როგორ ვაიძულოთ ფარმაცევტები გააიაფონ წამლები

როგორ ვაიძულოთ ფარმაცევტები გააიაფონ წამლები

ნობელის პრემიის ლაურეატი, განთქმული ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი ისეთ საჭირბოროტო თემას შეეხო, როგორიც მადიკამენტების სიძვირეა. იგი გვიზიარებს თავის მოსაზრებას, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა წამლები გააიაფონ.

ყოველწლიურად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი წამლების უქონლობის გამო იღუპება. ხშირ შემთხვევაში მადიკამენტების წარმოება მასიურად და იაფადაა შესაძლებელი, მაგრამ ისინი ისეთ ფასად იყიდება, რომ უმრავლესობისათვის მიუწვდომელი ხდება.

ამგვარი სიტუაცია ეკონომიკისა და სამართლის სრული კრახია, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა კი არსებობს, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოინდომებს. კერძოდ, შესაცვლელია ინტელექტუალური საკუთრების არსებული რეჟიმი, რომელიც ხელს უშლის განვითარებას და იაფი წამლების გამოშვებას.

დღეს წამლები გაცილებით ძვირად იყიდება, ვიდრე მათი წარმოება ჯდება, რადგან მათი გამოშვება ორიენტირებულია მაქსიმალურ მოგებაზე და არა სოციალურ კეთილდღეობაზე. ამას კი ის მოჰყვება, რომ რადგან ღარიბებს დასახარჯი ფული არ აქვთ, ფარმაცევტული კომპანიები დაინტერესებული არ არიან გამოიკვლიონ ის დაავადებები, რომლებითაც უმეტესწილად უპოვარნი იტანჯებიან.

ფარმაცევტული კომპანიები ირწმუნებიან, რომ მაღალი ფასები აუცილებელია კვლევებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დასაფინანსებლად. მაგრამ, სინამდვილეში, ამერიკაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო კვლევების უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს. არსებობს დაფინანსების ორი გზა: პირდაპირი, ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან გაღებული თანხებით და ირიბად, სახელმწიფოს მიერ პრეპარატების დიდი ოდენობით შესყიდვის გზით. სახელმწიფო ასე იმიტომ იქცევა, რომ მედიკამენტების გაუმჯობესება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მომტანი გახლავთ.

მიუხედავად ამისა, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში პრეპარატები საოცრად ძვირი ღირს და ცოდნის გავრცელება ძლიერ შეზღუდულია. ასე იმიტომ ხდება, რომ არსებობს საპატენტო სისტემა, რომელიც ნოვატორებს დროებით მონოპოლიას ანიჭებს მათ მიერ მიკვლეულ სიახლეებზე. ამგვარად, ისინი თავიანთ ცოდნას კონკურენტებისაგან გულმოდგინედ მალავენ და დიდძალ მოგებას იჯიბავენ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს სისტემა სხვადასხვაგვარი ინოვაციების მიკვლევისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რადგან ინოვაციებს მნიშვნელოვნად მომგებიანს ხდის. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ხშირად მომგებიანია ე.წ. “ანალოგიური” პრეპარატების გამოკვლევა და არა საიხლის დანერგვა, რომელიც ჯანდაცვის განვითარების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია.

მაღალი ფასების და კვლევების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია არსებული მოდელის ჩანაცვლებით და მის ნაცვლად სახელმწიფოს მიერ საპრიზო ფონდის სისტემის შექმნით. საპრიზო მოდელის შექმნის შემდეგ ნოვატორები დაჯილდოვდებიან ახალი ცოდნისათვის, მაგრამ მასზე მონოპოლიას ვერ შეინარჩუნებენ. ამგვარად, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და, შესაბამისად, დაბალი ფასები გამეფდება და, როგორც კი პრეპარატი შეიქმნება იგი ხელმისაწვდომი იქნება შესაძლო დაბალი ღირებულებით.

სხვათა შორის, არაერთი ქვეყნის კანონმდებელი იზიარებს ამ მოსაზრებას. სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატზე კი ამგვარი კანონი უკვე მოქმედებს. მაგალითად, აშშ-ში კარგა ხნის წინ მიიღეს კანონპროექტი შიდსთან ბრძოლის საპრიზო ფონდის შექმნის შესახებ.

მაგრამ ფართო, მსოფლიო მასშტაბით ეს ინოვაციური სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწი და გასავრცელებელია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიმდინარე წლის გამოაქვეყნა მოხსენება “კვლევები განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მოთხოვნილების უზრუნველყოფის შესახებ”. იგი კომპლექსურ მიდგომას გვთავაზობს, მათ შორის, ყველა სახელმწიფოსათვის კვლევების დასაფინანსებლად სავალდებულო თანხების გაღების დაწესებას, სამედიცინო პრიორიტეტების კოორდინირებას და მონიტორინგის გლობალური ორგანოს შექმნას, რომელიც გააკონტროლებს, თუ სად იქნება მოთხოვნილება განსაკუთრებით მწვავე.

ამ ინოვაციური სისტემის დანერგვა არა მარტო ეკონომიკის, არამედ, ხშირად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დაირღვეს კავშირი კვლევების სტიმულირებასა და პრეპარატებზე ფასებს შორის და გახდეს ცოდნა საყოველთაო. ამგვარად ჩვენ ნამდვილად ვაიძულებთ ფარმაცევტულ კომპანიებს შეამცირონ წამლების ფასები.