საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, საქართველოში არც ისე ცუდი მდგომარეობაა, ქვეყანაში პრობლემები კი არის, მაგრამ ასე თუ ისე, ქვეყანა მაინც სწორად ვითარდება. ციფრების გაცნობისას ისეთი განცდა ჩნდება, რომ გამოკითხულთა შორის მხოლოდ ნაციონალური არხების მაყურებლები მოხვდნენ. თუმცა ნიშანდობლივია ისიც, რომ ბევრ კითხვაზე გამოკითხულთა, თითქმის, ყოველ მეორე ადამიანს კითხვაზე პასუხი არ აქვს. როგორც სოციოლოგები ამბობენ ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემა არ სურთ.
IRI -მ პოლიტიკური პარტიებსაც გაუგზავნა შედეგები, თუმცა, რატომღაც პარტიები ამჯერად მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებენ და მხოლოდ იმ ინფორმაციამ „გამოჟონა“, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, მას მოჰყვება „ქართული ოცნება“, მესამე ადგილს კი „ქრისტიან-დემოკრატები“ იკავებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, გამოკითხვების ეს ნაწილი საჯაროა და ხალხის აზრი ასე ნაწილდება: ქართულ მედიასაშუალებებს გამოკითხულთა უმრავლესობა ნდობას უცხადებს. კითხვაზე, „რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად“, IRI–ის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 64% მედიას ენდობა, 28% - არ ენდობა, 8%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
როგორც ექსპერტი გოგი ხუციშვილი ამბობს, ეს საკითხი უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს:
„საინტერესოა, იყო თუ არა გაცალკევებული, ე.წ ნაციონალური არხები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები. თუ ეს კითხვა ერთიანად იყო დასმული, მაშინ გაურკვეველია, ნაციონალური არხები იმსახურებს საზოგადოების ნდობას თუ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები, რომლებსაც გავრცელების შედარებით შეზღუდული არეალი აქვთ.
თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები, მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იძულებულები არიან, ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ სახელისუფლებო არხებიდან და მათ ინფორმაციის სხვა წყარო არ გააჩნიათ, ეს კი მათ უფრო მეტ ნდობის ხარისხს ანიჭებს.
თუ „მაესტროსა“ და „კავკასიასაც“ ექნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით დაფარვა, მაშინ სხვა სურათს მივიღებდით. ბევრ რეგიონში „რუსთავი 2-იც“ კი უხარისხოდ ვრცელდება და მხოლოდ ტელეკომპანია „იმედს“ უჩვენებს. ასეთ შემთხვევაში ნდობა-არნდობაზე აღარ არის ლაპარაკი, მათ ინფორმაციის სხვა წყარო არ აქვთ და ამდენად მნიშვნელოვანი ხდება მისთვის ის ინფორმაცია, რასაც ამ მედიასაშუალებით იღებს.
თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ იყო ეს კითხვა დასმული“ - ამბობს გოგი ხუციშვილი.
კითხვაზე, „რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად“, IRI-ის მიერ გამოკითხულთა 32% ცსკ-ს უნდობლობას უცხადებს, შეკითხვაზე პასუხი კი გამოკითხულთა 26%-ს არ აქვს.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 57% ეროვნულ ბანკს ენდობა, 26% აღნიშნულ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ენდობა, 16 %-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
როგორც გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ ცესკო მთავრობის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, შესაძლოა ცესკოს თავმჯდომარის ფიგურა არის ძალიან განსხვავებული წინა თავმჯდომარისგან, რომელიც ძალზე ოდიოზური იყო.
„ლევან თარხნიშვილის შემდეგ მოვიდა უფრო გაწონასწორებული ადამიანი ზურაბ ხარატიშვილი, რომელმაც ხალხთანაც ნორმალური ურთიერთობა დაამყარა, ოპოზიციასთანაც და ხელისუფლებასთანაც უფრო გაწონასწორებულია, თუმცა ნდობის ეს ხარისხი არ არის საბოლოო, რადგან მთავარი სამუშაო და მთავარი პრობლემები ჯერ წინ აქვს ცესკოს. მაინც ვფიქრობ, რომ ნდობის ეს ხარისხი, ცესკოს თავმჯდომარის პიროვნებიდან უფრო გამომდინარეობს“, - ამბობს ხუციშვილი.
იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ყველაზე დიდი პრეტენზია სასამართლო სისტემის არარსებობაა და თავად მიხეილ სააკაშვილმაც კი აღიარა, რომ სასამართლოში მართლაც არის პრობლემები, IRI-ის კვლევების თანახმად, სასამართლო სისტემას გამოკითხულთა უმრავლესობა ენდობა.
კითხვაზე რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 53% სასამართლო სისტემას ასახელებს, 27% - სასამართლოს არ ენდობა, 20%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„შეიძლება იუმორისტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მწარე რეალობაა, სასამართლოს შესახებ ადამიანების უმეტესობას შთაბეჭდილება ექმნებათ მედიასაშუალებების მიხედვით. ვისაც რეალურად სასამართლოსთან საქმე ჰქონია, მას სულ სხვა წარმოდგენა აქვს“, - ამბობს ხუციშვილი და მისივე განმარტებით, იმ ხალხის გამოკითხვა რომ ჩატარდეს ვისაც კი ერთხელ სასამართლოსთან ურთიერთობა ჰქონია, შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.
სამაგიეროდ გაცილებით ნაკლები ნდობა აქვს ომბუდსმენს, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ ყველაზე უკეთესად მომუშავე და საკმაოდ ობიექტურ სტრუქტურად ითვლება, IRI-ს კვლევების თანახმად, ომბუდსმენის აპარატს გამოკითხულთა 43% ენდობა.
კითხვაზე, „რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად“, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს არ ენდობა, 38%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. პროფესიული კავშირების გაერთიანებას გამოკითხულთა 17% ნდობას უცხადებს, 39% - არ ენდობა, 44%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგი ალბთ უფრო სახალხო დამცველის სამსახურის პიარის ნაკლებობის ბრალია, თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლოა, ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში გაუბედაობის ან დაგვიანებული რეაქციის შედეგიც იყოს.
„ჩვენში ყველაფერი შედარებითია და ალბათ, ახსოვთ სოზარ სუბარის კრიტიკული ანგარიშები, მისი კრიტიკული მოაქალაქეობრივი პოზიცია. იმასთან შედარებით, შესძლოა, საკმაოდ კომპეტენტური სახალხო დამცველი თავის იმიჯს კარგავს“, - ამბობს ხუციშვილი.
დღეს საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც კონტროლის პალატის არსებობა საერთოდ არ იცოდა, ამ უწყების საქმიანობაზე ალბათ უკვე ყველაფერი იცის, ბოლო რამდენიმე თვეში იმდენად მასშტაბური ღონისძიებები განახორციელა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოკითხულთა 35% ენდობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ის 35%-ია, რომელიც მის მიერ განხორციელებულ დაყადაღებებს სამართლიანად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ისინი ხელისუფლების მხარდამჭერებადაც უნდა მოვიაზროთ, ან სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელგანთქმული კონტროლის პალატა კი არა, სხვა სოლიდური უწყება ჰგონია.
კითხვაზე რომელ სახელმწიფო ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს არ ენდობა, 42%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამ ლოგიკით 23% და 42 % თუ ამ უწყების საქმიანობას არასამართლიანად მიიჩნევს. ისინი, შესაძლოა, ოპოზიციის პოტენციურ მხარდამჭერებადაც მოვიაზროთ და რაკი ასეთი გამოკითხვები ყოველთვის დიდ ეჭვებს იწვევს და ვარაუდების გამოთქმის საშუალებასაც იძლევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთლიანობაში გამოკითხულთა 65% ოპოზიციის მხარდამჭერი ყოფილა. თუმცა, ხელისუფლებასაც და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტებსაც სხვა ლოგიკა აქვთ.
გოგი ხუციშვილისთვის კი კითხვის ნიშნებს ის 42% იწვევს, ვისაც ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს
„ნებისმიერი სიოციოლოგიური გამოკითხვისთვის 42% არის საოცრად მაღალი რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც კითხვაზე პასუხისაგან თავს იკავებენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ შიშის ფაქტორით შეიძლება აიხსნას“,- აცხადებს ხუციშვილი.
შეკითხვაზე, „რომელ ინსტიტუტს ენდობით საქართველოში ყველაზე მეტად“, პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა 44% უცხადებს ნდობას, 43% არ ენდობა, 13%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„იმ მონაცემების გარეშე, როგორ გადანაწილდა პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობა-არნდობის საკითხი, ძნელია ამ თემაზე საუბარი. ამ დროს როგორც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გამოკითხულთა ნახევარი მას ენდობა, ცოტა უცნაურია“-, ამბობს ხუციშვილი.
გამოკითხულთა 94% ეკლესიას ენდობა, მას 89%-იანი რეიტინგით ქართული არმია მოსდევს, 88%-ით პოლიცია, 69 %-ით კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
66% მინისტრთა კაბინეტს უცხადებს ნდობას, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კი 65%.
გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, მთავრობამ პირველ რიგში, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სიტემაზე იზრუნოს შეკითხვაზე, „პირველ რიგში მთავრობამ რომელ რეფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“, გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემაზე, რომელსაც შემდეგ - 7-7%-ით ჯანდაცვის და სასამართლო სისტემის რეფორმების საჭიროება მოსდევს. გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობას, თავდაცვას და საგარეო ურთიეთობებს.
გამოკითხულთა 2% მთავრობისთვის პრიორიტეტულ რეფორმად პენიტენციურ სისტემას ასახელებს, 1% კი გარემოს დაცვას.
როგორც ჩანს, მთავრობა სულ ტყუილად ხარჯავს სოფლის მეურნეობისთვის 4 მილიარდს და ტყუილად ებრძვის უმუშევრობას IRI-ის კვლევების მიხედვით ყველაფერი კარგადაა და ქვეყანაც კარგ გზას ადგას. IRI-ის თუ დავუჯერებთ, მაშინ სამხიარულოდ გვქონია საქმე, არჩევნებიც აღარ დაგვჭირდება ოქტომბერში, პირდაპირ გავუგრძელოთ ამ ხელისუფლებას ნდობის მანდატი და თუ ყველაფერი ისედაც კარგად მიდის ფული დრო და ემოცია რატომ უნდა დავხარჯოთ. შემდეგ მონაცემებს თუ გავეცნობით, ქვეყანაში პრობლემებიც ნაკლებად გვქონია.
IRI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად, გამოკითხულთა 38%-მა ტერიტორიების დაკარგვა დაასახელა, 30%-მა პროცენტმა ტერიტორიების დაკარგვა ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა.
17% 2008 წლის ომს ასახელებს პრობლემად, ხოლო 13% ნომერ პირველ პრობლემად;
უმუშევრობა - 21 %-ს პრობლემად მიაჩნია, 12%-ს კი მთავარ პრობლემად;
რუსეთთან ცუდი ურთიერთობები -7% -ისთვის პრობლემაა, 4% -ისთვის მთავარი პრობლემა;
ჯანდაცვის ხელმიუწვდომელობა - 5% -პრობლემა, 3% - მთავარი პრობლემა;
სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა - 5% - პრობლემა, 2% - მთავარი პრობლემა;
ეკონომიკური კრიზისი - 4% - პრობლემად, 2% - მთავარ პრობლემად;
კომუნალურ გადასახადებზე მზარდი ფასები - 3% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
სოციალური პრობლემები - 2%-პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
ნატო-სთან ინტეგრაციის შენელება - 1%-პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
დაბალი პენსიები - 1 % - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
ხალხის ნდობის დაკარგვა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
შიდა დაპირისპირება - 1% -პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
ცრუ დაპირებები - 1% - პრობლემად, 1%-მთავარ პრობლემად;
პროდუქტებზე ფასების ზრდა - 2% - პრობლემად, 1% -მთავარ პრობლემად;
სიღარიბე - 3% - პრობლემად, 1%-მთავარ პრობლემად;
საგარეო პოლიტიკა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად;
განათლების სისტემის რეფორმა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად.
ასეთი უპრობლემო ცხოვრების მიუხედავად, მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, 6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება.
IRI-ს კვლევების მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% მიიჩნევს, რომ არასწორი გზით ვითარდება, 15%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
მიმდინარე წლის მარტში იმავე კითხვას, დადებითად, 60%-მა უპასუხა. გამოკითხულთა 60% მიიჩნევდა, რომ საქართველოში მოვლენები სწორი გზით ვითარდებოდა, 27% - არასწორად, დანარჩენმა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
გოგი ხუციშვილი: „გააჩნია ამ სწორ მიმართულებაში რა იგულისხმება, თუ დემოკრატიულ განვითარებაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს ციფრი ეჭვებს იწვევს, თუ მაგალითად ეს ეხება საგარეო ორიენტაციებს, მაშინ ნაკლები ეჭვები შეიძლება გაჩნდეს. რა იგულისხმება აქ ქვეყნის შიდა თუ საგარეო მიმართულება?
ვინც ადგენს კითხვარს, მას ალბათ სფეროების მიხედვით აქვს კითხვები დაშლილი, მაგალითად, მოგწონთ თუ არა რომ ევროპისკენ მივდივართ, მოგწონთ თუ არა, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება, რა თქმა უნდა, უპასუხებენ, რომ მოსწონთ, ამავე დროს გკითხავენ კმაყოფილი ხარ თუ არა ადამიანის უფლებათა მდგომარეობით, უარყოფით პასუხსაც მიიღებენ, მაგრამ ჯამში იმ კითხვების რაოდენობა გადააჭარბებს, სადაც დადებითი პასუხია მოსალოდნელი და საბოლოო შეჯამებისასაც ასეთი შედეგი გამოდის, ჯამში თუ დიდი პროცენტი გამოდის, ამას ხელისუფლება თავის მხარდარჭერად მიიჩნევს და ამბობს, აი, ნახეთ, ჩვენი მმართველობით ხალხი კმაყოფილია“.
IRI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევად კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესება დასახელდა.
კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებას მიღწევად გამოკითხულთა 23% ასახელებს, ხოლო 13% - მთავარ მიღწევად.
ენერგოსისტემის მოწესრიგება - 26%-მიღწევად, 11% - მთავარ მიღწევად.
ცენტრალური გზები - 24%-მიღწევად, 11% - მთავარ მიღწევად;
პოლიცია - 16% მიღწევად; 9% - მთავარ მიღწევად;
ინფრასტუქტურის გაუმჯობესება - 22% მიღწევად, 9%- მთავარ მიღწევად.
კორუფციის ნაწილობრივ დამარცხება - 8% - მიღწევად, 4% - მთავარ მიღწევად; ქვეყანაში არის მშვიდობა - 5% მიღწევად, 3% - მთავარ მიღწევად;
სტაბილიზაცია - 4% - მიღწევად, 3% - მთავარ მიღწევად;
ქვეყნის განვითარება - 4% მიღწევად, 3%-მთავარ მიღწევად;
განათლების რეფორმები - 5% - მიღწევად, 2% - მთავარ მიღწევად;
პენსიების გაზრდა - 5% - მიღწევად, 2% - მთავარ მიღწევად;
გლობალიზაცია - 3%-მიღწევად, 2% - მთავარ მიღწევად;
მშენებლობები - 4% - მიღწევად, 2% - მთავარ მიღწევად;
ტურიზმის განვითარება - 6% - მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
ეკონომიკური ზრდა - 2%-მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
საავადმყოფოების მშენებლობა - 2% მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
გაზიფიკაციის პროგრამა - 4% -მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
რეფორმები - 1% - მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
თავდაცვის რეფორმა - 2% - მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად;
დისტანციური განათლება - 1 % - მიღწევად, 1% - მთავარ მიღწევად.
გამოკითხულთა 4% აცხადებს, რომ მთავრობას არანაირი მიღწევა არ ჰქონია.
გოგი ხუციშვილი: „ცალკე აღებული კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება არ მეტყველებს ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლასა და დემოკრატიულობაზე. კადაფისაც არ ჰქონდა ქვეყანაში დანაშაული და ამის გამო ის კარგი მმართველი იყო?
ეს მეტყველებს მიკერძოებულობაზე იმ ჯგუფისა, რომელიც ამ გამოკვლევას IRI-სთვის ახორციელებდა. ისეა კითხვები ჩამოყალიბებული და დაჯამებული, რომ მთავრობისთვის მარტო ქულების ჩაწერას ემსახურება. ამ ადგილობრივ ჯგუფებს უნდა მოვკითხოთ, რა მიმართულებისა და რა ორიენტაციისა არიან თვითონ და ვიდრე ჩვენ ამას გავაკეთებთ, თვითონ IRI დაNDI უნდა ინტერტესდებოდეს ამით“.