წლეულს 1 კგ ყურძენი 1,50 ლარზე ნაკლებად არ გაიყიდება

წლეულს 1 კგ ყურძენი 1,50 ლარზე ნაკლებად არ გაიყიდება

სტიქიის გამო წლეულს ყურძენი გაძვირდება. მოსავლის საგრძნობი შემცირება, ცხადია, ადეკვატურ გავლენას ფასზეც მოახდენს. ქართველი სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, ყურძნის ღირებულებამ 1,50 ლარსაც გადააჭარბოს. რაც შეეხება მოსავლიანობას, სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტების განმარტებით, დანაკარგი 35-40 პროცენტამდეც გაიზრდება.

კახეთის რამდენიმე რაიონში ყურძნის მოსავალი 100 პროცენტითაა განადგურებული, მათ შორის, ველისციხესა და გურჯაანში. ვენახი მეტ-ნაკლებად გადარჩა საგარეჯოში, ლაგოდეხსა და ყვარლის რამდენიმე სოფელში. მთლიანად განადგურდა გავაზში, რომელიც ყოველთვის უხვმოსავლიანობით გამოირჩეოდა.

"100%-ით კი არა, 300%-ით არის დასეტყვილი. 3-4 წელი აქ არაფერი აღარ იქნება", - ამბობენ კახელი გლეხები, რომელთა თქმითაც, მოსავლის მოსაყვანად სოფელში ბევრ ოჯახს ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული, თუმცა არც წელს და არც მომავალში მისი დაფარვის საშუალება არ ექნებათ.

გლეხები შიშობენ, რომ დასეტყვილი ვენახი არც გაისად მოისხამს ნაყოფს ან საერთოდაც შეიძლება გახმეს.

"ვაზი აღარ არის, ძირებშია დამტვრეული, მომავალ წელსაც აღარ იქნება. ატამიც მაქვს და კურკაც კი ვერ ვიპოვე სად არის წაღებული, იმხელა წყალი მოდიოდა. კრედიტი მაქვს აღებული, 5 000 ლარი მარტო შხამ-ქიმიკატებში გადავიხადე, 2 000 ლარი კიდევ საწვავში, 7 000 დამიჯდა 5 ჰექტარის ხარჯი.

კრედიტის დაფარვას დაგვაცდიან, მაგრამ მერეც რით გადავიხადოთ, არ ვიცით. 20-25 ათასი ლარი უნდა ამეღო აქედან, ახლა კიდევ 4-5 წელი უნდა მოსავალი რომ აიღო. კარგ მოსავალს 6 წელი მაინც სჭირდება", - ამბობს ვაჩნაძეანელი გია ხახანაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

საგარეჯოს მკვიდრ ზურაბ მეურმიშვილს ყოველწლიურად, საშუალოდ, 20 ტონამდე მოსავალი მოჰყავდა. 19 ივლისის სტიქიის გამო მისი ვენახიც 100 პროცენტით განადგურდა და ოჯახს 1 ლიტრი ღვინის დაწურვის შესაძლებლობაც არ აქვს. მეურმიშვილი ფიქრობს, რომ დასეტყვილი ვენახი ძირფესვიანად განადგურდება და ვაზის გარეშე დარჩება.

"ჩემი ვენახი პირწმინდად განადგურდა, აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. სეტყვამ მავთულებიც დაწყვიტა, ხოლო ვენახი ძირფესვიანად მოსპო. ბალახიც კი ფესვიდან ამოგლიჯა, წარმოსადგენადაც ძნელია. ვაზს ყოველთვის შვილივით ვუვლიდი, უკანასკნელ ენერგიას მოსავლის მიღებას ვახმარდი, მაგრამ ახლა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარ.

ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ ჩვენი უიმედო მდგომარეობისთვის ეს მხოლოდ მცირე ნუგეშია. არ ვიცი რა მეშველება ვენახის გარეშე. ყურძენი ხომ 100 პროცენტით განადგურდა, სეტყვამ ვენახს ტყავიც კი გადააძრო. ეს მაშინებს, რომ მოსავალი გაისადაც არ მოვა და შეიძლება გახმეს კიდეც. ახლა ჩემს ვენახში 1 მტევანსაც ვერ იპოვით, როცა 20 ტონამდე მოსავალს ველოდი", - ამბობს დაზარალებული.

კახელი გლეხის შიშს სელექციონერი პეტრე ნასყიდაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიების გატარების შემდეგ, ვენახი თავს აღიდგენს და მტევანსაც გამოისხამს.

"ყველაზე მეტად ვენახის ხარისხი მაფიქრებს. სადაც დაისეტყვა, ხარისხზეც ცუდად იმოქმედებს და მოსავალზეც. ცალკე საკითხია ფასი, რაც აგრეთვე ძალიან დამაფიქრებელია. დიდი ალბათობაა იმის, 1 კგ ყურძნის ფასი 1 ლარს გასცდეს, ბევრად მეტი იქნება მისი საბაზრო ღირებულება.

შესაბამისი ქიმიკატების გამოყენების შემთხვევაში, დასეტყვილი ვენახი შეძლებს თავის აღდგენას და ნაყოფსაც მოგვცემს. ყველა ამ საშუალებას სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს დაზარალებულ მევენახეებს. აქვე დავძენ, რომ მისასალმებელია ყველა ის ღონისძიება, რასაც სახელმწიფო კახეთში დაზარალებულების დასახმარებლად აკეთებს. მოსახლეობას იქ ძალიან უჭირს, მაგრამ ხალხში რაღაც იმედი გაჩნდა. მხარდაჭერა გამოიკვეთა და ეს დაზარალებული ადამიანებისთვის დიდი შვებაა", - ამბობს ნასყიდაშვილი.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი თამაზ კუნჭულია განმარტავს, რომ წლეულს 1 კგ ყურძენი 1,50 ლარზე ნაკლებად არ გაიყიდება. რაც შეეხება ჩაბარების პროცესს, ქარხნებს შემორჩენილი მარაგების რეალიზაცია მოუწევთ, რადგან არ ექნებათ სტიქიის გამო შემცირებული მოსავლის ჩაბარების რეალური შესაძლებლობა.

"მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი იმ დონეზე დაირღვევა, რომ ფასი კატასტროფულად მოიმატებს. შარშანდელ დონეზეც რომც დარჩეს მოთხოვნა, ყურძნის გაძვირება გარდაუვალია. პროდუქტის მომმარაგებელი და მიმწოდებელი რეგიონი ტრადიციულად კახეთი იყო. ახლა იქ მოსავალი შემცირებულია და ის ადეკვატურ გავლენას ფასზეც მოახდენს.

ჩემი აზრით, მინიმალური ფასი 1,50 ლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ქარხნები ჩაიბარებენ თუ არა, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამას ამჯერადაც ვერ მოახერხებენ. თუმცა, მათ ეს არ დააზარალებთ, რადგან არსებულ მარაგებს გამოიყენებენ.

რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, 35-40 პროცენტის ფარგლებში იქნება. სეტყვას რომელიც გადაურჩა, იქ ვენახს ხარისხი შეუნარჩუნდება, მაგრამ ნაწილობრივ დასეტყვილიც კი უხარისხო მოსავალ მოგვცემს", - აცხადებს თამაზ კუნჭულია.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი კახეთის სტიქიის შედეგად მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირებას პროგნოზირებს. მისი ვარაუდით, 2012 წელს კახეთის სტიქიის გამო მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 5 პროცენტამდე შემცირდება. ეს საკმაოდ მძიმედ აისახება ქართველი მომხმარებლის ჯიბეზე.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2011 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 9,3 პროცენტი იყო. 2006 წელს კი ეს მაჩვენებელი 12,8 პროცენტს უტოლდებოდა.