მიხეილ სააკაშვილს არაერთი საწარმოს გახსნაში მიუღია მონაწილეობა. პრეზიდენტი ხშირად ამაყობს იმით, რომ საქართველოში ახალი ქარხნები და ფაბრიკები იხსნება, საზოგადოების ნაწილს კი ეს მხოლოდ პიარ-აქციები ჰგონია და ბევრი ამაზე ხუმრობს კიდეც. მაგრამ ხელისუფლება ირწმუნება, რომ, თუნდაც სამკერვალო სფეროში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საინტერესოა, როგორ ფუნქციონირებს ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები საქართველოში.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას, ქართულენოვან სოციალურ ქსლებში გავრცელდა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურის ფოტო. ფოტოზე ”პუმის” ბრენდის ლოგოტიპის ქვევით ამოტვიფრული იყო წარწერა ”დამზადებულია საქართველოში”. ბევრს ეს ფოტომონტაჟი ეგონა, ბევრი კი ამტკიცებდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურები საქართველოში დამზადდა.
ფაქტი, რომ ტანსაცმლის დიზაინითა და წარმოებით მსოფლიოში სახელგანთქმული იტალია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესამოსად საქართველოში დამზადებულ მაისურებს იყენებს, ერთი შეხედვით მართლაც დაუჯერებლად გამოიყურება. ეს თუნდაც იმითაა დაუჯერებელი, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე საქართველო იმდენად უხარისხო პროდუქციას აწარმოებდა, რომ მას, არათუ იტალიელები, ქართველებიც არ იყენებდნენ. ეს რომ ასე აღარ არის, ბათუმის მახლობელ დაბა ხელვაჩაურის სავაჭრო ცენტრში მიხვდებით, სადაც იაფად იყიდება იქვე, ხელვაჩაურის ფაბრიკაში, შეკერილი მსოფლიო ბრენდების ტანისამოსი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის თამაზ შავაძის განცხადებით, აჭარაში, სულ, ხუთი მსხვილი ფაბრიკა ფუნქციონირებს:
” ’პუმა’, ’ლოტო’, ’ზარა’, ’მარკ სპენსერი’, ’კოტონი’ და ასე შემდეგ. როდესაც ესენი ენდობიან ჩვენს საწარმოებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. წელიწადში ორჯერ გზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც საწარმოო პროცესს აკვირდებიან...”
უცხოელი კონტრაქტორები, ქართული საწარმოების პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის გარდა, დიდ ყურადღებას აქცევენ დასაქმებული მუშახელის სამუშაო ადგილების კომფორტს, უსაფრთხოებას, დაზღვევას და სხვა სტანდარტებს. მთავარი, რაც მსოფლიო ბრენდებს საქართველოში იზიდავს, პროდუქციის დაბალი თვითღირებულება, დაბალი გადასახადები და მარტივი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამას ემატება ევროკავშირთან ”ჯი-ეს-პი პლუსის” სისტემა. თამაზ შავაძის განცხადებით, ამ სისტემის გამო თურქი ბიზნესმენებიც კი პროდუქციის საქართველოში წარმოებას ამჯობინებენ:
”თურქეთს აქვს ევროკავშირის კვოტა, რათა ტექსტილის პროდუქცია საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანოს. ეს კვოტა უკვე მაისის თვეში ივსება და მას შემდეგ შეკერილი ტანსაცმელი ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადებით შედის. საქართველოს ეს კვოტა თავისუფალი აქვს და ამით სარგებლობენ. ბევრი ეძებს ბაზარს დსთ-ის ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს და ეს მომგებიანია.”
ამ და სხვა უპირატესობების გამო იმედოვნებენ, რომ ახალი დიდი ფაბრიკების გახსნასთან ერთად წვრილი საოჯახო სამკერვალოებიც მომრავლდება და ქსოვილების წარმოებასაც ჩაეყრება საფუძველი.
აჭარის გარდა სამკერვალო ფაბრიკები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებს, მათ შორისაა ქუთაისიც.
სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო. ”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:
”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა... ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს - ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს... - თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული... -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ... რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”
ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს ”იმერის” ფაბრიკასთან. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვებაც დაიწყო. შარშან ასეთი პროდუქციის მოცულობამ 300 ათასი ლარი შეადგინა, წელს კი 100 ათასით მეტის დამზადებას გეგმავენ.
თანამედროვე მოდელების, უცხოური მასალებისა და ხარისხიანი კერვის შედეგად, ”იმერის” პროდუქციამ, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ფაბრიკების ნაწარმმა, თანდათან მოიპოვა ქართველი მომხმარებლის ნდობა. ამაში თავადაც დავრწმუნდი, როდესაც, თბილისიდან ჩასულმა რამდენიმე ჟურნალისტმა ფაბრიკის მაღაზიაში სხვა პროდუქციასთან ერთად ზამთრის სეზონის ტანისამოსიც შეიძინა.
სამკერვალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში პრესტიჟული ბრენდების ლოგოს გასწვრივ წარწერა ”დამზადებულია საქართველოში” აღარავის გაუკვირდება.