„ქართული ოცნება“ მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ იმ დეკლარაციას შეუერთდეს, რომელმაც სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი უნდა უზრუნველყოს, თუმცა, გარკვეული პირობების გათვალისიწნებით.
ამის შესახებ განცხადება ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
ფანჯიკიძის განმარტებით, კოალიცია მხარს უჭერს „ეს შენ გეხებას“ ეგიდით, ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მზადყოფნას გამოთქვამს, აიღოს ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება.
„მივიჩნევთ, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი, ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას. მზად ვართ, განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადაო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზების გადაწყვეტის და უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საარჩევნოდ პარტიებისთვის ე.წ. ქცევის კოდექსის შემუშავების იდეა რამდენიმე დღის წინ სახელისუფლებო პარტიამ გააჟღერა და დოკუმენტის საკუთარი ტექსტიც წარმოადგინა, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება. ხელისუფლების ტექსტში ნათქვამია, რომ მასზე ხელმომწერნი უარს ამბობენ „ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში“, „ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე“, „ამომრჩევლის მოსყიდვაზე“, მზად იქნებიან, „აწარმოონ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“, „უარს იტყვიან ამომრჩევლის მოსყიდვაზე“ და იმოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები ვალდებულებას იღებენ, ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგები უპირობოდ აღიარონ და ყველაზე მეტ დავას სწორედ ეს პუნქტი იწვევს.
„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის“ ოთხპუნქტიანი წინადადება მიუღებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ პრაქტიკულად წერია, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სასამართლოს გზით ჩვენი უფლებების დაცვაზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მათ ტექსტში სწერია, რომ მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ცესკოს მიერ დადგენილი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული შედეგები ჩვენ უპირობოდ უნდა ვაღიაროთ მაშინ, როდესაც კონსტიტუცია იძლევა საშუალებას, რომ, თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს შედეგებთან, ეს სათანადოდ სასამართლო გზებით იქნას განხილული,“ – ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და დასძენს, რომ კოალიციის წინადადებაა, „ამ პუნქტში ჩაიწეროს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ყველა დავა განხილული იქნას მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით“.
ხელისუფლების მხრიდან კი ამაზე ჯერჯერობით კომენტარს არავინ აკეთებს და მხოლოდ იმას იმეორებენ, რომ ისინი ყველა პარტიას, ვისაც კი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება სურს, მოუწოდებენ, ამ დეკლარაციას შეურთდნენ.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარ ინიციატივად ასაღებს იმას, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ და, რაც მთავარია, ამ იდეის ისეთი ტრანსფორმირება მოახდინეს, რომ პარტიებს კონსტიტუციურ უფლებასაც კი ულახავს.
როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, ამ დეკლარაციის მიღება თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ და ისინი მუშაობდნენ ტექსტზე, რომელზეც შეთანხმება შემდეგ ყველა ძირითად პარტიას შირის უნდა მომხდარიყო და არა ისე, რომ საბაზისო დოკუმენტი ხელისუფლების მიერ შემუშავებული ტექსტი ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკუთარ ტექსტს დაამატებდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ წინადადებებს, რომელიც 17 პუნქტისგან შედგება. აქ გაწერილია, თუ რისი უფლება შეიძლება ჰქონდეთ პარტიებს და სამთავრობო სტრუქტურებს და აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ მოხდეს ადამიანების ძალადობისკენ და დესტრუქციული ქმედებებისკენ წახალისება. ამასთან, სამთავრობო უწყებებმა იმოქმედონ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება „ეს შენ გეხებას“ ამ წინადადებას იზიარებს და ეს დოკუმენტს მეხუთე პუნქტად დაემატება.
მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიმართა ყველა პარტიას, რომ წინა კვირას გავრცელებულ დეკლარაციასთან ერთად, დათანხმდნენ და მიიღონ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
ცნობილია, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერენ „ქრისტიან-დემოკრატები“, ედპ და „ახალი მემარჯვენები“ და ასევე ის პატარა და დაბალრეიტინგიანი პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ ურთიერთობაში იმყოფებიან.
დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ თანხმობა უკვე „ქართულმა ოცნებამაც“ განაცხადა. მაგრამ გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შეიქმნას. მან მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორში მანამდე იყო დაწყებული მუშაობა.
16 ივლისს კი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმაც განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს არასაკმარისი უწოდეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი 17 პუნქტიანი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს.
სწორედ ამიტომ დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საჭიროა, ტექსტზე პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების აღიარებასთნ დაკავშირებით არსებული ჩანაწერის ისე გასწორებას ითხოვს, რომ პარტიებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ შეელახოთ.