ბიუჯეტი - არჩევნებისთვის და არჩევნები - ხელისუფლებისთვის, რომელსაც მოგელაძე ვერ ამჩნევს

ბიუჯეტი - არჩევნებისთვის და არჩევნები - ხელისუფლებისთვის, რომელსაც მოგელაძე ვერ ამჩნევს

მართალია, ყოველ არჩენვებზე ერთი და იგივე მეორდება - ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს წინსაარჩევნო კამპანიისთვის მიმართავს, მაგრამ ამჯერად ძალიან ზედმეტი მოსდით. მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი არჩენების დღეს „5“-ანის შემოსახაზვისაკენ არის მიმართული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით:  „სახელმწიფო სახსრების სარჩევნო მიზნით ხარჯვა“. კვლევაში აღნიშნულია, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია - სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმებისა და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების შესრულებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ არც 2012 წელია გამონაკლისი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ბოლო ხანებში ხშირად ისმის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს იყენებს. ამ საკითხის შესწავლაც სწორედ ამიტომ გადაწყდა.

„სახელმწიფო ბიუჯეტი ნაკლებად არის გაწერილი. ამიტომაც დიდია იმის რისკი, რომ ის მმართველმა პარტიამ სათავისოდ გამოიყენოს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ანგარიშის ავტორთა მოსაზრებით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზმა სისტემური ხარვეზებიც გამოავლინა, რაც სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას უწყობს ხელს. კერძოდ, ბიუჯეტი საკმარისად დეტალიზებული არ არის, რის გამოც ხანდახან გაუგებარია თუ როგორ იხარჯება გარკვეული თანხა. ეს განსაკუთრებით სარეზერვო ფონდების ხარჯვას ეხება.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ხატისკაცმა განაცხადა, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები 50-50 მილიონი ლარის ოდენობისაა. თუმცა, ეს 50-მილიონიანი ლიმიტი წლის პირველ ექვს თვეში არის ხოლმე დახარჯული, შემდეგ კი ის თავიდან ივსება.

„ეჭვი გვაქვს, რომ სარეზერვო ფონდის მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ორ პროცენტსაც აჭარბებს, რაც კანონით არის დადგენილი“, - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის მუხლებს შორის გადანაწილების ზღვარი 5-დან 100 პროცენტამდე გაიზარდა. ამან კი სახელმწიფო ორგანიზაციებს საშუალება მისცა თავიანთი საბიუჯეტო პროგრამების მუხლებს შორის პარლამენტის თანხმობის გარეშე თანხა შეუზღუდავად გადაანაწილონ.

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზმა გამოავლინა სისტემური ხარვეზებიც, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას. კერძოდ, ბიუჯეტი არ არის საკმარისად დეტალიზებული, რის გამოც ხანდახან გაუგებარია, როგორ იხარჯება გარკვეული თანხები, ეს კი განსაკუთრებით სარეზერვო ფონდების ხარჯვას ეხება“, - განაცხადა ხატისკაცმა. 

კვლევამ საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევებიც გამოავლინა, მათ შორის სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 25 ათასი სტუდენტი წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციებში დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს.

„საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტულ შემთხვევებს წარმოადგენს პროფესიული განათლების 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, ხანდაზმულობის პენსიის 25-პროცენტიანი ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100 პროცენტზე მეტით გაფართოება, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსების უპრეცედენტო - 309-პროცენტიანი ზრდა მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი „ლიდერი 2012“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ.  გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროგრამა 80 ათას სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობების და „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხორციელდება“, - აღნიშნა ხატისკაცმა. 

ამ ინიციატივების უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იწყება. ეს კი დიდი ალბათობით წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნით გამოყენებას უკავშირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და ასევე ურჩევს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს საბიუჯეტო სახსრების ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებისგან, რომლებიც საარჩევნო მოტივირებულად აღიქმება.

„მიგვაჩნია, რომ რეალურ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნით ხარჯვას“, - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

უწყებათაშორისი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში დაფიქსირებულ ფაქტებს შეისწავლის.  როგორც ჟურნალისტებს კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა განუცხადა, კომისიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა არასამთავრობო სექტორის ნებისმიერი ანგარიში, თუმცა თამარ კინწურაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დღევანდელ ანგარიშში არსებულ გარკვეულ უზუსტობებზეც საუბრობს. 

მისი აზრით, ეს ეხება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლების 1000-ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსებას, რაც კინწურაშვილის განმარტებით, სისტემური რეფორმის ნაწილს წარმოადგენს.

„საგანმანათლებლო სისტემის ვაუჩერებზე გადასვლა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ყოველწლიურად ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა სასწავლებლებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამების ზრდა განპირობებულია არა ბიუჯეტში გარკვეული თანხების ალოკაციით, არამედ თავად ბიუჯეტის ზრდით 229 მილიონით. აქედან გამომდინარე, ეს საარჩევნო მიზნად ვერ ჩაითვლება“, -  აღნიშნა კინწურაშვილმა „ინტრპრესნიუსითან“ საუბრისას.

იგი მზადაა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ შეისწავლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და ასევე მასთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ორგანიზაციას მიაწოდოს.