საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ უნდა არსებობდეს მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდები, სადაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი ფულიდან ირიცხება 60-60 მილიონი (ეს არის ზღვარი, წელს ფონდებში 50-50 მლნ. ლარი იყო მობილიზებული) ლარი. ეს ფონდები კი იმისთვის არის საჭირო, რომ სტიქიური უბედურებებისას და მსგავს შემთხვევებში ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარების საშუალება ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ეს თანხა წელსაც გამოიყო. მაგრამ პირველივე საჭიროებისას აღმოჩნდა, რომ მაინც საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს.
ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ივლისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში 162, 3 მილიონი ლარი იქნება მობილიზებული.
2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი მიღება რიგგარეშე სესიაზე 25 ივლისისთვის არის დაგეგმილი.
როგორც პარლამენტში ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ამ თანხიდან 82.3 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მილიონი - დონორების დაფინანსება.
ასევე, ახალი პროგრამის - „სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია“ - განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაცის გაცემა და სხვა ღონისძებები იგეგმება.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში კახეთის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამის ასიგნება იზრდება.
ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამა - „კახეთის განვითარების პროექტის“ ასიგნება 110.2 მილიონი ლარია. ამ თანხიდან 30. 2 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მილიონი - მსოფლიო ბანკის შეღავათიანი კრედიტი.
პროგრამის ფარგლებში საგზაო, ურბანული, ტურისტული და წყალ–კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი 2012 წელს დასრულდება. გარდა ამისა, 2.1 მილიონი ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებს გამოეყოფა.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომია გამოიყენება. ეკონომია საერთაშორისო ვალუტებთან ლარის გაცვლითი კურსის დინამიკიდან და სახელმწიფო ვალის კონსერვატიული და სტრატეგიული დაგეგმვიდან და მართვიდან წარმოიქმნა.
„საქართველოს საგარეო ვალის უდიდეს ნაწილზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ვრცელდება. აღნიშნული ვალის მცირე ნაწილის საპროცენტო განაკვეთები ე.წ. მცოცავ განაკვეთებზეა დამოკიდებული. მისი ზღვრული დონე პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ფულად–საკრედიტო პოლიტიკას და წამყვან საერთაშორისო კომერციულ ბანკებს შორის გადასესხების განაკვეთის დონეს. 2012 წლის პირველი 6 თვის შედეგებით, და იმ პროგნოზიდან გამომდინარე, რომელიც 2012 წლის შემდგომი თვეების შესახებ კეთდება, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი დაბალ ნიშნულზე დარჩება“, – ნათქვამია პროექტში.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება მცირდება. პარლამენტში ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება 1, 350.0 ათასი ლარიდან 1.280.0 ათას ლარამდე მცირდება; ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება – 115,759.0 ათასი ლარიდან 110,759.0 ათას ლარამდე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები 108, 463.7 ათასი ლარიდან 79, 097. 4 ათას ლარამდე; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტოს - 125, 100.0 ათასი ლარიდან 124, 900.0 ათას ლარამდე; საგარეო საქმეთა სამინისტროს 91, 000. 0 ათასი ლარიდან 83, 500.0 ათას ლარამდე; შინაგან საქმეთა სამინისტოს დაფინანსება – 585,200.0 ლარიდან 585.050.0 ლარამდე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები 600,880.0 ათასი ლარიდან 600,680.0 ათას ლარამდე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასიგნებებო 36,400.0 ლარიდან 36,300.0 ათას ლარამდე; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები 9, 100.0 ათასი ლარიდან 8, 950.0 ათას ლარამდე მცირდება; გარემოს დაცვის სამინისტროსი 16, 881.0 ათასი ლარიდან 16, 831.0 ათას ლარამდე, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ასიგნებები 59, 209.5 ათასი ლარიდან 59.089.5 ათას ლარამდე.
ამავდროულად, იზრდება შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6 მილიონი ლარით, რაც სამუშაოს მაძიებელთა აღწერას უნდა მოხმარდეს. ასევე, იქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ცალკე მუხლი, სადაც თავს მოიყრის 50 მილიონი ლარი. რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსება კი 348, 106.4 ათასი ლარიდან 354, 106.4 ათას ლარამდე იზრდება.
არავინ დაობს იმაზე, რომ დაზარალებულებს დახმარება სჭირდებათ და უფრო მეტიც, ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკომპენსაციო თანხები არ არის მათი ზარალის ადექვატური.
მაგრამ, ცხადია, როდესაც საქმე სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე დგება, საზოგადოება საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდებს კითხულობს.
სწორედ ამიტომ „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მთავრობისგან სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტში ცვლილებები მაშინ, როცა ასეთი შემთხვევისთვის არსებობს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები, რომლის მოცულობაც 50–50 მილიონ ლარს შეადგენს.
მისი თქმით, თუ ფონდებში ეს თანხები უკვე აღარ არის, მაშინ მთავრობამ მისი გახარჯვის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს.
ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სარეზერვო ფონდები სწორედ ეპიდემიების, მიწისძვრების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის გამო იქმნება.
დეპუტატს გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ შეაწყვეტინა და სთხოვა, არ შესულიყო შინაარსობრივ განხილვაში და კითხვები მისი ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძისთვის დაესვა.
ამავე პრობლემაზე საუბრობს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი.
მან ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ პარლამენტში საგანგებო ბრიფინგიც გამართა და აღნიშნა, რომ სარეზერვო ფონდებიდან ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება საკმაოდ გართულებულია და დეტალურად, არც ერთ ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული. ამიტომ დეპუტატმა ინფორმაციის მიღება პარლამენტში შესული ბიუჯეტის ანგარიშიდან სცადა.
ამ ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პირველ სამ თვეში 38 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 თვეში კი - 2 მილიონ 131 ათასი ლარი. თუმცა რაში დაიხარჯა თანხები, ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია.
რაც შეეხება „საქართველოს რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდს“, აქედან დახარჯული თანხების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. კერძოდ, ფონდიდან მთავრობის კანცელარიას ამ გრიფით 1 მილიონი ლარი გამოეყო.
„ეტყობა ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა ბევრი ფურცლები იყიდა, ქაღალდის თვითმფრინავებს აკეთებდა და უშვებდა. მას რეპი ჰყვარებია, თან რეპავდა და თან თვითმფრინავებს უშვებდა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ამავე ფონდიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმე ტრანში, საერთო ჯამში 4 მილიონი ლარი გამოეყო, საიდანაც ერთ-ერთი ტრანში სოფელ განმუხურში წყლის პარკისა და ატრაქციონის მოწყობაზე დაიხარჯება.
წლის დასაწყისისთანავე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ფონდიდან 337 ათასი ლარი მიიღო პრომეთეს მღვიმეში დეკორატიული განათებისა აკუსტიკური სისტემის მოწყობისთვის, რასაც ცაგარეიშვილი ამ მღვიმეში გამართულ მთავრობსის ხდომას უკავშირებს.
„სახეებზე შევატყვე, რომ მინისტრებს კარგად არ ესმოდათ, კარგი აკუსტიკა არ იყო. აკუსტიკური მოწყობილობები იმიტომ მონტაჟდება, რომ ყველა მინისტრს ნებისმიერ კუნჭულში ესმოდეთ პრეზიდენტის სიტყვა“, – ამბობს ცაგარეიშვილი.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში შადრევანისთვის გამოყოფილ 75 ათას ლარზე და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტის რეკლამისთვის დახარჯულ 76 ათას ლარზე.
„ეს ყველაფერი ცხადჰყოფს, თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს მოსახლეობამ არჩევნებზე. ეს არის არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის“, - განაცხადა დეპუტატმა.
ამ შემთხვევაში კი საინტერესო ის არის, ამაზე ხელისუფლებას რა პასუხი ექნება. მაგრამ, როდესაც საქმე პასუხის გაცემაზე დგება, ხელისუფლებას საუბარი არასოდეს სურს და ახლაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრთან გადაამისამართა. არადა, ამ საკითხებით, წესით, პირველ რიგში, პარლამენტი უნდა ინტერესდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, მთავრობის მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია, მაგრამ ეს საპარლამენტო უმრავლესობას საერთოდ არ აინტერსებს და, როგორც ყოველთვის, ახლაც მთავრობას უსიტყვოდ ემორჩილება.