონი? შეჭმული გაქვთ და არ გინდათ, ამაზე ილაპარაკოთ?  

პაპუნა პეტრიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე: –  მე ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. მე მოვედი ბიუჯეტის განსახილველად და არა ფონდებზე სალაპარაკოდ. მე მეგონა, თქვენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია გაინტერესებდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის ...  

ცაგარეიშვილი, ფრაქციაერთობა სამართლიანობისთვისწარმომადგენელი: –  რა გახდა ეს სარეზერვო ფონდები. ხელისუფლების კეთილდღეობისთვის შექმენით და კიდევ იძახით, დამატებით  50  მილიონი გვინდაო...     

პაპუნა პეტრიაშვილი:  –  არასერიოზული საუბარია ...

ცაგარეიშვილი: – როდესაც გაშლილ ანგარიშს წარმოგვიდგენთ, თუ ეს თანხა კონკრეტულად რაში დაიხარჯა, მაშინ იქნება სერიოზული ლაპარაკი...

პეტრიაშვილი: – მოგაწვდით, ნუ ნერვიულობთ!

ცაგარეიშვილი: – თქვენ უნდა ნერვიულობდეთ, რომ ამაზე პასუხს ოქტომბრის შემდეგ მოგთხოვენ. მე რა მაქვს სანერვიულო ...

ბაღათურია: – როდის მოგვაწვდით?

პეტრიაშვილი: –  ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშს რომ წარმოვადგენთ, იქ იქნება. თვის ბოლომდე ანგარიში იქნება.

ცაგარეიშვილი: – თვის ბოლომდე აქ ვისხდეთ? ვიდრე ეს ინფორმაცია არ გვექნება, რაზე უნდა ვისაუბროთ?

ჯონდი ბაღათურია: – მთავრობა  უპატივცემულობას იჩენს  პარლამენტისა და ხალხის მიმართ. ახლა შევწყვიტოთ  სხდომა და შევთანხმდეთ, როდის იქნებით მზად.

დარეკეთ სამსახურში, მესიჯით გამოგიგზავნონ გაშლილი მონაცემები და მერე ვილაპარაკოთ. 

პაპუნა პეტრიაშვილი: –  თქვენ არ ხართ ჩემი უფროსი, რამე რომ დამავალოთ...

ჯონდი ბაღათურია: – ისიც კი არ იცით, რომ პარლამენტი  მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოა და შემიძლია, რაიმე დაგავალოთ. დაურეკეთ, დაურეკეთ, მესიჯით გადმოგიგზავნონ. რა დრო დაგჭირდებათ? 

პეტრიაშვილი: –  ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშს რომ წარმოვადგენთ, იქ იქნება. თვის ბოლომდე ანგარიში იქნება. მე ვცდილობ, აგიხსნათ, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ბიუჯეტის განსახილველად არ ხართ მოსული.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: –  თქვენ მომზადებული არ ხართ და ამიტომ არაადექვატურია თქვენი მოსვლა. ჩვენ  ახლა გვჭირდება გაშლილი მონაცემები და არა თვის ბოლოს. ახლა შანსი გაქვთ, წახვიდეთ და დაგელოდებით, რომ ამ მონაცემებით მოხვიდეთ და მეორე, წახვიდეთ და აღარ მოხვიდეთ...

ასეთი დიალოგის  ფონზე წარიმართა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრებთან 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვა  და მხოლოდ იმ შინაარსის გამოტანა იყო შესაძლებელი, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ფრაქციის წევრების კითხვებზე არანაირი პასუხები არ ჰქონდა. ამიტომაც ოპოზიციასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ხმაურის ფონზე  წარიმართა.     

სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე სასაუბროდ ფინანსთა მინისტრი იყო დაბარებული, თუმცა, პარლამენტში მის ნაცვლად ფინანსთა მინისტრის მოადგილე  პაპუნა პეტრიაშვილი მივიდა.

მთელი ერთი საათის განმავლობაში ოპოზიციური ფრაქცია ცდილობდა გაერკვია სად წაიღო მთავრობამ 60  მილიონი ლარი, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან დაიხარჯა.

მას შემდეგ რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წევრებს განუმარტა, რომ სარეზერვო ფონდებში ამჟამად თანხა არის და ეს თანხა 40 მილიონს შეადგენს, ფრაქციის წევრებმა გიორგი ცაგარეიშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ პაპუნა პეტრიაშვილს დეტალური ინფორმაცია მოსთხოვეს სად დაიხარჯა 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდებიდან 60 მილიონი.

„ეს თანხა შეჭმული გაქვთ და არ გინდათ ამაზე ილაპარაკოთ, ზღაპრებს ნუ გვიყვებით როგორ გინდათ კახეთი ააღორძინოთ“, – მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯონდი ბაღათურიამ.

პაპუნა პეტრიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა საჭირო არ არის და სარეზერვო ფონდების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს იქნება წარმოდგენილი, როდესაც 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იქნება მომზადებული.

ამ განცხადებას დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები აცხადებდნენ, რომ 60 მილიონი მთავრობამ „შეჭამა“. მათ პაპუნა პეტრიაშვილს მოსთხოვეს, „ან დაერეკა ან სხვა გზით მიეღო ინფორმაცია“, თუ რაში დაიხარჯა ეს 60 მილიონი ლარი. 
„გვაცნობეთ თავისი განკარგულებების ნომრებით, თუ სად დაიხარჯა ეს 60 მილიონი. ჩვენს უპატივცემულობას კი ბატონო, მაგრამ საზოგადოების უპატივცემულობას ვერ გაპატიებთ“, - განაცხადეს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა. 

დეპუტატების თქმით, სარეზერვო ფონდები სწორედ ხალხის გადასახადებისგან კომპლექტდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაში იხარჯება მათი თანხები.

პაპუნა პეტრიაშვილი კი დეპუტატებს პასუხობდა, რომ თანხები სარეზერვო ფონდებიდან უკანონოდ არ არის დახარჯული. მან ასევე აღნიშნა, რომ ფული სამივლინებო ხარჯებისთვის არ ყოფილა გამოყენებული. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე გააპროტესტა დეპუტატების მოწოდება, „სადმე დაერეკა ან ელექტრონულ ფოსტაზე მიეღო ინფორმაცია სარეზერვო ფონდების ხარჯვის შესახებ“ და აღნიშნა, რომ „დეპუტატები არ არიან მისი უფროსები“ და ვერაფერს უბრძანებენ. 

პეტრიაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხები სარეზერვო ფონდებიდანაც დაიხარჯა და ამჟამადაც იხარჯება. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს, დეპუტატებთან შეხვედრისას პეტრიაშვილმა 5 მლნ 600 ათასი ლარი დაასახელა. თუმცა მოგვიანებით, იგივე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის სარეზერვო ფონდებიდან 6 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყო.

ამასთან, პეტრიაშვილმა დეპუტატები იმის გამო, რომ მათ სარეზერვო ფონდების ხარჯები აინტერესებდათ და არა კონკრეტულად სტიქიის ლიკვიდაცია, არაადეკვატურობაში დაადანაშაულა.

დეპუტატებმა კი პეტრიაშვილის ამ განცხადებას უწოდეს არაადეკვატური და აღნიშნეს, რომ საბიუჯეტო ცვლილებები ხდება სწორედ იმიტომ, რომ სარეზერვო ფონდები ხელისუფლების მიერ „შეჭმულია“. 
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომა ისე დასრულდა, რომ დეპუტატებმა სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების დაპირება ვერ მიიღეს.

სამაგიეროდ „ქრისტიან–დემოკრატებთან“ შეხვედრამ  ჩაიარა წარმატებულად და მათ მხოლოდ საკომპენსაციო თანხების გაზრდა მოითხოვეს.

სახელისუფლებო ფრაქციას კი უკვე ფინანსთა მინისტრი შეხვდა  და, ცხადია, რომ რაიმე კრიტიკული კითხვა ამ შეხვედრაზე არ დაისმეოდა და „ნაციონალების“  ლიდერებს მთავრობის საქმიანობისთვის აპლოდისმენტები არ დაუშურებიათ.