ფოთის პორტს ერთი ერთმანეთზე „გამოცდილი“ ინვესტორები ეშურებიან. არაბების შემდეგ საქართველოს საზღვაო კარიბჭე, შესაძლოა, ინდოლებმა ან ჩინელებმა გააკონტროლონ. ჩინურ-ინდური სურვილები საქართვალოში ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გაახმაურა, მას შემდეგ, რაც არაბულმა „რაკიამ“ 2011 წელს ფოთის პორტის შესაძლო გაყიდვის თაობაზე საკუთარი გეგმები საჯარო გახადა.
მდგრადი მინისტრი ამტკიცებს, რომ ფოთის პორტი „რაკიასთვის“ მომგებიანი იყო. „რაკიას“ აქვს უფლება გაყიდოს თავისი აქციები. კომპანიიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნეს, რომ ფოთის პორტი იყო ძალიან მომგებიანი და მიიღეს დიდი შემოსავალი პორტიდან“, - განაცხადა ქობალია.
მისივე თქმით, ფოთის პორტში შემოსვლით დაინტერესებულები არიან ჩინური და ინდური კომპანიები. „რაკია“ კიდევ უფრო დიდი შემოსავალას ნახავს ამ ტრანზაქციიდან“, - აღნიშნა ქობალიამ.
არაბული კომპანია „რაკია“ ფოთის პორტიდან გასვლას 2011 წელს გეგმავს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჰაატერ მასადიმ განაცხადა, კომპანია პორტის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანას გეგმავს. აღნიშნულის მიზეზად, ინვესტორი პორტის არასტრატეგიულობას ასახელებს.
„ჩვენ ვაპირებთ პორტიდან გასვლას 2011 წელს. როცა შეიძლება რამეს გაყიდვიდან ფულის შოვნა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?“, - აცხადებს მასადი.
არაბულ „რაკიინ ინვესტმენტს“ ფოთის პორტის 51%-იანი წილი 49-წლიანი მართვის უფლებით, 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანიამ აქციათა 49%-იც შეისყიდა. „რაკიას“ ფოთის პორტი გარკვეული ვალდებულებებით გადაეცა. მათ შორის, ერთ-ერთი ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მოწყობას ითვალისწინებდა, რომელიც აქამდე არ გახსნილა და დიდი ალბათობით არც გაიხსნება.
„რაკია“ საქართველოში 3 პროექტში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა. მასადი ამტკიცებს, რომ პორტის გაყიდვა დრამატულ ცვლილებებს „რაკიას“ პორტფელში არ მოახდენს, რადგან პორტში ჩადებული ინვესტიცია დიდი არ არის.
არაბული „რაკიას“ ქართულ წარმომადგენლობაში „რაკ ჯორჯია ჰოლდინგში“ ფოთის პორტის აქციების გასხვისების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების მხოლოდ ნაწილი გამოვა. ამასთან, „რაკ ჯორჯია ჰოლდინგში“ ვერ აკონკრეტებენ, რომელ საფონდო ბირჟაზე ან კონკრეტულად როდის გამოვა ფოთის პორტის აქციები.
ექსპერტთა ნაწილის განცხადებით საქართველოს პრემიერმა აზიური ტურნეს პერიოდში ფოთის პორტის გაფართოების საკითხი რამდენჯერმე ახსენა და არ არის გამორიცხული, მთავრობა პორტში შემოსაყვანად ახალ ინვესტორს უკვე ეძებდეს.
ექსპერტ შოთა მურღულიას შეფასებით, ფოთის პორტი საქართველოსთვის სტრატეგიული ობიექტია, ხოლო „რაკიასთვის“, შესაძლოა, მხოლოდ მორიგი აქტივი იყო, რომელიც მომგებიანი არ აღმოჩნდა და მისი გაყიდვაც ამიტომ გადაწყვიტა.
საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელს გული საგულეს აქვს და ამბობს, რომ „რაკიას“ გასვლა ფოთის პორტიდან პრინციპულად არაფერს ცვლის. ირაკლი მატკავას აზრით, „რაკია“ კერძო კომპანიაა, რომელიც ამ აქტივის გაყიდვით მოგებას ნახავს, ქვეყანაში კი სხვა ინვესტორი შემოვა, ფოთის პორტის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება კი საქართველოს მიმართ დაინტერესებას გაზრდის.
ფოთის მერი „რაკიას“ მიერ პორტის აქციების დათმობას ტრაგედიად არ აღიქვამს, ვახტანგ ლემონჯავას თქმით, შესაძლოა ეს პროცესი სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, ახალი მფლობელი შესაძლოა უფრო მეტად გამოცდილი იყოს ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ლემონჯავა სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხესაც ვერ ხედავს.