ალექსანდრე ბარამიძე -

ალექსანდრე ბარამიძე - "ბანკი ქართუს" ახალმა მმართველმა ბანკი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, "ქართუ ჯგუფში" აქციების 100 პროცენტს ყადაღა უნდა მოეხსნას და "ბანკი ქართუს" ახალმა მმართველმა ბანკი დაუყოვნებლივ დატოვოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ დაყადაღებული ქონება მფლობელს უბრუნდება.
ამასთან, სანდრო ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში, ჯამში, 80 მილიონი ლარი გადარიცხა, საიდანაც 75 მილიონი შეადგენს ჯარიმის თანხას, დანარჩენი კი - წარმოადგენს ჯარიმის გადახდის ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 7%-იან თანხას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი "ქართული ოცნება" განახორციელებს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე, ”პროგრესბანკის” აქციების ნაწილს ყადაღა 26 ივნისს დაადო.

12 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

სასამართლომ ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 74 325 065.65 ლარით დააჯარიმა. პირველი ოქმის საფუძველზე, კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე კომპანია "გლობალ კონსალტინგის" გამოყენებით, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათობით ათასი სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12 622 019 ლარი შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს "ბურჯისა" და შპს "ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს". კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისთვის ივანიშვილმა 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებების იმ ნაწილში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხის დაანგარიშება მოხდა. შესაბამისად, ერთობლიობაში ჯარიმების ოდენობა შემცირდა და საბოლოოდ 148 650 131 ლარის ნაცვლად 74 325 065.65 ლარით განისაზღვრა.