არაბულ სამყაროს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება

არაბულ სამყაროს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება

ისლამისტებსა და სამხედროებს შორის ეგვიპტეში მუდმივად მიმდინარე დაპირისპირება ცხადყოფს, რამდენად სათუთია დემოკრატია არაბულ სამყაროში. როგორც ჩანს, პოლიტიკური არასტაბილურობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, რაც, ცხადია, ეკონომიკურ ვითარებაზე მძიმედ აისახება. თანაც, შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისი იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ დემოკრატია საბოლოოდ დაასამაროს.

ეს კარგად ესმით ახალ არაბ ლიდერებს, დაწყებული ისლამისტებიდან, ძველი რეჟიმის ხელახლა დანიშნული ჩინოვნიკებით დამთავრებული. ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ებრძოლონ უმუშევრობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უშედეგოდ. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკები არაბულმა გაზაფხულმა ძალიან სერიოზულად დააზარალა და შველა რთული საქმეა.

ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ტუნისი და ეგვიპტე, სადაც დემოკრატიაზე გადასვლა საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა, პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკის წინსვლას ხელს ძალიან უშლის. პირველად 1986 წლის შემდეგ შარშან ტუნისის ეკონომიკა 1,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო უმუშევრობამ 18 პროცენტს მიაღწია, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

ეგვიპტის ეკონომიკა კი 2011 წელს 0,8 პროცენტით შემცირდა და სამუშაო მილიონზე მეტმა ეგვიპტელმა დაკარგა. ძლიერ მოიკლო ქვეყანაში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. კერძოდ, თუ 2010 წელს ეგვიპტის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების სახით 6,4 მილიარდი დოლარი ჩაიდო, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა სულ რაღაც ძლიერ მიზერული 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

თავისთავად ცხადია, ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების ეს კრებული უარყოფით გავლენას ახდენს ამ ქვეყნების საგადასახადო ბალანსზე. კერძოდ, ეგვიპტის ბიუჯეტის დეფიციტმა 10 პროცენტს მიაღწია, სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 15 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ეს ფული მომავალი სამი თვის განმავლობაში ქვეყნის მიერ განხორციელებული იმპორტის დანახარჯების დაფარვასაც არ ეყოფა. ტუნისში კი 2011 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 6 პროცენტი შეადგინა, არადა, ეს მაჩვენებელი 2010 წელს მხოლოდ 2,6 პროცენტი იყო.

ადამიანების ფართო მასებს ალალად სჯეროდათ, რომ პოლიტიკური ცვლილებები მათ ცხოვრებას გააუმჯობესებდა. ამ დროს კი სრულიად საწინააღმდეგო მოხდა: ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და ადამიანებიც სულ უფრო ღატაკდებიან.

ცხადია, ახალი პოლიტიკური მოღვაწეები გულხელდაკრეფილი არ სხედან და სხვადასხვაგვარი ეკონომიკური პროგრამების შემუშავებას ცდილობენ. მაგრამ ჯერჯერობით რეალური ეფექტი არ ჩანს. ისინი ცდილობენ მოიპოვონ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ხელი შეუწყონ უცხოური კაპიტალის მოდინებას, კერძო სექტორის განვითარებას, ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის ზრდას. სახელმწიფო პროგრამები მიმართულია სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ.

თავის დროზე ისლამისტები ეკონომიკურ დახმარებას ლამის ინტერვენციად აღიქვამდნენ, ახლა კი არაბი ლიდერები დასავლეთთან პარტნიორობის მიმართ ძალიან ლოიალურად არიან განწყობილი. მათი ეკონომიკური სიდუხჭირე ნორმალური დიალოგის წამოსაწყებად უპრეცედენტო საშუალებას იძლევა. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა უბედურებაში ჩავარდნილი საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა.

ეკონომისტთა აზრით, არაბულ სამყაროს პირველ რიგში ესაჭიროება საზოგადოებრივ პროექტებში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება, რომ უმუშევრობასთან ბრძოლა წარმატებით განხორციელდეს. გარდა ამისა, თანდათანობით დასაწყებია სახელმწიფო ვალების გასტუმრება და ბოლოს, არაბულ მთავრობებთან ერთად უნდა დაიწყოს მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება მოკლე დროში სამუშაო ადგილების შექმნა და ფინანსური დისბალანსის თავიდან აცილება. თავისთავად ცხადია, დასავლეთი არაბულ სამყაროსთან პარტნიორობით დიდ ხეირს ნახავს.