ადგილობრივი პროდუქტი “სტიქიურად” გაძვირდა

ადგილობრივი პროდუქტი “სტიქიურად” გაძვირდა

ატამი დახლებიდან თითქმის გაქრა, სხვა სახის ხილი 20-40 თეთრით გაძვირდა, ბოსტნეული 10-20 თეთრით - ეს არის კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოვარდნილი სტიქიის კიდევ ერთი შედეგი.

კახეთში სტიქიის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 20ათასამდე ჰექტარი დაისეტყვა. გრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავალი 30-მდე სოფელში განადგურდა. გურჯაანის სოფლებში - ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძეანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. ასევე მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუნადგურდა მოსავალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძასა და ვალეში. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში - გიორგიწმინდა, მუგარეთი, ტატანისი და ფერფა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრებ ზირა სეფიაშვილს ძლიერი სეტყვის შედეგად საზამთროს ბაღი სამ ჰექტარზე გაუნადგურდა. 300 ტონამდე საზამთრო დახეთქილია და ლპება.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ კილოგრამ ატამს ადგილზე 10 თეთრად ყიდდა.

„კახეთში მომხდარმა ქარიშხალმა და სეტყვამ ატმის ბაღები სხვა ბოსტნეულთან ერთად სულ გაანადგურა. ადრე თუ ვიხვეწებოდით, ახლა ხეზე სეტყვამ არც ატამი და არც ფოთოლი აღარ დატოვა“.

გიორგი ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ კახეთში მომხდარი სტიქია ბაზარზე, ატმის გარდა,  სხვა ხილის გაძვირებასაც გამოიწვევს:

„ვყიდდით ტყემალს, ვაშლს, სიმინდს, ლეღვს, პომიდორს. არაფერი აღარ შეგვრჩა“.

„ჯერ ერთი საზამთროც კი არ მომიწყვეტია, ისე გამინადგურა სეტყვამ მოსავალი. რამდენიმე თვეა უკვე ქოხში ვცხოვრობ, რომ ბაღისთვის არაფერი დამეკლო. სულ გაფუჭდა ყველაფერი, საზამთრო აღარ ვარგა. საზამთროსთან ერთად ნესვი, პომიდორი და სიმინდიც გვქონდა. ყველაფერი განადგურებულია“, - საუბრობს ზურა სეფიაშვილი.

გურჯაანში ვენახი 100%-ით გაუნადგურდა ვასო ლათიბაშვილსაც.

„1,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი მთლიანად განადგურებულია. ვაზი წაქცეულია, მტევნები სულ ძირს ყრია. არადა წელს კარგ მოსავალს ველოდებოდი, ახლა კი ერთ მტევანსაც კი ვეღარ მოვწყვეტ. ასეთ მდგომარეობაშია თითქმის მთელი რაიონი“, - ამბობს ვასო ლათიბაშვილი.

ექსპერტები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ადგილობრივი პროდუქცია უახლოეს მომავალში გაძვირდებოდა. სტიქიამ პროცესი ელვის სისწრაფით დააჩქარა. ხილ-ბოსტნეული თბილისის ბაზრებში უკვე გაძვირებულია. ხილი დაახლოებით 20-30 თეთრით, ბაღჩეული კი - 10-20 თეთრით. ატამი უკვე დეფიციტურია, ხოლო ვაშლატამა - სანთლით საძებარი.

ფასების ზრდაზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის ექსპერტები. პაატა კოღუაშვილის თქმით, პროდუქტები უკვე გაძვირდა, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და მათი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ცუდი მდგომარეობაა ბაღჩეულის - საზამთროს, ნესვის, ასევე ბოსტნეულის შემთხვევაში, მათი ფასი უკვე გაიზარდა. გარდა ამისა, ახლა ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა და სხვა პროდუქტები უნდა შემოსულიყო. თუმცა, ამხელა ზარალი მნიშვნელოვნად იმოქმედებს და აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს. ასევე გაძვირდება პომიდორი, რადგან დუშეთის რაიონის ბარის ზონაში არაგვისპირსა და ბულაჩაურში ძალიან ბევრი მოსავალი განადგურდა“.

ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაზი ძალიან დიდ ტერიტორიაზე განადგურდა, სასურსათო მოხმარებითვის განკუთვნილი ყურძნის ფასი 1 ლარზე მეტად არ გაიზრდება.

„ყურძნის გაძვირება ის შემთხვევაა, რომელშიც პრობლემას ვერ ვხედავ. მითუმეტეს, სასურსათო მოხმარებითვის განკუთვნილი ყურძნის ფასი არ მგონია, რომ 1 ლარზე მეტი გახდეს“, - განაცხადა ექსპერტმა.

კახეთი დღეს არის მნიშვნელოვანი კუთხე სხვადასხვა პროდუქციის წარმოების კუთხით, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით. მთელი ქართული ბაზარი უჭირავს კახურ ატამს, ბადრიჯანს, ყურძენს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაისეტყვა ხორბლის წარმოების ზონა. რადგან თუ სეტყვა  მარცვლეულს ჩააწვენდა, მისი აღება კომბაინით შეუძლებელი იქნებოდა და სერიოზულ დანაკარგს ვნახავდით“, - აღნიშნა კოღუაშვილმა.