„თვითონ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა წარსული“

„თვითონ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა წარსული“

კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას პირდება. არჩევანი ქართველმა ხალხმა ოქტომბერში უნდა გააკეთოს და გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, დღევანდელი ყოფა თუ ის უკეთესი მომავალი, რასაც ოპოზიცია სთავაზობს.

როგორ ხედავენ კოალიცია  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ხალხის პრობლემებს და მათი გადაჭრის რა გზებს გვთავაზობენ, ამჯერად ჩვენი სტუმარი სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძეა, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონში მოუწევს ბრძოლა. იქიდან გამომდინარე, რომ ის თბილისის საკრებულოს წევრია და დედაქალაქის პრობლემების შესახებ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით კარგად ნაცნობია, რა ხდება თბილისის დიდ რაიონებში - სამგორის რაიონი დედაქალაქის რაიონებს შორის პირველია ტერიტორიის მოცულობით, ხოლო მცხოვრებთა რაოდენობით მეორე. აქაც, ისე როგორც მთელ საქართველოში არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, თუმცა როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, ვიდრე არჩევანს გააკეთებს,ხალხმა კარგად უნდა იფიქროს, რადგან დღეს საქართველოს უკეთესი მომავლის შანსი ეძლევა და  მისი არგამოყენება დანაშაულის ტოლფასია.

ბატონო ზურაბ, ყველამ ვიცით, რომ უცებ და ყველაფერი ვერ მოწესრიდება, რა არის პირველი, რასაც ყურადღებას მიაქცევთ და რითაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაინტერესდებით?

- პირველი, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას ეს არის ელექტროენერგიასთან მიბმული დასუფთავების გადასახადი, მეორე, რაც ყველაზე მძიმე პრობლემაა, ეს არის უმუშევრობა, რომელიც თბილისის ამ რაიონისთვის ყველაზე უფრო რთული პრობლემაა, რადგან ყოფილი საქარხნო რაიონია და ყველაზე დასაქმებულ რაიონად ითვლებოდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ რესპუბლიკაში.

დღეს მათ არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი შრომით არჩინონ ოჯახები, სოციალური პრობლემები ძალზე მზარდია, ჯანდაცვის კუთხით ბევრი გადაუჭრელი საკითხია. აქ ცხოვრობს ბევრი სოციალურად დაუცველი, ფაქტობრივად, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანი.

წლებია ხელისუფლება ამ ადამიანებს ცვლილებებს პირდებოდა და ეს ვერ განხორციელდა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ეს რაიონი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა, მას შემოუერთდა თბილისის შემოგარენის სოფლებიც, სადაც სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებიდან დაწყებული - ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით ვერ ჩაჯდა თბილისის განვითარების პროექტში.

ასე რომ, პრობლემები საკმარისზე მეტია და აუცილებლად მიექცევა ამ ყველაფერს ყურადღება.

ის მიმართულებები, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამაშია წარმოდგენილი, თავისთავად განხორციელდება ყველა მოქალაქის კეთილდღეობის თვალსაზრისით, მაგრამ  ადგილობრივი საკითხები, რომელიც დაგროვილია, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად  გადაიჭრება.

ჩვენი მთავარი განცდა არის ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა არ არის თვითმიზანი. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ღირსების საკითხიცაა, რადგან ჩვენ, კოალიციის წარმომადგენლებს, ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რას ვეჭიდებით.

გამარჯვების გარდა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთია. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი დაეყრდნობა ამ გამარჯვებას და ჩვენ ვიღებთ ტვირთს ამ ხალხს გავუკეთოთ ყველაფერი, რაც წაართვა ხელისუფლებამ და არ გაუკეთა.

არ გაუკეთა იმიტომ, რომ ეს არასდროს არ ყოფილა მათ ინტერესში.

ეს ის რაიონია, სადაც ცხოვრობს ძალიან ბევრი სიღარიბის მიღმა მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ადამიანი. თუ არსებობს რაიმე კონცეფცია, რაც ამ ადამიანებს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად იცხოვრონ, არ გეკითხებით დახმარებებზე, რადგან სოციალურ დახმარების მიღება თავისთავად არ ნიშნავს ღირსეულად ცხოვრებას...

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დახმარებების, ვაუჩერიზაციის და მოწყალებების თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში.

ეს ყოფილი საქარხნო რაიონია, სადაც ყველა ადამიანი დასაქმებული იყო, მაგრამ ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააუარესა მათი მდომარეობა და დამოკიდებული გახადა ხელისუფლების წყალობაზე. ამიტომ ეს ყველაფერი სხვა მიმართრთულებით წავა.

როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ხოლო პენსია 100 ლარი,  ეს ხომ აბსოლუტურად შეუსაბამოა. პირველი რასაც გავაკეთებთ, ის არის, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, თუმცა ეს საარსებო მინიმუმიც არ იქნება 160 ლარი, რადგან 160 ლარიც არ არის საკმარისი ერთი ადამიანის არსებობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა იქნება. ეს მოხდება ეტაპობრივად, ერთ-ორ დღეში ვერ მოხდება ყველაფერი, მაგრამ მიზანი იქნება ძალიან სწორი და მიმართული იმისკენ, როგორ დაიძლიოს სიღარიბე და ის პრობლემები, რაც ამ წლების განმავლობაში არის დაგროვილი. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყველა თბილისელი ღირსეულად ცხოვრობდეს.

ამას ყველა ხელისუფლება პირდება ხოლმე...

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლება ამაყობს, თითქოს დიდი წარმატებები აქვს კორუფციასთან ბრძოლასა და წესრიგის დამყარებაში, ესეც ხომ მოჩვენებითია. ის რეფორმები რაც მან გაატარა, მხოლოდ ამ ხელისუფლების, როგორც მექანიზმის გამყარებას უწყობდა ხელს და მეტს არაფერს.

ახლაც, იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც თვეები დარჩა, რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ხელისუფლება, ადამიანების მდგომარეობა მათი პრობლემები სულ უფრო გაუარესდება. ამას ვგრძნობთ ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით სამგორელებთან შეხვედრისას.

ხელისუფლება დღეს მხოლოდ თბილისის ცენტრალურ რაიონებს ალამაზებს ალბათ უცხოელებისთვის საჩვენებლად, რომ აქ ხალხი ფუფუნებაში ცხოვრობს. თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებ ადამინს სჭირდება ნორმალური ცხოვრება, ვაკესა და საბურთალოზე მცხოვრებსაც და ვარკეთილელებს და მოსკოვის პროსპექტელებსაც, ყველას ერთნაირად უნდა აქცევდეს ხელისუფლება ყურადღებას.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი დიდი იმედით შეჰყურებდა რუსუდან კერვალიშვილს, მასაც ჰქონდა რაღაც პროექტები სამგორელების ყოფის გასაუმჯობესებლად თუმცა მათთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა...

- როდესაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ირაკლი ალასანია  კენჭს იყრიდა, ძალიან აქტიურად მიწევდა სამგორის მოსახლეობასათან შეხვედრა და მაშინაც უკვე დიდი უკმაყოფილება იყო ქალბატონი კერვალიშვილის მიმართ, რადგან დაპირებები, რომელიც გასცა, ვერ შესრულდა. ეს შეიძლება იყო არა პიროვნულად გაცემული დაპირებები, არამედ როგორც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლისაგან, თუმცა ალბათ უნდა იცოდე, თუ პოლიტიკაში მიდიხარ, სად და რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთიანდები.

თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ წარსულზე, თვითონ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა წარსული, ამასწინათ სააკაშვილმა ტელეეთერში თქვა, რომ თურმე საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ამ ადამიანის ტყუილებმა ყველა ფანტაზიას გაუსწრო, ვინ არის ახალი მთავრობა მერაბიშვილი? ეს ხომ არავის არ სჯერა, როგორ შეიძლება, საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავდეს სააკაშვილის და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. ასე შეიძლება რუსუდან კერვალიშვილის საქმიანობა „რუსთავი 2“-თა და „იმედით“ დადებითადაც წარმოაჩინო, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მხოლოდ გაჭირვებაზე არ არის ლაპარაკი, ხალხი უყურადღებოდაც არის მიტოვებული.

კონკრეტულად რა შეიძლება ამ ადამიანებს გაუკეთოს ხელისუფალმა?

- ეს არ არის მხოლოდ აბაშიძის, ალასანიას და ჩვენი პოლიტიკური ძალის რაღაც ხედვა. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ადამიანზე, ვისთანაც ჩვენ ვართ  კოალიციაში, ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. ის არა მხოლოდ ადამიანებს ეხმარებოდა, არამედ სახელმწიფოებრივი სტრუქრურების განვითარებასაც შეუწყო ხელი. პოლიციის თავდაცვის და ა.შ.

დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, ასეთი ადამიანი გახდეს ქვეყნის ხელისუფალი, რომლის პერიოდშიც შესაძლებელი იქნება, უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც. ეს შესაძლებლობები დავინახეთ ჩვენ და ამაზეა უარის თქმის უფლება არ გვაქვს.

ეს ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ მას სურს თავის ქვეყანას ემსახუროს ბოლომდე, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილებით, რომელიც გაგვაჩნია, მასთან ერთად ვდგავართ და ვიბრძვით ამ ხელისუფლების შესაცვლელად. დღეს ამ შანსის არგამოყენება ყველა მოქალაქისთვის ძალიან მარტვივად რომ ვთქვათ, დანაშაული იქნება. ყველა ადამიანმა ძალიან კარგად უნდა გააანალიზოს, რაზე შეიძლება თქვას უარი - თვითონ და მათი შვილები იცხოვრებენ უკეთესად. ჩვენ რომ ამისი არ გვწამდეს არ ვიქნებოდით ამ ბრძოლაში ასე გულანთებულები და ასე ბოლომდე დახარჯულები.

ამ რაიონში, ისე როგორც მთელ საქართველოში ბევრი სიღარიბის მიღმა მცვხოვრები ოჯახი ცხოვრობს, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აშანტაჟებენ, რომ ამ დახმარებებს მოუხსნიან. როგორ ხედავთ, ეს პრობლემა დაძლევადია?

-ამ ხელისუფლებას ძალიან ცუდი და დაბალი წარმოდგენა აქვს ჩვენს ხალხზე, ამითი რომ ცდილობენ მათ დაშინებას, პირველ რიგში საკუთარი თავი შეჰყავთ შეცდომაში. ხალხს უკვე აღარ ეშინია.

ძალიან დაიღალა ყველა, ფიქრობდნენ, რომ აღარ შეიცვლებოდა არაფერი და რა ვქნათ, ამ ხელისუფლების მსხვერპლი ვართო, ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. დღეს უკვე სხვა რეალობაა. მართალია, ნაციონალური არხებით ამას არ აშუქებენ, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს კოალიციის მოსახლეობასთან შეხვედრებისას. ამ სივრცეს ვერ დახურავ და ამ რეალობას ვერ გაექცევი, ყველას აქვს ინფორმაცია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

დამთავრდა დაშინებების დრო, არავის არაფერი არ ემუქრება, ვერავის ვერაფერს ვერ მოუხსნიან, ეს არც მაგათია, რომ მოუხსნან და არც ამისი უფლება აქვთ. მალე იმისი უფლებაც აღარ ექნებათ, რომ ვინმეს რამე მისცენ. ეს იქნება ხალხის ხელისუფლება, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ხალხს რა ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით სამგორში თქვენი კონკურენტი მიხეილ მაჭავარიანი იქნებანაციონალური მოძრაობიდან“, რამდენად ძლიერი მოწინაარმდეგე იქნება თქვენთვის?

- იმის მიუხედავად რომ ბატონი მაჭავარიანი ძალიან გამოცდილია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვერ ჩავთვლი, რომ ის იქნება ღირსეული მოწინააღმდეგე. ძალიან დიდი ხანია, ამ ადამიანს ვუყურებთ და ვიცით რაც შეუძლია. ვიცით ისიც, რომ ძალიან დახვეწილია არჩევნების გაყალბებაში. გამიხარდებოდა ღირსეულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, მაგრამ ამ ადამიანში სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ. თუ არ ვცდები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ეს ადამიანი ხელისუფლებაშია, მის მიმართ პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა პოლიტიკისგან დაესვენა და მშვიდი ცხოვრება აერჩია. თუმცა თვითონ ხალხი გადაწყვეტს, ვინ აირჩიოს. ჩემს თავს იმისი თქმის უფლებას არ მივცემ, რომ მე ვარ ღირსეული და აუცილებლად მე უნდა გავხდე სამგორელების რჩეული, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, უარი უნდა თქვან თუ არა იმაზე, რასაც კოალიცია „ქართული ოცნება“  სთავაზობს. ეს დემოკრატიული არჩევნებია და ხალხმა ის უნდა გადაწყვიტოს, რაც მას სურს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაყალბების დიდოსტატად იქცა ამ წლებში, ტრადიციას არ უღალატებს?

- ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა. ეს არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის საკითხი. თუ ხალხი ნახავს, რომ გაყალბდა, თუ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს საზოგადოება და მათ არ დაეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებაც, თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს, თუმცა ჩვენ ამ სცენარს არც განვიხილავთ, რადგან გაყალბების ყველანაირი გეგმა წყალში ჩაეყრებათ.

ვიცით მათი მეთოდები და მის წინააღმდეგ სათანადო პრევენციულ ღონისძიებებს ვამზადებთ, არც ჩვენ ვართ გულხელდაკრეფილები. პირველ რიგში კი სამართლიანი არჩევნებისთვისდ ვემზადებით, სადაც ხალხმა, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს უნდა აირჩიოს ხელისუფლება.

ხელისუფლებამ რომელმაც ოპოზიციას დაყადაღებების, ზეწოლის, დაპატიმრებების შტურმები მოუწყო, შემოიტანა დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობაზე უარი უნდა ითქვას და ა.შ. ამ დეკლარაციის მომზადებაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც კიდევ დამატებითი პუნქტები შეიტანეს. რამდენადაც ვიცი, ოპოზიცია ამ დოკუმენტს სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ რას ნიშნავს ასეთი პრეცენდენტი, ხელისუფლება თანამშრომლობას გთავაზობთ?

- ფაქტობრივად ტოტალიტარიზმთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანს, რომელსაც რაღაც დანაზოგი ჰქონდა და ის შეიტანა პარტიაში, იბარებ კონტროლის პალატაში, რომელმაც სადამსჯელო პოლიციის ფუნქცია მიიღო და უმტკიცებ, რომ მას არ ჰქონდა უფლება, მერე კი უყადაღებ პირად ქონებას, ეს უკვე ტოტალიტარიზმია, აბა რა არის. თუ სასამართლოს გარეშე, პირდაპირ უყადაღებ ყველაფერს, ეს უკვე პირადი ქონების ექსპროპრიაციაა. შეიძლება უცხოეთი ამას ღიად არ ამბობს, მაგრამ ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს, რაც საქართველოში ხდება.

ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ქვეყნის ინტერესებიდან და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შემოთავაზება არ არის საკმარისი და ეს არ არის ის თემები, რომლითაც უნდა შემოვიფარგლოთ, ეს ძალიან ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. არასამთავრობოების ჩართვა, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პროცესი უნდა გახდეს საჯარო და საზოგადოების დისკუსიის საგანი. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ შემოაგდებს რაღაც დოკუმენტს და ულტიმატუმს გიყენებს ხელი მოაწერეო, ეს დიდი ხანია დამთავრებულია. საკმაოდ ბევრი სამსჯელოა, ვიდრე გადამწყვეტ პუნქტამდე მივალთ, ეს არის არჩევნების აღიარება.

როგორ ფიქრობთ ოქტომბრამდე შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს ზეწოლა კოალიციაზე?

- ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, გინდა გაძლიერდეს, და გინდა არა, ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში შესულები და ეს ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ამ ხელისუფლების ვერაგული და მზაკვრული სახე დიდი ხანია ვნახეთ, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი და ხალხის რწმენა გვაქვს და ამით კიდევ უფრო ვძლიერდებით.