საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე და მომავალ წელს მსოფლიოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. კერძოდ, ფონდის ანალიტიკოსთა ვარაუდით, 2012 წელს მსოფლიოს ეკონომიკა მხოლოდ 3,5 პროცენტით, მომავალ, 2013 წელს კი 3,9 პროცენტით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით ისინი მსოფლიო ეკონომიკას წელს 3,6 პროცენტიან, გაისად კი 4,1 პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსთა გამოთვლების თანახმად, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები წელს 1,4 პროცენტით, გაისად კი 1,9 პროცენტით გაიზრდება. ეს ციფრები აპრილის პროგნოზებს 0,2 პროცენტით ჩამოუვარდება. 0,1 პროცენტით შემცირდა აშშ-ს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და მიმდინარე და მომავალი წლისათვის იგი, შესაბამისად, 2 და 2,3 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება ევროს ზონას, წელს მას ექსპერტები რეცესიას, კერძოდ კი 0,3 პროცენტიან კლებას უწინასწარმატყველებენ. ხოლო მომავალ, 2013 წელს ევროს ზონის ეკონომიკისაგან ეკონომისტები 0,7 პროცენტიან ზრდას ელიან. არადა, ადრინდელი პროგნოზი 0,9 პროცენტი იყო.
სამაგიეროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსთა აზრით, წელს 2,4 პროცენტით, გაისად კი 1,5 პროცენტით გაიზრდება იაპონიის ეკონომიკა. ერთობ ხანგრძლივი რეცესიის შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის შიდა პროდუქტის მოცულობას, იგი 2012 წელს 0,2 პროცენტით, ხოლო 2013 წელს 1,4 პროცენტით გაიზრდება.
რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსთა აზრით, მათი ეკონომიკები წელს 5,6 პროცენტით, გაისად კი 5,9 პროცენტით გაიზრდება. ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 0,1 და 0,2 პროცენტით მცირეა, ვიდრე წლევანდელ აპრილს გამოქვეყნებული პროგნოზები.
საერთოდ, მნიშვნელოვნად მოიკლო ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის, ქვეყნების, რომლებიც მსოფლიოს ეკონომიკის ლოკომოტივად ითვლება, ეკონომიკების ზრდის პროგნოზმა. ამას ხელი შეუწყო ინვესტორთა ზოგადმა განწყობამ. მსოფლიოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული ინვესტორები ცდილობენ თავი აარიდონ შესაძლო რისკებს და ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო ნაკლებ თანხებს აბანდებენ. ეს კი განვითარებადი ეკონომიკების ზრდას ხელს მნიშვნელოვნად უშლის.
გარდა ამისა, როგორც წესი, განვითარებადი ეკონომიკები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ექსპორტზე. მაგრამ, მსოფლიოს ეკონომიკაში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე, რასაც თან ახლავს მოთხოვნილების ზოგადი კლება, ექსპორტზე შემოსავლის მნიშვნელოვნად დამოკიდებულება ვერ ამართლებს.
განსაკუთრებული თემა, როგორც წესი, ჩინეთის ეკონომიკა გახლავთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ჩინეთის შიდა პროდუქტი 8,2 პროცენტით, გაისად კი 9,1 პროცენტით გაიზრდება. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლი უკვე ზედიზედ მეექვსე კვარტალია მცირდება, რასაც ხელს აშშ-სა და ევროს ზონაში გაჭიანურებული კრიზისი უწყობს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია ეკონომიკის მასტიმულირებელი არაერთი ზომა გამოიყენოს და შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი კვლავ გაზარდოს. მაგრამ ჩინეთის მთავრობა ჯერჯერობით ამისგან თავს იკავებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საერთო ფონზე ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მაინც ნორმალურია და არ ღელავს, რასაც ვერ ვიტყვით ნედლეულის და ენერგომატარებლების მწარმოებელ ქვეყნებზე, რადგან მათი უმსხვილესი მომხმარებელი სწორედ ჩინეთია და მისი ეკონომიკის ზრდის შენელება სწორედ აღნიშნულ ქვეყნებს დააზარალებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ყურადღების გარეშე არ დატოვა მსოფლიო ვაჭრობაც. ფონდის ექსპერტთა აზრით, წელს ვაჭრობა 3,8 პროცენტით, გაისად კი 5,1 პროცენტით გაიზრდება. სავარაუდოდ, 2012 წელს ნავთობის ფასი 2,1 პროცენტით, 2013 წელს კი 7,5 პროცენტით შემცირდება. რაც შეეხება ინფლაციას, იგი შემცირდება და განვითარებულ ქვეყნებში წელს 2 პროცენტი, გაისად კი 1,6 პროცენტი იქნება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, შესაბამისად, 6,3 და 5,6 პროცენტი. გამოდის, ერთადერთი დამაიმედებელი პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ინფლაციასთან დაკავშირებით გააკეთა.