პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ცხელ პერიოდში, მინდა იმ მიმართულებებზე დავფიქრდეთ რა კუთხითაც "ნაცები" არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. პარტიას ფული სჭირდება, ამიტომ უნდა მდგარიყვნენ მათ გვერდით "სარგებლის მომტანი" ადამიანები. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მიადგნენ ისეთ მნიშვნელოვან, თუმცა ალბათ ყველაზე აპოლიტიკურ ნაწილს საზოგადოებისას, ვისაც ბიზნესმენები ჰქვია.
2003 წლის შემდეგ ფაქტობრივად საჭირო გახდა ამ ბიზნესის კეთების უფლება "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებით და პოლიტიკური აქტიურობით მოგეპოვებინა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს არ ისურვა, თუმცა მათ მიმართ სხვა ტიპის სადამსჯელო სამუშაოები გატარდა.
აქედან იწყება ნაჩუქრობის ისტორიების ხანა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ პერიოდში ნაჩუქრობა იმდენად დამკვიდრდა, რომ ჩვეულებრივი მეთოდი გახდა "ნაცების" გამდიდრების. აღარავის უკვირს თუ ადამიანი "კეთილ ნებას გამოიჩენს" და თუნდაც ერთადერთ საკუთრებას ხელისუფლებას ნაჩუქრობით გადასცემს. ნაჩუქრობა ძირითადად კურორტებზე არსებულ მიწებს და სახლებს შეეხო, თუმცა არც თბილისის ბიზნესები დარჩენილან ვალში. სხვადასხვა ტიპის ბიზნესი თბილისში ან ჩუქდებოდა, ან ინგრეოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მაგრამ მოგეხსენებათ იოლად გასათვლელია რომ ყველაზე მომგებიანი საქართველოს კურორტები იქნებოდა. ალბათ სწორედ ამის ბრალია რომ კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი. ქონების მიტოვებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქების ფაქტების შესახებ ხშირად გამოითქმებოდა ეჭვი რომ ჩუქებისა და მიტოვების წინაპირობას მოქალაქეთა იძულება წარმოადგენდა. პირები, რომლებმაც ქონება სახელმწიფოს აჩუქეს ან მიატოვეს, როგორც წესი, მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ და არც სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავენ. მასობრივი ჩუქების ფაქტები როგორც დროში, ისე ტერიტორიულადაც ემთხვევა ერთმანეთს, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააჩუქა ან მიატოვა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ. უმრავლესობა ფიზიკური პირია, რომელსაც, გარდა სახელმწიფოსთვის გაჩუქებულ-მიტოვებული ქონებისა, სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია. 2010 წლის 13-დან 23 დეკემბერის ჩათვლით საირმეში სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქების ოცი და უძრავი ქონების მიტოვების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, იძულებით დათმეს მესაკუთრეებმა საირმის მიწების უმრავლესობა შპს "საირმის განვითარების კომპანიიის" სასარგებლოდ. იმ დროისთვის კომპანიის 100% ის მფლობელი სახელმწიფო იყო. გაჩუქებული მიწები სახელმწიფომ "შპს კურორტ საირმეს" დაურეგისტრირა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე ბიზნესმენი თემურ კოხოძეა.
ამაში ახალი, განსაკუთრებული და უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კოხოძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
საირმის მიწები საირმელებს, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტარმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ კოხოძემ წაართვა. ამ ბრალდებას კოხოძის მისამართით საირმელებისგან ხშირად გაიგებდით. "საირმეს" თავისი პატრონი ბუნებრივია კოხოძემდეც ჰყავდა, თუმცა როგორც კიდევ ერთ, ხელისუფლებისთვის მიუღებელ ბიზნესმენს ქონებაზე "უარის თქმა" მოუხდა.
თემურ კოხოძე საირმის განვითარება აღმშენებლობის გარდა კიდევ ერთი სერიოზული ბიზნესითაა დაკავებული. მაჟორიტარი დეპუტატი "თეგეტა მოტორსის" დამფუძნებელი და დირექტორია.
შპს "თეგეტა მოტორსმა" 2010 წლის აპრილში, მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2010 წლის მაისში ნაციონალებს ასევე 100 000 ლარი გადაურიცხა და 2010 წლის ივნისში კი, შპს "თეგეტა მოტორსი ქუთაისმაც" მმართველი პარტიის ანგარიშზე 100 000 ლარი ჩარიცხა.
თემურ კოხოძეს მზრუნველობა დაუფასდა კომპანიიდან გაღებული 300 000 ლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,
რომ კურორტი "საირმე" დეპუტატის მიერ ახლადდაარსებულ კომპანიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემოდა.
ასე აღმოჩნდა "საირმის" 100%-იანი წილი "საირმის განვითარების კომპანიის" ხელში. ალბათ "ნაციონალებმა" ერის წინაშე დიდ დამსახურებად მიიჩნიეს პარტიული ბიუჯეტის გამდიდრება და მადლიერებაც გამოხატეს ერთგული ბიზნესმენის მიმართ.
ამბობენ კოხოძისგან განსხვავებით საარჩევნო ყულაბის "ნაციონალებისთვის" შევსება მიუღებელი აღმოჩნდა კოხოძის ბიზნესპარტნიორის ზაურ ცხადაძისთვის, რომელიც ხელისუფლებამ მალევე დააკავა.
"პოლიტიკური ბიზნესი" და ქონების აღებ-მიცემობა მოქმედი ხელისუფლების ხელში მეტად პოპულარული გახდა, კოხოძემდე საქართველოს ხელისუფლებამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, წყნეთის აგარაკი პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს გადასცა. თუმცა მას შემდეგ რაც ბურჯანაძე გაოპოზიციონერდა, შესაბამისად აგარაკი დავის საგანიც გახდა და საბოლოოდ მას ჩამოერთვა კიდეც.
კიდევ უფრო საინტერესო ფაქტი მოხდა აჭარაში.
2011 წლის დეკემბერში, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში მდებარე 1556 კვ/მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აჩუქა.
ხელი ხელს ბანსო ნათქვამია და სანამ ბიზნესი თუნდაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არჩენს მმართველ პარტიას, მათ ქონებასაც საფრთხე არ დაემუქრება. ერთგულების დასამტკიცებლად ასპარეზი ქართველ ბიზნესმენებს დიდი აქვთ, წინ საპარლამენტო არჩევნებია.